საერთაშორისო ბაზარზე არსებული უმძიმესი ვითარება საქართველოზეც ახდენს გავლენას. საქმე ეხება ნავთობპროდუქტების ფასის ზრდას, რომელმაც მსოფლიოში უკონტროლო სახე მიიღო. ყველა იმპორტიორი ქვეყანა და მათ შორის, საქართველო მძიმე რეალობის წინაშეა.
ეკონომისტების პროგნოზებით, თებერვლის ბოლოსთვის ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი საქართველოში, სავარაუდოდ, 4 ლარი იქნება. ასეთი ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებასთან და იმ მაღალ გადასახადებთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმპორტიორი ქვეყნები იხდიან.
შექმნილი დრამატული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკონომისტებმა და „ფეისბუქ-ჯგუფის“ „უარი საწვავის ფასებს“ წევრებმა პარლამენტში მმართველ გუნდთან შეხვედრაც გამართეს. ისინი ხელისუფლებას სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას და ფასების დარეგულირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.
ამასობაში ქვეყანაში ნავთობპროდუქტები ძვირდება. მიმდინარე კვირაში ბენზიგასამართი სადგურები საწვავს ახალი ტარიფით, ანუ 5-10 თეთრით ძვირად გაყიდიან. არ არის გამორიცხული, საწვავზე ფასი კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს.
საქართველოში ნავთობპროდუქტების შემომტანი კომპანიები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ, რადგან საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საწვავის ფასის შეკავება შეუძლებელი და გარდაუვალია.
ის, რომ საწვავზე ფასების მატება მოხდება, ადასტურებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
„ეს გარდაუვალი პროცესია. პროგნოზები ფასთან დაკავშირებით უფრო იხრება პესიმისტური სცენარისკენ, ანუ ფასი შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს. თუნდაც იმ ფონზე, როდესაც რუსეთი-უკრაინას შორის არსებობს ასეთი დაძაბული ფონი. ახალი პროდუქტი ახალი ფასით შემოდის. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ სამწუხარო რეალობას, როდესაც რიგ ოპერატორ კომპანიაებს მოუწევთ ფასების კორექტირება მატებისკენ“, - განაცხადა მთვრალაშვილმა, რომელიც უარყოფს, რომ ნახტომისებურ მატებას ექნება ადგილი.
„ფასის ზრდა, საშუალოდ, 3-5 თეთრით ხდება, მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოცულობით მოხდება საწვავზე გაძვირება. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ვითარება ნამდვილად არ არის ოპტიმისტური, დღესდღეობით ფასების მატება გარდაუვალია“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.
ამგვარ არასახარბიელო პროგნოზს ეთანხმებიან ბიზნესოპერატორებიც. მათი ინფომარციით, საწვავის ფასი არაბრენდირებულ სადგურებზეც გაიზრდება და მატება 10 თეთრი იქნება. კომპანია „ბიოილის“ გენერალური დირექტორის რუსუდან რამაზაშვილის ინფორმარციით, მათ ბენზინგასამართ სადგურებზე, „რეგულარის“ მარკის საწვავი 2 ლარი 75 თეთრი ღირს, თუმცა საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით ღირებულების შემდეგომი ზრდა გარდაუვალია.
„ჩვენს შემთხვევაში საწვავის ღირებულებაზე გავლენას ახდენს საერთაშორისო ფასები და ლარის კურსი. ლარი ამ ეტაპზე ნამდვილად არის გამყარებული. შესაბამისად, საწვავის ფასის კლების მიმართულებით, ეფექტის მოცემა მხოლოდ აქციზის განაკვეთის შეცვლას შეუძლია და ეს ეფექტი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 30-თეთრიანი ერთ ლიტრზე“, - განაცხადა რამაზაშვილმა.
მართლაც, ერთი მხრივ, საქართველოში საწვავის გაძვირებას მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა იწვევს, ხოლო მეორე მხრივ, ამაზე გავლენა მთავრობის მიერ აქციზის გადასახადის შემცირებაზე უარიც ახდენს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა დათმობაზე არ წავა, ახლო მომავალში საწვავი შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს.