ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ბელარუსის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მოძრაობა დაფიქსირდა. ცივი ომის შემდეგ, ეს ბელარუსში რუსეთის ძალების ყველაზე დიდი განლაგებაა. საუბარია 30 000 ჯარისკაცზე, სპეცდანიშნულების ძალებზე, გამანადგურებლებზე, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემებსა და С-400-ზე. ანუ, თანამედროვე რუსული შეიარაღების ფართო სპექტრს ვხედავთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
2 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში დამატებით ძალებს მალე გააგზავნის. ჯონ კირბის თქმით, გერმანიაში დისლოცირებულ 1 000 ამერიკელ სამხედროს უახლოეს დღეებში რუმინეთში გადაიყვანენ, ხოლო აშშ-დან ევროპაში კი 2 000 ჯარისკაცს გააგზავნიან, რომლებიც პოლონეთსა და გერმანიაში განლაგდებიან.