უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დღეის მდგომარეობით, ბელარუსში რუსეთის ძალების კონცენტრაცია საკმარისი არ არის შეტევითი ოპერაციის ჩასატარებლად

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დღეის მდგომარეობით, ბელარუსში რუსეთის ძალების კონცენტრაცია საკმარისი არ არის შეტევითი ოპერაციის ჩასატარებლად

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ბელარუსში სამხედრო სწავლებებზე კონცენტრირებული ჯარების რაოდენობა უკრაინაზე თავდასხმისთვის საკმარისი არ არის.

„ბელარუსის მხრიდან შეტევის რისკი მინიმალურია. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბელარუსის ტერიტორიაზე დაწყებულ სწავლებებს. ვსწავლობთ მონაცემებს, მათ შორის ღია წყაროებიდან. ამიტომაც ვსაუბრობ დარწმუნებით, რომ დღეის მდგომარეობით, ბელარუსში რუსეთის ძალების კონცენტრაცია საკმარისი არ არის შეტევითი ოპერაციის ჩასატარებლად“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

3 თებერვალს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა.

უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, პირველი ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში ჩავიდნენ.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.