აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო. 26 იანვარს აშშ-მა და ნატო-მ რუსეთს მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები გადასცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საჯაროდ ისაუბრეს დოკუმენტის ძირითად დებულებებზე და განაცხადეს, რომ დასავლეთი არ წასულა დათმობებზე რუსეთის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება უნდა შეჩერდეს.
თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ს და ნატოს წერილობით პასუხებში რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ მისი თქმით, აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები იგნორირებული იყო.
„უკვე ნათელია, მე ვაცნობე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება. რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა - ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება. ნატოს ჰქონდა დაპირება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა არც ერთი ინჩით. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი. მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს“, - განაცხადა ვადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, გამოცემა „El Pais“ აშშ-სა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები, სადაც აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ნატო-ს მიერ გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ ერთგული რჩება იმ ფუნდამენტური პრინციპების და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. გარდა ამისა, ალიანსის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების მუქარისგან.
„ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ და შეცვალონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამ ფონზე, ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორ დასრულდება ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება, ამ ეტაპაზე რთული სათქმელია. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთი მიზანმიმართულად ქმნის სცენარს, რომელიც რუსეთის ომში ჩათრევაა. როგორი იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, ამის შესახებ ერთიანი პოზიცია არ აქვს დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ლიდერი უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში მოქმედების დასაწყებად.
ფრანგი დიპლომატისგან განსხვავევით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოების რუკის თავიდან დახაზვას ცდილობს.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხის თავზე იარაღით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს დაშალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა.
პრემიერის თქმით, კრიზისი უკრაინაზე უფრო დიდს ეხება.
„ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომელის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ვითარება აბსოლუტურად კრიტიკულია“, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტად მყოფმა, ბორის ჯონსონმა.
მოლაპარაკების პროცესში ერთვება თურქეთი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უკრაინაში დღეს იწყება. მაშ ასე, უკრაინაში პოლიტიკური სტუმრიანობა გრძელდება. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში იმყოფება როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, თუ საჭირო იქნება საქართველოს დელეგაცია ჩავა უკრაინაში.
პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის თამარ კიკნაძის შეფასებით, დაპირისპირების მიუხედავად, მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო, რომელსაც როგორც ხილული, ასევე ფარული მხარე აქვს. პოლიტოლოგის შეფასებით, შემთხვევითი არ იყო ამერიკული მხარის თხოვნა, რომ არ გასაჯაროვებული იყო შეთანხმების შინაარსი, რომელსაც თავისი მიზეზები ჰქონდა.
„უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც ითქმევა ხმამაღლა, არ ნიშნავს, რომ არის სიმართლე. ახლა მიმდინარეობს ვაჭრობა. ვფიქრობ, რომ ორივე მხარე რაღაცა დათმობებზე წავა და შეჯერდებიან საერთო აზრზე. ვინც დასავლეთის პოლიტიკა იცის, დამეთანხმება, რომ ეს არის ძალიან დახვეწილი პოლიტიკა, როდესაც ისინი პირდაპირ არ იტყვიან რას აკეთებენ. მაგალითად, გეუბნებიან, რომ ნატო-ს კარები ღია არისო, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს შორის არ არის პოზიციის თანხმობა ერთიანი პოზიციის შესახებ - იგივე საფრანგეთი, გერემანია, აგერ ხორვატია.
როდესაც ასეთი თანხმობა არ არის, ეს ნიშნავს, რომ ნატოში მიღებაც არ მოხდება და რუსეთის ფაქტორი არის გასათვალისწინებელი და გაითვალისწინებენ კიდევაც. არ მოხდება გაფართოება და ამაზე ღიად არის უკვე ლაპარაკი. შენ გეუბნებიან, რომ ნატო-ს კარები ღიაა, მაგრამ გეუბნებიან, რომ დემოკრატიული პროცესები უნდა განავითარო, ინსტიტუტები უნდა ააშენო და ა.შ. პირდაპირ არავინ გეუბნება, რომ შენ არ მიგიღებენ. პოლიტიკური კონიუნქტურაა ასეთი - ყველა უფრთხილდება რუსეთთან ურთიერთობებს და ღია გამწვავებაზე არ მიდიან“, - აცხადებს თამარ კიკნაძემ.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ვითარება რთულია, მაგრამ დაწყებულია მოლაპარაკების პროცესი, რომელიც დროში გაწერილია, თუმცა თვლის, რომ ეს მოლაპარაკებები შეთანხმებამდე მივა და შეთანხმების ნაწილი იქნება სწორედ მსოფლიო გადანაწილება და ახალი წესრიგის ფორმირება.
„ეს იქნება შედეგი, რაც ძალიან კარგი იქნება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მათ შორის განხეთქილების ვაშლი. სააკაშვილმა დესტრუქციული ფუნქცია მოგვანიჭა, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ვართ რუსეთის გამღიზიანებელი ქვეყანა, მაგრამ ამ გაღიზიანების პროცესში ჩვენ თვითონ ვზარალდებით. დღესაც, „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვიწოდებს, რომ თურმე უნდა ვებრძოლოთ რუსეთს და უკრაინაზე უფრო მკვეთრი განცხადებები უნდა გავაკეთოთ უკრაინასთან დაკავშირებით.
