საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, „ნაცებს“ „მარტივი გასეირნება“ არ ელით“, „ოცნება“, სავარაუდოდ, ყველა ინფორმაციას გაასაჯაროებს

საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, „ნაცებს“ „მარტივი გასეირნება“ არ ელით“, „ოცნება“, სავარაუდოდ, ყველა ინფორმაციას გაასაჯაროებს

ამ ეტაპზე უმრავლესობაში არ უმსჯელიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ არ ფიქრობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია. უბრალოდ, მსგავსი კომისია თუ მაინც შეიქმნება, მმართველი გუნდი მასში მონაწილეობას მხოლოდ იმიტომ მიიღებს, რომ საზოგადოებას სიმართლე და სააკაშვილის რეალური სახე დაანახოს.

ამ პასუხის მიუხედავად, „ნაცმოძრაობა“ დაჟინებით მოითხოვს რუსთავის დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რადიკალურ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის უნდა, ეს ინსტრუმენტი პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნისთვის გამოიყენოს.

მამუკა მდინარაძე არ აპირებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ „სისულელეში შეჰყვეს“. მდინარაძე თვლის, რომ სააკაშვილის წამება არ მომხდარა და ეს სისულელეა, მაგრამ, თუ „ნაცები“ კომისიას მაინც შექმნიან, მათ არ უნდა ეგონოთ, რომ კომისიაში „მარტივი გასეირნება“ მოუწევთ, ვინაიდან მმართველი გუნდი სიმართლის დადგენისთვის ყველაფერს გააკეთებს. მით უმეტეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის ხელოვნურად „დასამძიმებლად“ მისმა მომხრეებმა უამრავი რამ მოიგონეს, მათ შორის, უცნაური ტერმინი - „ფარმაკოლოგიური წამება“.

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეწინააღმდეგება, თუ ეს ობიექტური მოცემულობითაა განსაზღვრული. სააკაშვილთან მიმართებით კი ობიექტური მოცემულობა არ ჩანს, მის მიმართ ათასგვარი ინსინუაციები ვრცელდება, ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირასაა მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს. არადა, რეალობა სხვაგვარია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია გაკვირვებულია, რადგან თავის დროზე „ნაცმოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას ეძახდა კოლაბორაციონიზმს და დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში ქმნიან ამ კომისიას?! ბოკერიას აზრით, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ე.ი. საზოგადოებას პატივს არ სცემ.

ფრაქცია „ნაცმოძრაობა-ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ პროცედურულ ომს გამოუცხადებს საგამოძიებო კომისიას, რათა სააკაშვილის მიმართ ღირსებაშემლახავი და არაადამიანური მოპყრობა არ დადასტურდეს. თუმცა დეკანოიძე ამბობს, რომ კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმა გროვდება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით, მოაგროვებს თუ არა ოპოზიცია საკმარისი რაოდენობის ხმებს სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად. ანალიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა, ამ კომისიის საქმიანობაში ჩაერთოს, რათა საზოგადოებას დაანახოს სიმართლე. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელთ გააჩნია ის ინფორმაცია, რომელსაც ის, ალბათ, გაასაჯაროვებს კომისიის შექმნის შემთხვევაში.

„სავარაუდოდ, ეს მასალები დაარწმუნებს საზოგადოებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ სააკაშვილის მიმართ არანაირი ნორმები და კანონმდებლობა არ დარღვეულა. სხვათა შორის, ეს პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნასაც, რომელიც, ჩემი აზრით, უკიდურესად სუბიექტური იყო. ამიტომაც გაუშვეს ლონდა თოლორაია სახლში, რადგან ის დასკვნა, რაც მან დადო სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანისა და ცნობილ კადრებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ტოვებდა ეჭვს, რომ ლონდა თოლორაია არ იყო ობიექტური და იყო მიკერძოებული. შესაბამისად, მისი გაჩერება იმ თანამდებობაზე ახალი პრობლემების წყარო იქნებოდა „ოცნებისთვის“ და ამიტომაც გაუშვეს. თუ არ ვცდები, ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, თუ არ ეყოთ ხმები, ჩვენს ხმებსაც დავუმატებთო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიის შექმნაში, რომ ყველას დავანახოთ სიმართლეო. ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ის ინფორმაცია, ის მონაცემები, რომლებიც საზოგადოებას დაანახებს, რომ სააკაშვილთან მიმართებით ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებით ხშირად სპეკულირებს რადიკალური ოპოზიცია. სინამდვილეში, როდესაც პატიმარი არ გემორჩილება, ბადრაგი ხანდახან იძულებულია, ხისტ ზომებს მიმართოს, რაც კანონის დარღვევა არ არის.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭიროა, თუმცა, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ეს კომისია არ შეიქმნას, რადგან მათ არ აწყობთ ასეთი კომისიის შექმნა.

„საგამოძიებო კომისიებში ამ კომისიის შემადგენლობის უმრავლესობას შეადგენენ ოპოზიციური პარტიის წევრები. ამიტომაც მმართველი პარტია არ იქნება დაინტერესებული საგამოძიებო კომისიის შექმნით. ისინი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგებიან მის არსებობას“ - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

 

 

 

გიორგი ბერძულიშვილი ჩიტაძეს ვინც ანალიტიკოსი დაარქვა, ჩიტაძეზე მეტი ანალიტიკოსია.
2 წლის უკან