სად იქნება საქართველო, თუკი დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა ახალი ალიანსის შექმნას მალე გამოაცხადებენ? რა სახის კავშირი იქნება და რა შედეგს მისცემს ჩვენს ქვეყანას, თუკი ამ „სამთა კავშირში“ გაერთიანების სურვილს გამოთქვამს? ჯერჯერბით ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. თუმცა მოულოდნელად საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოში სწორედ ამ ალიანსში გაწევრიანების შეთავაზება ჩამოიტანა და ჩვენი ხელისუფლებისგან პასუხი აინტერესებდა. მართალია, ამაზე ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, მაგრამ ქართველი ანალიტიკოსები for.ge-სთან არ გამორიცხავენ, რომ დუდას ვიზიტის მიზანი სწორედ ალიანსში გაწევრიანების შეთავაზება იყო.
BBC-ის ინფორმაციით დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა შეთანხმების დეტალების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაზე მუშაობენ. როგორც BBC იუწყება, თავდაპირველად ალიანსის გამოცხადება 31 იანვარს, უკრაინაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის ვიზიტის დროს იგეგმებოდა, თუმცა სიტუაციის ცვლილების გამო, შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს.
BBC-ის უკრაინულ სამსახურს, უკრაინის მთავრობის წყაროებმა შეატყობინეს, რომ მომდევნო კვირაში, შესაძლოა, კიევს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი ესტუმრონ. ვიზიტის შესახებ ვარშავაში ოფიციალურადაც გამოაცხადეს. მედია არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა ალიანსის გამოცხადების საკითხს უკავშირდებოდეს.
ალიანსის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს რუსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობა.
ახალ ალიანსზე ინფორმაცია საჯაროდ პირველად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა გააჟღერა, 21 იანვარს, როდესაც ის ავსტრალიას ეწვია.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ბრიტანეთი უკრაინას იარაღს სწორედ პოლონეთის გავლით აწვდიდა, რასაც ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა „საჰაერო ხიდი“ უწოდეს.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ამ „სამთა კავშირში“ შესვლა არ სურს, ამიტომაც რთულია ძალით შეყვანა. ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ჩვენმა ქვეყანამ ამის სურვილი არ გამოთქვა და გარკვეული ნაბიჯები არ გადადგა, სხვაგვარად ვერავინ ვერაფერს ვერ დაავალდებულებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა რეგიონალური პროცესებიდან განრიდებულია, რაც ძალიან ცუდია, რადგანაც მომავალში ისევ საქართველოს დააზიანებს. ეს „სამთა კავშირის“ შექმნა პირველ რიგში უკრაინის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა. სამწუხაროდ, ეს სამხედრო ბლოკი არ არის და უკრაინას სამხედრო ძალით ეს ქვეყნები ვერ დაეხმარებიან. თუმცა ესაა დეკლარილებული მხარდაჭერა, რაც ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანია.
ამით უკრაინა გრძნოობს, რომ მარტო არ არის. სამწუხაროდ 2008 წელს დასავლეთმა არაფერი გააკეთა, რომ საქართველო-რუეთის ომი თავიდან არიდებულიყო. ახლა ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, უფრო დაზღვევა უნდათ და ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს ალიანსი დასავლეთთის ქვეყნების მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელშიც ჩვენც რომ მოვიაზრებოდეთ და ვჩანდეთ, ძალიან კარგი იქნებოდა“, - ამბობს ბენდიანიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, სწორედ ამ ალიანსის შექმნას პოლონეთის პრეზდენტის ვიზიტი დაემთხვა, რომელიც საქართველოში მოულოდნელად ჩამოვიდა. კონფლიქტოლოგი დარწმუნებულია, რომ პოლონეთი საქართველოში ამბის და ჩვენი ხელისუფლების განწყობის მოსასინჯად ჩამოვიდა.
„პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ამ რეგიონალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. საქართველოსთვის ეს ალიანსი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ახლა უკრაინაზე გადის. ამიტომ ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობა საქართველოს დაცვას უფრო ეფექტურს გახდიდა. არადა რუსეთიდან საქართველოს მიმართ საფრთხე ძალიან რეალურია. მგონია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ამბის ჩამოსატანად გამოგზავნეს.
