„თუ უკრაინაში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ეს ავტომატურად საქართველოზეც გავრცელდება“, - ასე შეაფასა ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესაძლებლობა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრა პოლიტიკური, ჰუმანიტარული და რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა იქნება. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, „ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომელის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ვითარება აბსოლუტურად კრიტიკულია“. როგორ შეაფასებთ ბორის ჯონსონის განცხადებას და თქვენი აზრით, რუსეთის ერთგვარ გეგმაში, უკრაინის შემდეგ შესაძლოა თუ არა საქართველო იდგეს?
- თუ უკრაინაში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ეს ავტომატურად საქართველოზეც გავრცელდება. ამას თავისი სამწუხარო საფუძველი აქვს. რუსეთის პირველი პრინციპი იყო, რომ საქართველო და უკრაინა არ უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები, ამასთან მათ ტერიტორიებზე არ უნდა განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ქმედება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს, - კიბერშეტევა, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი და ა.შ. ესეც ბუნებრივია და ეხება ჩვენს მიმართულებასაც.
ყველა იმას აქცევს ყურადღებას, რომ მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო ძალის მობილიზაცია, თუმცა, ანალოგიურად, ჩვენ საზღვართანაც არის განთავსებული სამხედრო კონტიგენტი და ოკუპირებულ რეგიონში გააქტიურებულია რუსეთის სამხედრო მანქანა. უკვე იწყებენ სანგრების გათხრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მცოცავ ოკუპაციას წევენ სტრატეგიულ მაგისტრალით - თბილისი-გორის ყველაზე ახლო მიმართულებით.
საქართველოს წინააღმდეგ მიდის გამალებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი, პრორუსული პარტიები ოფიციალურად იქმნება. უკვე ცხადია, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიაზრება. ვფიქრობ, ბორის ჯონსონის ეს განცხადება სავსებით ლოგიკურად ჟღერს და ჯდება პროცესების განვითარების იმ სფეროში, რომელიც ახლა ვითარდება, თუნდაც უკრაინასთნ დაკავშირებით.
როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში სიტყვა რუსეთი ნახსენები არ არის, ხომ არ აიხსნება იმით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეული ინფორმაცია აქვთ აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით?
- საქართველო უკვე გასცდა არგაღიზინების საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენ უკვე გადავედით დაშოშმინების საგარეო პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც საქართველო აწარმოებს უკრაინის მიმართულებით. შეიძლება ამას ჰქონდეს თავისი ლოგიკური არსი.
დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და არ გამოიწვიოს ის, რაც 2008 წელს მოხდა - ხელმეორე ოკუპაციის მსხვერპლი არ გახდეს საქართველო, მაგრამ დღეს სიტუაცია ისეთ დონეზეა, რომ დათვის ბრჭყლებში ჩვენც მოვყვებით. რეზოლუციაში ჩაიწერებოდა თუ არა რუსეთის ფედერაცია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჯობდა ჩაწერილიყო, ან საერთოდ არ მიღებულიყო ასეთი რეზულუცია.
ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდება, თუ უკრაინაში რაიმე სახის შეჭრა მოხდება. ამასთან, აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში უკრაინელები რუსებს „გაუწევენ სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას“. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდება, მზად ვართ ომისთვის?
- უკრაინა საქართველო არ არის. ამხელა ტერიტორიაა უკრაინა და ამხელა გეოსტრატეგიული მდებარეობა უკავია და უკრაინაში შეჭრა ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს საზღვარზე ხდება გაშლა. რუსეთი მუშტს უღერებს არა მარტო უკრაინას, არამედ ლიეტუვას და ლატვიასაც. შესაბამისად, მასშტაბებიც იდენტურია.
ჩვენთან შეიძლება 58-ე არმია აამოქმედოს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც არის, ისიც ეყოს საქართველოს. ამასთან, საქართველოს და უკრაინის მოსახლეობაში არის განსხვავებული განწყობები, - უფრო მეტი სულისკვეთება და პატრიოტიზმია ჩვენგან განსხვავებით.