ბიზნესისთვის „მწვანე შეზღუდვის“ მოხსნა შვების მომტანი იქნება

ბიზნესისთვის „მწვანე შეზღუდვის“ მოხსნა შვების მომტანი იქნება

„მწვანე საშვის“ წარდგენის ვალდებულება ამოქმედებიდან ზუსტად ორ თვეში მოიხსნა. გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭომ მსოფლიოში არსებული რეალური მდგომარეობით ახსნა. ბიზნესი და განსაკუთრებით კვების ობიექტები აღნიშნულ ცვლილებას დაუფარავი სიხარულით შეხვდნენ, თუმცა მათ შორისაც აღმოჩნდნენ უკმაყოფილო სუბიექტები, რომლებმაც მთავრობის პოზიცია არც ამჯერად მოიწონეს.

როგორც ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ეს სისტემა ნაკლებად ქმედითი აღმოჩნდა.

„მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად, ეს სისტემა უკვე ქმედითი ნაკლებად არის. შესაბამისად, იმ ხალხს, ვისაც სჭირდება „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია. ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება“, -განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ „მწვანე პასპორტის“ რეგულაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაქცინაციის სტიმულირების ეფექტი ჰქონდა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა მექანიზმებია გასააქტიურებელი.

„მწვანე პასპორტს“ გარკვეული პერიოდი ვაქცინაციის სტიმულირების ეფექტი ჰქონდა, თუმცა ეს ეფექტი გაჩერდა. ყველაზე კარგი გამოცდილება, რომელსაც ვაკვირდებით, ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც ვაქცინაცია 20% აქვს, არც არასდროს მოუფიქრებია „მწვანე პასპორტის“ შემოღება. გამომდინარე აქედან, დღეს მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროგრამის წახალისებისთვის ის ეფექტიანი მექანიზმები გამოვიყენოთ, რომლებიც რეალურად მუშაობს და ეს ფინანსური სტიმულირებაა როგორც „ბუსტერ“ დოზებზე, ასევე 50 წელს ზემოთ პირების პირველად ვაქცინაციაზე. „მწვანე საშვმა“ შეასრულა ის ფუნქცია, რაც შეეძლო, რომ შეესრულებინა ვაქცინაციის სტიმულირების კუთხით, ახლა ამ ყველაფერს საჭიროა, სხვა კუთხით შევხედოთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ითქვა, „მწვანე პასპორტი“ იმოქმედებს ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის დროს. იგი აუცილებელი იქნება ყველგან, ვისაც უნდა მოგზაურობა, წასვლა და ქვეყანაში შემოსვლასაც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ბიზნესი დიდი კმაყოფილებით შეხვდა. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის აზრით, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია მისაღები იყო, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სხვა ბიზნესებზეც გავრცელდებოდა.

„პირველივე დღიდან, როცა „მწვანე პასპორტების“ იდეა გაჩნდა, მისი მომხრე ვიყავი. ვფიქრობდი, რომ უნდა შექმნილიყო მწვანე სივრცეები. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა მიღებული, მოთხოვნებს არ პასუხობდა, ისევე როგორც მისი გაუქმება, არაფერზე იმოქმედებს. მაშინ, როცა რესტორანში მოსულ ადამიანს სთხოვდი პასპორტს და დამხვედრს ამის ვალდებულება არ ჰქონდა, ნამდვილად არ იყო სწორი.

გარდა ამისა, „მწვანე პასპორტი“ ძირითადად გათვლილი იყო მხოლოდ რესტორნებზე, როგორ შეიძლებოდა მას თავისი როლი შეესრულებინა? ფაქტი ის არის, რომ შედეგი, რაც „მწვანე პასპორტით“ უნდა მიგვეღო, არ მიგვიღია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭომ თვალი გაუსწორა არსებულ ვითარებას და არაფრისმაქნისი რეგულაცია, რაც „მწვანე პასპორტების“ სახით არსებობდა, გააუქმა. რესტორატორთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს და შემსუბუქდეს სხვა რეგულაციებიც, რომელიც მხოლოდ რესტორნებისთვის არის დაწესებული. მაგალითად, რაც ეხება ქორწილების, დაბადების დღეების, წვეულებების გადახდას.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილი მთავრობას და ბიზნესს შორის სწორი კომუნიკაციის არარსებობაზე მიუთითებს.

„ყველაფერს ინფორმაციის დონეზე გვაცნობენ. დაგვიძახებენ და გვეტყვიან, ჩვენ ამ რეგულაციებს ხვალიდან მივიღებთ. შედეგად, თანამშრომლობა და ერთად გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. არასწორად მიღებულ რეგულაციაში და მის მენეჯმენტშია სისტემური პრობლემა. არასწორად მიღებულმა რეგულაციამ გამოიწვია ის, რომ „მწვანე პასპორტმა“ არ იმუშავა და სწორია, რომ საბოლოო ჯამში მოიხსნა. არ იყო გააზრებული, რომ ტრანსპორტში თავისუფლად ასვლა შეგეძლო და რესტორანში შესვლა - არა. როდესაც ჩვენი თანამშრომლები ადგილზე რეგულაციებს იცავენ და 6 საათის შემდეგ გადავსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უწევთ ჩაჯდომა, ასეთ დროს „მწვანე პასპორტის“ რეგულაციას არავითარი აზრი არ ჰქონდა“, - განმარტა „ბიემთან“ საუბრისას ქოქიაშვილმა.

თუმცა არსებობს სრულიად საპირისპრო მოსაზრებაც და გადაწვეტილებაც. მაგალითად, რესტორნები: „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და კაფე „ლეილა“ მოქალაქეებს მხოლოდ აცრის ან ტესტის დამადასტურებელი მოწმობით მიიღებენ. კვების ობიექტების დამფუძნებლის, მერიკო გუბელაძისთვის გაუგებარია, ინფიცირების პიკის ფონზე, რას ემყარება საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება.

„რამ მისცა ბიძგი ჩვენს მთავრობას და რატომ გადაწყდა კოვიდ პასპორტების გაუქმება დღეს, როცა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25 000-ია? აბსურდია, ისე როგორც სხვა, დანარჩენი მათი გადაწყვეტილებები. სანამ თვითონ არ დავინახავ, რომ დასრულდა პანდემია და უსაფრთხოდ ვართ, გავაგრძელებთ კოვიდ პასპორტებით მუშაობას. ვაგრძელებთ მუშაობას ისევ ისე, როგორც პასპორტის ვალდებულების პერიოდში იყო - ჩვენთან „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ შემოხვალთ“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ, თუმცა, როგორც ჩანს, ამგვარი პოზიცია ერთეულ ობიექტებს ექნებათ და ის საერთო განწყობაზე გავლენას ვერაფრით მოახდენს.