„ოპოზიცია შევსებული რომ იყო, ერთი საკითხის განხილვა 4 საათი მიმდინარეობდა და ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, სწორედ, ეს აზრი აქვს“

„ოპოზიცია შევსებული რომ იყო, ერთი საკითხის განხილვა 4 საათი მიმდინარეობდა და ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, სწორედ, ეს აზრი აქვს“

პარლამენტმა 74 ხმით „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. განხილვის პროცესს მმართველ გუნდთან ერთად მთლიანი ოპოზიცია ესწრებოდა, მათ შორის ბოიკოტშეწყვეტილი „ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიციის პარლამენტში ყოფნამ ის შედეგი გამოიღო, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვა თითქმის მთელი დღე მიმდინარეობდა. რეზოლუციას მხარი მმათველ გუნდთან ერთად, ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა. იმ ოპოზიციის სიაში მოხვდა „გირჩი“, რომელმაც აღნიშნულ კანონპროექტის მიღებაში მონაწილეობა არ მიიღო.

რა დაუწუნა „გირჩმა“ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ რეზოლუციას, როგორ აფასებს „ნაციონალურ მოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნებას, ამ კითხვებზე პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია გვპასუხობს.

პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თუმცა „გირჩმა“ მხარი არ დაუჭირა. რატომ არ დაუჭირეთ მხარი და რა არ მოგწონდათ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში?

- ზოგადად, რეზოლუციის შინაარსში მმართველ გუნდს ყველაფერში ვეთანხმებოდით. უბრალოდ, თავად პროცესი დავინახეთ არა როგორც უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, არამედ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საქმის გარჩევის პროცესი, რომელიც დაუმთავრებელ სერიალს „სანტა-ბარბარას“ დაემსგავსა და ამიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა. თუმცა, ნათლად ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ დავაფიქსირეთ.

რეზოლუციის მიღების პარალელურად, გუშინ პარლამენტს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდა. როგორ შეაფასებდით მათ დაბრუნებას და თქვენი აზრით, როგორ გააგრძელებენ ისინი მუშაობას, თუ კიდევ ელოდებით, რომ ბოიკოტს გამოაცხადებენ?

- „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პირველად იყო და წარმოიდგინეთ ერთი საკითხზე იყო დავა - ორი სიტყვა უნდა ჩაგვემატებინა რეზოლუციაში თუ არა, ამის განხილვა 4 საათი მიმდინარეობდა, რადგან ინტერესი ამ საკითხის მიმართ ჰქონდათ. შემდეგ, ხუთი საკითხი 10 წუთში განვიხილეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ისე მონდომებით იმუშავებს, როგორც ეს დღეს მოხდა, „ქართული ოცნება“ თავის საწადელის მეასედს ვერ მიაღწევს. აქამდე მოწინააღმდეგე არ ჰყავდა და რაც უნდოდა და როგორც უნდოდა, ისე აკეთებდა. დღეს უკვე ოპოზიცია შევსებული რომ იყო, ერთი საკითხის განხილვა 4 საათი მიმდინარეობდა. სწორედ, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას ეს აზრი აქვს და ამიტომაც მივესალმებოდით „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას.

რაც შეეხება ბოიკოტს, ბატონი რომან გოცირიძე დამპირდა, რომ ბოიკოტი აღარ იქნებაო.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის ერთ-ერთი მიზანია, რომ შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია. თქვენ თუ ხართ თანახმა აღნიშნული კომისიის შექმნაზე?

- ჩვენ არ ვემხრობით და არც აღნიშნულ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ. თუმცა, ჩვენს კოლეგებს მხარს დავუჭერთ, რომ შეიქმნას კომისია, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საკითხზე საჭიროა კომისიის შექმნა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მომავალში, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება კომისიის შექმნა, ისინიც მხარს დაგვიჭერენ.

ანუ შეიძლება ითვქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბარტერს აკეთებთ?

- ყველასთან, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – „ლელოსაც“ და „აღმაშენებელსაც“ მსგავსი ინიციატივა აქვთ და მათაც დავუჭერთ მხარს. თუმცა, მხარს იმ პირობით დავუჭერთ, რომ როდესაც ჩვენ დაგვჭირდება, ისინიც ჩვენს გვერდით დადგებიან.

ასევე პარლამენტში უნდა განხილულიყო ოპოზიციის წევრებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხი, თუმცა გადაიდო. თქვენ რამდენად მომხრე ხართ თქვენი კოლეგებისთვის მანდატების შეწყვეტის?

- კოლეგებისთვის მანდატების იძულებით შეწყვეტას არ ვეთანხმებით. ყველა დეპუტატი, არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა, ქართველმა ხალხმა აირჩია და ნდობა გამოუცხადა. მე ხომ არ ვიცი, ბატონ შალვა ნათელაშვილს მოსახლეობამ რა მოტივით დაუჭირა მხარი? შეიძლება, სულაც გასართობად დაუჭირეს მხარი.

რამდენად მიესალმებით იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის მიერ არჩეული დეპუტატი არ დადის პარლამენტში და არ ასრულებს მისი ამომრჩევლის მიერ დაკისრებულ მოვალეობას?

- ეს ხომ აქამდეც ასე ხდებოდა. შალვა ნათელაშვილი ხომ აქამდეც ასე აკეთებდა და რატომ აკეთებდა, ამას ხომ არ ვკითხავთ?!

გასაგებია შალვა ნათელაშვილი, მაგრამ მანდატი შეიძლება შეუწყდეს ასევე „ლელოს“ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რადგან მას სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ამ მხრივ თქვენი პოზიცია რა არის?

- საერთოდ არ არსებობს საფუძველი იმის, რომ პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძის საკითხი განიხილოს. ბადრი ჯაფარიძემ სასამართლომ დამნაშავედ არ სცნო, ანუ რაშიც ედავებოდნენ, იმ საკითხში გაამართლა, ხოლო რაშიც გამტყუნდა, იმ საკითხში მსჯელობაც არ ყოფილა და მას ნასამართლეობაც კი არ აქვს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს. ამიტომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრი პარლამენტიდან გავაგდოთ, ეს სწორი საქციელი არ არის.