„საიდან იცის სააკაშვილმა რას აპირებენ რუსები? აი, ამ კითხვაზეა პასუხი მისაღები“

„საიდან იცის სააკაშვილმა რას აპირებენ რუსები? აი, ამ კითხვაზეა პასუხი მისაღები“

იმის მიუხედავად, რომ საქართველო რუსეთთან საომარ მდომარეობაში იმყოფება და გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას რეგიონში, რაც ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს ხელს არ აძელვს. მიხეილ სააკაშვილი, რომლის დღის წესრიგია არასტაბილური გარემოს შექმნა, გარდა იმისა, რომ ციხის კედლებიდან ცდილობს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების შექმნას, ცდილობს გავლენა მოახდინოს ქვეყნის საგარეო იმიჯზე.

ექს-პრეზიდენტმა სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხებოდა, ტრადიციულად, პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა. ამჯერად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის.

„მე ვარ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მე მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია, სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში, ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ

მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს საქართველო-რუსეთს შორის დაძაბოს სიტუაცია, რადგან მიაჩნია, რომ თუ ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაიძაბება სიტუაცია, ის მოთხოვნადი გახდება. გოგავა თვლის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის სტრატეგული თმენის პოლიტიკა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა შედეგს არ მოიტანს და მაქსიმალურად თავს იკავებენ აგრესული რიტორიკისგან.

„ახლა ჩვენ ვაკვირდებით უკრაინაზე ორმხრივ პრესინგს ამ სცენარის რეალიზებისთვის, რომლის ალტერნატივა არის უკრაინის დაშლა ენის მიხედვით და კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. უკრაინის დაშლა, კვლევების მიხედვით, არც ერთი ენის ჯგუფს არ სურს. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მთავარი კითხვა საქართველოსთვის - გამოდგება თუ არა ეს სცენარი აფხაზეთისთვის?! პასუხი ვიცით, მაგრამ მსჯელობა მაინც საჭიროა.

აი პასუხიც - ამერიკული კარნეგის ცენტრის კვლევით, თუკი სასწორზე იქნება, ერთი მხრივ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და მეორე მხრივ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, საქართველოს მოსახლეობის 78% ტერიტორიების დაბრუნებას ირჩევს, 7%-მა არ იცის, 13% ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობისკენ იხრება. კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ ჩაატარა, ეს ორგანიზაცია წლებია NDI-ს უტარებს კვლევებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის მიზანმიმართულად ცდილობს საქართველო-რუსეთს შორის დაძაბოს სიტუაცია, რადგან მიაჩნია, რომ თუ ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაიძაბება სიტუაცია, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნადი გახდება, რაც თავისთავად არარეალურია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

სააკაშვილის განცხადებას რომ საფუძველი არ აქვს, ამის შესახებ საუბრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის შეფასებით, ამ ეტაპაზე ვერ ხედავს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ყურადღება შეიძლება საქართველოსკონ იყოს მიმართული. კონფლიქტოლოგი სააკაშვილს ურჩევს დააზუსტოს რას ეფუძნება მისი განცხადება.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არაფერს არ ეფუძნება სააკაშვილის ეს განცხადება. „ქართული ოცნების“ ფრთხილი პოლიტიკით რუსეთი ბედნიერია. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა ეს სიფრთხილე არ დაუფასოს „ქართულ ოცნებას“. სააკაშვილი საქართველოში ვერ ფლობს ვითარებას. აშკარად, სულ სხვა ვითარება გონია, გაიძახის ვადამდელი არჩევნებიო, რომ კარგი დროა ჩამოვაგდოთ „ქართული ოცნებაო“ და ამ დროს ყველამ იცის, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობ, რომ რეალობას ვერ აღიქვამს და ამიტომ აკეთებს არასწორ დასკვნებს. არ ვიცი, ვინ რას ეუბნება, მაგრამ ამ განცხადების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრსას პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ბრალდებულ სააკაშვილის მიზანია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება, რომელშიც პირდაპირ და ირიბად ერევა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ფუნქციობს.

„ხშირ შემთხვევაში, მგონია, რომ დაკვეთით მუშაობს. ერთი კითხვა მაქვს - საიდან იცის სააკაშვილმა რას აპირებენ რუსები? აი, ამ კითხვაზეა პასუხი მისაღები. მან რომ თქვას ინფორმაცია უკრაინული დაზვერვიდან მოვიპოვეო, მაშინ ჩნდება კითხვა - თუ უკრაინულმა დაზვერვამ იცის ამის შესახებ, ჩვენს ხელისუფლებას რატომ არ უთხრა? რა მეგობრობაა, მაშინ, თუ ქვეყნის ანექსია იგეგმება და არ ეუბნები? რაც შეეხება მცდელობას, ვერბალურ დონეზე ბევრჯერ მომისმენია სხვადასხვა ფორმით ამ თემის აქტუალიზაცია, მაგრამ სააკაშვილმა გაახმოვანა ის, რაც ენაზე მოადგა, როგორც იცის ხოლმე. ამ განცხადების მიზანია, მუდმივად ხაზის გასმა ხელისუფლების სისუსტეზე და მითითება, რომ აი, ხელისუფლება შემრიგებლურ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან და ამის გამო მოხდება ეს უბედურება რაზედაც მქონდა ლაპარაკიო. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, სამეგრელოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისედაც ანექსირებულია და ამას არ სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან ბევრი ლაპარაკი, ეს ფაქტია და სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ასეა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამის გაფორმება არ მოხდეს ისე, როგორც ჩაფიქრებული აქვს მოსკოვში მავანს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

რაც შეეხება სამეგრელოს ანექსიას, როგორც მამუკა არეშიძე აცხადებს, აქ ლაპარაკი არის ისეთ თემაზე, რომელიც საკმაოდ პოპულარულია რუსულ პოლიტიკურ წრეებში.

„ასეთი ნარატივი აქვთ, ისინი ქართველებად არ თვლიან მეგრელებს და სვანებს. აქედან გამომდინარე, თვლიან, რომ შეიქმნება პროცესი, რომელიც ერთმანეთს დააპირისპირებს ქართველებს და ამ ორი ეთნოჯგუფის წარმომადგენლებს. აქედან გამომდინარე მოხდება ამ ტერიტორიების დაკარგვა. სამწუხაროდ, ეს თემა ძალიან პოპულარულია რუსულ ექსპერტთა წრეებში. ჩნდება კითხვა, არის თუ არა ამის მოცემულობა და შანსი? პრინციპში, ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია მიდის, მაგრამ შედეგები დადგება თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.