რუსი ოპოზიციონერი, რომელიც თბილისში უკრაინიდან ჩამოფრინდა, თბილისში არ შემოუშვეს. დიმიტრი გუდკოვი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება მისი კიევში დეპორტაციის შესახებ და თვლის, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ თბილისში ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, მაგრამ ვისი მოწვევით, ამას შესახებ არ საუბრობს. თუ ოპოზიციის აღშფოთებას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ რუსი ოპოზიციონერი თბილისში ქართული ოპოზიციის მოწვევით ჩამოფრინდა.
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ იმართება მოსკოვის შესაბამისი სამსახურებიდან და ამ მოტივით არ შემოუშვეს გუდკოვი ქვეყანაში. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვისაც შამილ ბასაევი გმირი ჰგონია და ქართველთა ჟლეტა და გენოციდი კარგ ამბად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტში იმათი ფეხი არ უნდა იყოს.
„მე ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს, თავისუფლად, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების თავშესაფარი, მაგრამ ვინც აფხაზეთს აღიარებს და ვისაც შამილ ბასაევი გმირი ჰგონია და ვლადისლავ არძინბა, და ქართველთა ჟლეტა და გენოციდი კარგ ამბად მიაჩნია, იმათი ფეხი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხებს დიმიტრი გუდკოვს, 2007 წელს, როდესაც იგი რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, გუდკოვი ხელს აწერდა რუსეთის მოქმედი ახალგაზრდული პარტიის სახელით ხელშეკრულებასა და მემორანდუმს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და თავის ღია მხარდაჭერას გამოხატავდა აფხაზეთის შემდგომი აღიარებისა და დამოუკიდებლობის კუთხით.
პირველ რიგში, დიმიტრი გუდკოვი რომ კანონის დამრღვევია და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ იყო მისი საზღვარზე არშემოშვება აბსოლუტურად კანონიერი და ეს ოპოზიციისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ტრადიციულად არ იმჩნევენ გუდკოვის ვიზიტს აფხაზეთში. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში გუდკოვის არშემოშვების გამო აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს.
„როდესაც საუბარია ალექსეი ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების შემოშვება-არშემოშვებაზე, მინდა გაგახსენოთ, რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წელს? როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ წარსულში, საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციაზე, თავის დროზე, ვის რა აქვს ნათქვამი. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ყველას მოვუწოდებდი, თავდაპირველად საქართველოს ინტერესები გაითვალისწინონ.
ნებისმიერი ადამიანის ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების საკითხზე გადაწვეტილებას შესაბამისი სტრუქტურები იღებენ - ეს არის შს სამინისტრო, ხოლო სპეციფიკურ შემთხვევებში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დღის ბოლოს უპასუხა დეპორტირებულმა „სტუმარმა“. დიმიტრი გუდკოვი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო აფხაზეთსა და ცხინვალში ერთხელაც აღარ ყოფილა - რაც შეეხება ნავალნის, ამბობს, რომ მას ჰქვია დიმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი.
„არშემოშვების მიზეზად ორი არგუმენტი დაასახელეს. პირველი, ეს იყო, რომ ვიყავი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. მეორე, იმიტომ რომ ნავალნიმ ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა 2008 წელს. რასაც ვპასუხობ: აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ.
გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი - როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო. მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, საჭიროა კიდევ არაერთი რიტუალური ჟესტი მოახლოებული არჩევნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. მძულს პუტინის წინაშე მსახურებისკენ მისწრაფება და ტყუილი. ორივე ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“, - აღნიშნავს დიმიტრი გუდკოვი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, გუდკოვის საქართველოში ჩამოსვლა მიზნად ისახავდა მორიგ პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია არის რუსეთის მოკავშირე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს.
„რუსული პოლიტიკის გამტარებელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მარიონეტებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს თვითლუსტრირება. რამდენიმე დღის წინ, საქართველომ არ შემოუშვა რუსი ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი. სააკაშვილის სექტამ დაიწყო ფსევდოპატრიოტული სენტიმენტების გავრცელება, რომ „ქართული ოცნება“ „პრორუსულია“ და „თავისუფალ რუს“ პოლიტიკოსებს არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში. დასანანია, რომ დამოუკიდებელ მედიაზე პრეტენზიების მქონე (ნაცტელევიზიების არ ვგულისხმობ) ზოგიერთ ჟურნალისტს უჭირს ინტერნეტში ამა თუ იმ პიროვნებასა თუ მოვლენაზე ინფორმაციის მოპოვება“, - აცხადებს გია აბაშიძე.
მისი თქმით, დიმიტრი გუდკოვი ჯერ კიდევ 2007 წელს ითხოვდა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და მან არაერთხელ დაარღვია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.
„რა უნდოდა გუდკოვს თბილისში? - მორიგი პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით. ფაქტია, რომ საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია არის რუსეთის მოკავშირე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს“, - ამბობს გია აბაშიძე.
"დიმიტრი გუდკოვი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო აფხაზეთსა და ცხინვალში ერთხელაც აღარ ყოფილა"