პარლამენტში მეორედ დაბრუნებული და რამდენჯერმე პირობის გამტეხი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა საკონსტიტუციო ორგანოს საკუთარი ბელადის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გასატარებლად გამოიყენებს. ზარზეიმით წასული ენმ პარლამენტში ისევ ზარზეიმით ბრუნდება და ახლა სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტში ინიციატივა უკვე დაარეგისტრირა.
პარტიაში აცხადებენ, რომ პარტნიორ ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ და მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნის რესურსი არსებობს.
„საგამოძიებო კომისიის მიზანია, დაადგინოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირესებაშემლახავი მოპყრობის ყველა ის შესაძლო ფაქტი, რომელიც არსებობდა და ეს ფაქტები საზოგადოებამ იხილა. მთავარი შედეგი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი საჯაროობა და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომელიც მონაწილეობდა სახელმწიფოს და ხელისუფლების სახელით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ლელო - საქართველოსთვის“ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და მის მუშაობაში ჩაერთვება.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, პარლამენტში სხვადასხვა საკითხზე საგამოძიებო კომისიების ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ, რათა სიმართლე დადგინდეს.
„საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ. რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაა და მიგვაჩნია, რომ პარლამენტში ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა დადგინდეს სინამდვილე და ამავდროულად გამოიკვეთონ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დანაშაული მიუძღოდეთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს პარტია „გირჩი“.
„ჩვენი კოლეგების ნებისმიერ ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელი კოლეგაც არ უნდა იყოს, ვუჭერთ მხარს, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში როცა დაგვჭირდება ასეთი საგამოძიებო კომისია, ჩვენც დაგვიჭირონ მხარი.
მოცემულ სიტუაციაში მე ვურჩევდი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით შექმნას კომისია და არა იმაზე, ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანისას გზაში რა ხდებოდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „მოქალაქეები“ კი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.
ალეკო ელისაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიები სოციალურ საკითხებზე უნდა შექმნან და არა ძალით გაბუქებულ თემებზე. მისი თქმით, ეს ენერგიის ამაო ხარჯვა იქნება.
„ჩვენ არ ვუჭერთ ამ კომისიის შექმნას მხარს და არც მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ეს იქნება ამაო ენერგიის და დროის ხარჯვა. წამება და გაბუქება, რომ არიქა, სააკაშვილს სული ამოხადეს და ამაზე სამი თვე ვხარჯოთ, იქნება დროის კარგვა. ჯობია, ეს სამი თვე მოვახმაროთ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ნამდვილად აწუხებს ხალხს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, მის მუშაობაში მმართველი პარტიაც ჩაერთვება.
ამასთან, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი ძალა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ თვლიან, ამის გაკეთების საშუალება აქვთ. თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ.
ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, ამას მეტი მიზანი არ გააჩნია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, როომ ახლა „ნაციოანლურ მოძრაობას“ რეიტინგის დაცემის გამო, გარკვეული ილუზია უნდა შექმნას, თითქოს პარლამენტში რაღაცა საქმიანობით არის დაკავებული. ამიტომ მუდმივად უნდათ, რომ თავიანთი ბელადის თემა დღის წესრიგში იყოს, მედიაში მაინც შუქდებოდეს და ამისთვის ნებისმიერ ტრიბუნას გამოიყენებენ.
„ე.წ. შიმშილობის და ცუდად ყოფნის თემამ ვერ გაჭრა, მათსავე ამომრჩეველში სააკაშვილის და პარტიის მიმართ დიდი იმედგაცრუება გაჩნდა. ამიტომ ახლა რაღაცით ყურადღების მიქცევა უნდათ. ვითომ საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდათ და მერე რა? ამით ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ თუ სააკაშვილის მიმართ გრძნობებს გაუჩენენ? ან ის ოპოზიცია, რომელიც ამ კომისიის მხარდაჭერას აპირებს, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აღარ ენდობა? არადა რომ ჰკითხო, ამ პარტიებს თავი პროდასავლურად მოაქვთ. სამარცხვინოა, რადგანაც ეს ადამიანები დეკლარილებულად რუსული საქმის მკეთებლები არიან და სააკაშვილის დღის წესრიგით მოქმედებენ. როცა მთელი მსოფლიო უკრაინაში ომის თავიდან აცილებაზე საუბრობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინაში ომის გაჩაღება სურს. ძალიან კარგია ეს პარტია ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდება, ასეთი დესტურქციული ძალა ჩვენი ხალხისთვის მიუღებელია“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, სააკაშვილის ქვეყანაში ქურდულად შემოპარვამ, მისსავე ამომრჩეველში ბელადის მიმართ ანტიპათია გააჩინა. ამიტომ ენმ ახლა იძულებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ინტერეს და რეიტინგდაკარგული სააკაშვილი ისევ ყურადღების ცენტრში დაბრუნდეს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ კომისია რომც შედგეს და რა დასკვნაც არ უნდა დადოს, მას არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სააკაშვილი უკვე საინტერესო აღარ არის.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემურ ალასანიასგან ერთი შენიშვნა უკვე მიიღო და უთხრეს, რომ მათ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შეუძლებელი არ გააკეთეს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ საყვედურებს, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგი მოჰყვა. ამიტომ მათთვის შეიძლება ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საყვედური უკვე მიიღო და ეშინიათ ამ საყვედურებს უკვე კონკრეტული ქმედება მოჰყვება. ახლა ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ სააკაშვილის თემა კვლავ აქტუალური იყოს. შეიძლება ამ ფონზე საპარლამენტო მექანიზმის ამოქმედება უფრო საჭიროდ ჩათვალეს. ხალხი ქუჩაში არ გამოდის, სააკაშვილის პატიმრობის და გათავისუფლების თემამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა. მოსახლეობას ძალიან ბევრი სხვა პრობლემა აქვს, ამიტომ მისი ციხეში ყოფნა-არყოფნა მეორეხარისხოვანია.
