პეტრო პოროშენკო: ანგელა მერკელი უკრაინის მფარველი ანგელოზი იყო

პეტრო პოროშენკო: ანგელა მერკელი უკრაინის მფარველი ანგელოზი იყო

უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 2005-2021 წლებში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს კიევისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინის მფარველი ანგელოზი უწოდა. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„გერმანია და ანგელა მერკელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკრაინისთვის მფარველი ანგელოზები იყვნენ. ანგელა მერკელის მხარდაჭერისა და გერმანიის წამყვანი როლის დამსახურებით ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელსაც მე 2014 წელს მოვაწერე ხელი“, - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინის საზღვართან შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ბერლინმა კიევს დახმარება გაუწიოს, ვინაიდან უკრაინის მხარდაჭერა გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციას წარმოადგენს.