ანუ გვკითხეს ჩვენ რას ვაპირებთ და რა გეგმა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი დახურულ კარს მიღმა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ვიზიტის მიზანი სწორედ ეს „სამთა კავშირია“. თუ რუსეთს არ გავაღიზიანებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინი საქართველოზე უარს იტყვის. რუსეთი საკუთარი საშინაო დავალებით ხელმძღვანელობს და ამ დავალებაში საქართველოც არის. შესაბამისად, ყველა გზა და ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად ჩვენც მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყოთ“, - ამბობს კონფლიქტოლოგი for.ge-სთან.
ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმიტომ დაახვედრეს პოლონეთის პრეზიდენტს, რომ ის რეალურად ვერაფერს წყვეტს. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, მასპინძლის მოვალეობა მოიხადა. პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს პოზიცია აინტერესებდა ალიანსთან დაკავშირებით და ჩვენს საქმის კურსში ჩასაყენებლად ჩამოვიდა.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი კი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ამ ფორმატზე საუბარი რთულია, რადგან რაიმე კონტურები გამოკვეთილი არ არის. კანაშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ახლა ჩვენი პასიურობა ძალიან ცუდად ჩანს.
„მართალია, ამ კავშირის შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია არსებობს და არაფერი კონკრეტული არ ვიცით, მაგრამ სჯობს ჩვენმა ქვეყანამ დიპლომატიური კავშირების გამოყენებით უფრო მეტი იაქტიუროს. გადაამოწმოს რა კავშირზეა საუბარი და ინტერესი გამოთქვას. შეიძლება რაღაცასაც არკვევნ და კონტაქტებიც აქვთ, მაგრამ ღიად ამაზე ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. მართალია, არ ვიცით ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენი მხრიდან აქტიურობა ნამდვილად ღირს. საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ის, რაც დღეს უკრაინაში შესაძლოა მოხდეს, ჩვენ ეს უკვე 2008 წელს გამოვიარეთ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კავშირს თუ ალიანსს უნდა იყენებდეს, რომ ჩვენი პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურად განიხილებოდეს. მხარდაჭერას ჩვენ უნდა ვეძებდეთ, ისინი კი არ უნდა გვეხვეწებოდნენ. კი ბატონო, ლოგიკას არ არის ის აზრი მოკლებული, რომ პოლონეთის პრეზიდენტი სწორედ ამ „სამთა კავშირის“ გამო ჩამოვიდა და ჩვენი პოზიცია აინტერესებდა“,-ამბობს კანაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, საქართველოს უკრაინაში ტანკების და შეიარაღების გაგზავნას არავინ სთხოვს, რადგანაც რეალურ საფრთხეს ატარებს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც ბრიტანეთი და ბალტიისპირეთი აკეთებს. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი და მხარდაჭერის იქ გამოხატვა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. ასეთი მომენტები ყევლას ამახსოვრდება და ახლა სადაც უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავენ, საქართველოს იქვე უნდა ახსენონ. სხვაგვარად არავინ არ იცის, მსოფლიოში მოვლენები როგორ განვითარდება.
„ჩვენი ხელსიუფლება რასაც აკეთებს, გასაგებია. უბრალოდ, ამაში რაღაცა რაციონალური მარცვალი არის. თუმცა არგაღიზიანების პოლიტიკასა და სრულ სიჩუმეს შორის განსხვავებაა. არ მგონია უკრაინელები ჩვენგან რაიმე განსაკუთრებულ ამბავს ითხოვდნენ. რუსეთს მიზეზი არ სჭირდება იმისთვის, რომ ან საქართველოში ან კიდევ უკრაინაში შეიჭრას. არც ერთი ქვეყანა არც უკრაინაში შეჰყავდათ და არც იარაღს აწვდიდა ვინმე, მაგრამ ამის მიუხედავად, პუტინს რაც სურს იმას აკეთებს. კი ბატონო, მეც არ ვარ მომხრე, რომ მტერი გავაღიზიანოთ და ვუჩიჩხინოთ, მაგრამ არც იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, თუ ფეხებში არ მოვედებით, ვინმე დაგვიფასებს. უბრალოდ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ამ რეგიონალურ პოლიტიკას ფეხი ავუწყოთ. გეოგრაფიულად ხომ ვერსად გავქრებით? რამდენიც გინდა დავიმალოთ, რუკაზე ხომ ვართ“, - ამბობს კანაშვილი for.ge-სთან.