„ენმ“ საკუთარი ელექტორატისთვისაც ჩვენებას ცდილობს, რომ საქმის კეთება დაიწყეს. რეიტინგი საკმაოდ დაუვარდათ, ამიტომ გამოსავლის ძიებაში არიან. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე ამ კომისიის დასკვნას, ის საგარეო ტალღა, რაც ადრე იყო ხოლმე და რომლის აგორებასაც „ნაციონალები“ ახერხებდნენ, დღეს ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ამის მიზეზი შეიძლება უკრაინის კრიზისიც იყოს, რადგან ახლა სააკაშვილისთვის არავის სცალია. თუმცა ეს კრიზისიც რომ არ ყოფილიყო, არ მგონია სააკაშვილის პატიმრობის თემა დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
(ისტორიის გაკვეთილი მომავლიდან)
მე თქვენ მოგიყვებთ ისეთ ქვეყანაზე,
ერთ დროს რომ ცხოვრობდა ხალხი,
თურმე, ჩახუტება ჰქონდათ ჩვეულებად
ყველას, მომღიმარი სახით.
მოყვასს პირზე კოცნით, თურმე ხვდებოდნენ და
თვლიდნენ ღვთის გზავნილად სტუმარს,
დღესასწაულებსაც ერთად უმღეროდნენ,
ვერავის ნახავდით მდუმარს.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
ყველას რომ უყვარდა ცეკვა,
ისეთ სკოლებზე და ისეთ გაკვეთილზე,
ზარის რომ ისმოდა რეკვა ...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ეზოებზე,
სადაც მეზობლობა ქუხდა,
ეზოს შეფენილი გოგო-ბიჭებისგან
რწმენა და სიცოცხლე დუღდა.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ თამაშებზე,
ბურთით ერთობოდნენ სადაც,
დაჭერობანას და დამალობანაზე,
ორდროშობანაზე, ანდაც...
ვიცი, ზღაპარსა ჰგავს, უნდა დამიჯეროთ,
თურმე, სამჯერ ჭამდნენ დღეში,
იცით? მდინარეში თევზი დაცურავდა,
ჩიტი დაფრინავდა ტყეში...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მზე რომ ანათებდა მისით,
წყაროს წყალი ჰქონდათ, თურმე, დასალევად
ზღვაზე ბანაობდნენ დღისით.
ღამით სეირნობდნენ, თურმე, მთვარის შუქზე,
სუფრას უმშვენებდათ ღვინო,
იცით? საოცრებად სულაც არა თვლიდნენ
დავითს თუ უყვარდა ნინო.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ სიყვარულზე,
კონტრაქტს რომ არ დებდა არვინ,
უფალს დიდებაო - ასე იძახოდნენ,
ბოლოს ამატებდნენ - ამინ...
ნეფეს მიჰყვებოდა, თურმე, მაყრიონი
ტაძარს უწოდებდნენ ღვთის სახლს,
დაე, ფერფლად მექცეს მთელი გალაქტიკა
თუკი, ვამატებდე მისხალს.
ჰოდა, მოგიყვებით ისეთ რაინდებზე,
ადგილს რომ უთმობდნენ ქალებს,
იცით? არშიყობას, თურმე, უწოდებდნენ
ვნებით გაკვესებულ თვალებს...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მიწას რომ ეძახდნენ მამულს,
იცით? გულში ჰქონდათ, თურმე, სიბრალულიც
მხარში უდგებოდნენ ჩაგრულს...
გული რა არის და ერთ დროს მარცხნივ გვქონდა
რაღაც... დრაივერის მსგავსი,
მერე აღმოჩნდა, რომ გახდა უსარგებლო,
როგორც ემოციის გარსი...
ჰოდა, ამ ქვეყანას საქართველო ერქვა
ქვაზე ეწერაო ქოლოსს...
რა მოუვიდა და ერთმანეთის ჯიბრის
ბოღმამ შეიწირა ბოლოს.
09.12.2020 წ. ირაკლი ნადარეიშვილი
ქოლოსი —ქოლოსის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი რაჭა ლეჩხუმში. (შქმერის თემის სოფელ ხარისთვალთან).
გული მწყდება რომ ჩვენმა შვილებმა ვერა ნახეს ეს ყველაფერი