მივესალმები ხელისუფლების ასეთ ფრთხილ დამოკიდებულებას, რომელიც პასუხისმგებელია არსებულ სიტუაციაზე და რაც შეიძლება ცდილობს, საფრთხეს ააშოროს ჩვენი ქვეყანა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიტორიკით არიან ვითონ ანტირუსები, მაგრამ თავიანთი პოლიტიკით და მოთხოვნებით ყველას ინტერესებს ითვალისწინებენ საქართველოს გარდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტის,თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, სადაც ან აშშ, ან ნატო ვალდებულებას იღებს იმის თაობაზე, რომ არ გაფართოვდება, ან ახალ წევრებს არ მიიღებს. მისი თქმით, არსებობს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, რომელსაც თუკი ვინმე არღვევს, არღვევს რუსეთის ფედერაცია, რომელმაც დაიწყო ტერმინებით მანიპულირება და ძირითადად აპელირებას აკეთებს ეუთოს პრინციპებზე, სადაც ერთი მხრივ საუბარია ქვეყნების უფლებაზე, რომ თავისი სურვილით შეუერთდნენ ამა თუ იმ ალიანსს და მეორე, ერთი ქვეყნის გაძლიერება არ უნდა მოხდეს მეორეს ხარჯზე.
„თუკი ვინმე არღვევს ამ პრინციპს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. სწორედ ის შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოებში, მან მოახდინა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს შემთხვევაში და ანექსია უკრაინის შემთხვევაში. მას უყენია ჯარები მოლდოვას ტერიტორიაზე და ა.შ. საგულისხმოა, რომ ლავროვმა ახსენა 1999 წლის სტამბულის ეუთოს სამიტი, რაც მართლაც, ცინიზმის უმაღლესი დონეა.
სტამბულის ეუთოს სამიტის ორი დოკუმენტით - „ქარტია ევროპული უსაფრთხოების შესახებ“ და „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ადაპტირებული შეთანხმება“, რასაც მერე მოყვება სპეციალური განცხადება, რუსეთს ეკისრება სპეციალური პასუხისმგებლობა, გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიიდან. ამიტომაც ამას ყველა დოკუმენტში იმეორებს აშშ და ეუთოს ყველა სახელმწიფო. ეს არის წერილობითი ვალდებულება, რომელიც დაეკისრა რუსეთის ხელისუფლებას. თუკი ვინმემ ვინმე გადააგდო, ეს არის სწორედ რუსეთი, რომელმაც სრული იგნორირება მოახდინა ყველა დოკუმენტის, რომელიც ხელმოწერილი აქვს“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
როგორც საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი აცხადებს, როდესაც რუსეთმა გამოაქვეყნა თავისი ულტიმატუმები, ძალიან გასაგებად, დასავლეთმა გასცა ერთიანი პასუხი - არ მოხდება იმის გადახედვა, რაც არ უნდა გადაიხედოს. ანუ, არ მოხდება ღია კარის თემაზე ვაჭრობა და ნატოს ღია კარი, ღია დარჩება.
„არ მოხდება ქვეყნების თავისუფლების შეზღუდვა, რომ სურვილისდა მიხედვით შეუერთდნენ მათთვის სასურველ ალიანსს და არ მოხდება ვაჭრობა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობით და სუვერენიტეტით. დანარჩენეზე, რაც არის განიარაღება, საერთაშორისო უსაფრთხოება და ა.შ. ამაზე შეიძლება ლაპარაკი. რუსეთი ყოველთვის უყურებს იმას, რეალურად რამდენად არის ერთიანი დასავლეთი ამ კონტექსტში და ყოველთვის აფასებს იმას, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამა თუ იმ ვითარებაში. ცხადია და მე არ მგონია მოსკოვში ვინმე ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ სხვა პასუხს ელოდებოდა. მგონია, რომ რუსეთი ეძებს ახალ საბაბს ახალი პროვოკაციისთვის და დღეს ყველაზე მთავარი არის მისი შეკავება ახალი აგრესიული ქმედებისგან.
ამიტომ, მარტო ის არაა მნიშვნელოვანი, რომ წერილობითი პასუხი მიიღო, არამედ მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება უკრაინასთან მიმართებაში, უპრეცედენტო დახმარება, რომელსაც მსოფლიო აწვდის უკრაინას იმისათვის, რომ არ დაუშვას რუსეთის მორიგი აგრესია. ძნელია თქმა, რომ ეს ყველაფერი დარჩება დიპლომატიის ჩარჩოებში, მაგრამ მიამიტობა იქნება ომის სცენარის გამორიცხვა. თუმცა, მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება დიპლომატიური საშუალებით. ერთი რამ ვიცი - დღეს, თუ რუსეთი არ გააჩერეს, ვითარება მსოფლიოში კიდევ უფრო დაიძაბება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.