ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა

ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ემანუელ მაკრონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდება.

1-ელ თებერვალს, უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.