რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები საერთაშორისო ურთიერთობებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები საერთაშორისო ურთიერთობებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი საერთაშორისო ურთიერთობებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმდერ პუტინი პეკინში ვიზიტით ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა გამართა.

რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში მხარეები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან ცალკე სახელმწიფოების მიერ სხვა ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით დემოკრატიის ცნების გამოყენებას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების ჩამოყალიბებას.

„მხარეები მიიჩნევენ, რომ ცალკე სახელმწიფოების, სამხედრო-პოლიტიკური კავშირების ან კოალიციების მიზანია, პირდაპირ ან ირიბად მიიღონ ცალმხრივი სამხედრო უპირატესობა სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე, რითაც სერიოზულად უთხრიან ძირს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში ჩამოყალიბებულ წესრიგს. მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატოს შემდგომ გაფართოებას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებენ, უარი თქვას „ცივი ომის“ პერიოდის იდეოლოგიზირებულ მიდგომებზე და პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს“, - ნათქვამია ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობა უსაზღვროა, ხოლო თანამშრომლობაში აკრძალული ზონები არ არსებობს.

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ასევე აღნიშნავენ, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკური სტრუქტურებისა და ბანაკების შექმნას ეწინააღმდეგებიან.

„მხარეები სერიოზულად შეშფოთებულნი არიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ უსაფრთხოების სფეროში სამმხრივი პარტნიორობის შექმნის გამო, რაც აღნიშნული პარტნიორობის მხარეებს შორის ისეთ სფეროებში ითვალისწინებს თანამშრომლობას, რომელიც სტრატეგიულ სტაბილურობას ეხება“, - აღნიშნულია განცხადებაში.