რა სარგებელი შეუძლია მოიტანოს დასუსტებულმა „ნაცმოძრაობამ“?!

რა სარგებელი შეუძლია მოიტანოს დასუსტებულმა „ნაცმოძრაობამ“?!

„რაც უფრო სუსტი იქნება „ნაცმოძრაობა“, მით უფრო გაძლიერდება დემოკრატია“, - ასეთია ირაკლი კობახიძის ფორმულა დემოკრატიისთვის, რომლის აზრითაც, ამ ანტისისტემური პარტიის დასუსტება პირდაპირ აისახება ქართული დემოკრატიის გაძლიერებაზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირაკლი კობახიძე „ნაცების“ დასუსტებაში ხედავს პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღებს. მანამდეც მან არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. უფრო ადრე მან ცალკეული ეპიზოდები გაიხსენა „ნაცების“ 9-წლიანი ეპოპეიდან და განმარტა, რომ როდესაც მოღონიერდებოდა ხოლმე „ნაცმოძრაობა“, მაშინვე საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო, როცა „ნაცმოძრაობა“ სუსტდებოდა, ქვეყანა წელში იმართებოდა.

ექსპერტთა ნაწილი სწორედ „ნაცების“ დასუსტებაში ხედავს სხვა პოლიტიკური ძალების გააქტიურების გასაღებს, ანუ ე.წ. მესამე ძალის გამოსვლას პოლიტიკურ ავანსცენაზე, რომლის გააქტიურებასაც „ნაცმოძრაობა“ აფერხებს.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ის, რომ თითქოს „ნაცმოძრაობა“ არ უშვებს პოლიტიკურ არენაზე მესამე ძალას, არაა არსებითი, რადგან აქ ისევ მოსახლეობის განწყობაზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც, რეიტინგით პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“. თუნდაც „ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებიც ამას ცხადყოფს. მეორე ადგილზეა „ნაცმოძრაობა“. მესამე ისეთი ძალა კი არ გამოჩნდა, რომელიც თავის მხარეზე ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს მიიზიდავდა.

„კი ბატონო, პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიღო 8%- ზე მეტი, ამიტომ აქ იმაზე არაა საუბარი, რომ „ნაცმოძრაობა“ არც ერთ ალტერნატიულ ძალას არ უშვებს ქართულ პოლიტიკაში. მაშინ რაღაც კონკრეტული ძლიერი პოლიტიკური ძალა უნდა გამოჩნდეს, თავისი ფინანსური რესურსებით, რომ ხალხი მას ენდოს. მაშინ ვერც „ნაცმოძრაობა“ შეაკავებს ამ პროცესს და ვერც „ქართული ოცნება“, -  აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსის განმარტებით, თუ „ქართულ ოცნებას“ სურს „ნაცმოძრაობის“ დასუსტება და გამუდმებით საუბრობს კიდეც, დავამთავროთ და ავკრძალოთ „ნაცმოძრაობა“, ეს შეუძლიათ გააკეთონ კანონიერი გზით. კერძოდ, განახორციელონ შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლებრივი პოლიტიკა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამაღლდეს. ასეთი პოლიტიკით შესაძლებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე ოპოზიციას უჭერდნენ მხარს, მომავალში „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერები გახდნენ. ასევე, მმართველ გუნდს შეუძლია, ნეიტრალური ამომრჩეველი გადაიბიროს.

„აღნიშნული პოლიტიკით შესაძლებელია დასუსტდეს „ნაცმოძრაობა“ და ეს იქნება სრულიად კანონიერი გზა. ამდენი ხანი რომ იძახიან, დავამთავროთ „ნაცმოძრაობაო“, რატომ ვერ დაამთავრეს? „ქართულ ოცნებას“ მართლაც წარმატებულად რომ განეხორციელებინა რეფორმები, „ნაცმოძრაობა“ ისედაც დამთავრდებოდა, ამომრჩეველი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაცმოძრაობას“ მომხრეები შეუმცირდებოდა და „ოცნების“ რეიტინგი ამაღლდებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, თუ ვერ გააკეთა. აქედან ამ ორივე პარტიამ დასკვნა უნდა გამოიტანოს, რატომ ხდება, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი ნიჰილისტურადაა განწყობილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ“, - ფიქრობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებაც“ უნდა დაფიქრდეს, რომ მისი რეიტინგი დაცემულია, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას არ ენდობა, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 52% არ ენდობა მთავრობის საქმიანობას. ასევე, ოპოზიციამაც უნდა დასვას ასეთი კითხვა, კი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაეცა, მაგრამ რატომ არ ამაღლდა ოპოზიციის, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და რატომ არის ოპოზიცია სტაბილური ამომრჩევლის ამარად დარჩენილი?

ნიკა ჩიტაძე პარალელებზეც საუბრობს. კერძოდ, დასავლეთში არსებობს „შესწავლილი გაკვეთილების“ ცნება, ამიტომ პოზიციაც და ოპოზიციამაც შეცდომებზე უნდა ისწავლოს, დასკვნა გამოიტანოს და მომავლის ხედვა დასახოს. ოპოზიციის მხრიდან მარტო იმის ძახილი, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხვალ დამთავრდება, ზეგ დამთავრდება და დიდი ხანი არ უწერია, არაფრის მომცემია. ანალიტიკოსის აზრით, ამას სჯობს რეალური საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ, აუხსნან მოსახლეობას, იმ 9 წლის განმავლობაში რა კეთდებოდა, რა იყო შეცდომები, რა იყო დეზინფორმაცია და განმარტონ, რატომ არის კარგი კოალიციური მთავრობა.

„არ ვიძახი, „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს- თქო. კოალიციური მთავრობის მომხრე ვარ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს პოლიტიკური მონოპოლიის მოპოვების საშუალება“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ დასუსტება თუ იმისთვისაა საჭირო, რათა სხვა ძალები გაჩნდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ მესამე ძალას ამომრჩეველი უკვე ჰყავს და ამ ამომრჩეველს უნდა მიხედონ.

„მესამე ძალის პრობლემა ისაა, რომ უკვე არსებული ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს. თორემ „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ისედაც მობილიზებული ჰყავს თავისი ამომრჩეველი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტიკის დენაციფიკაციაზე კარგა ხანია საუბრობს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ „ნაცები“ აბრკოლებენ პოლიტიკური სივრცის განვითარებას საქართველოში. ამიტომ ამ ექსტრემიზმის ალტერნატივა უნდა შეიქმნას და არ უნდა ვაფინანსებდეთ პოლიტიკას, რომელიც გვანგრევს.

„ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისთავად გაქრება, რადგან ჩვენი ამომრჩევლის 45%-მა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ „ნაცების“ ალტერნატივა უნდა შეიქმნას, რომელიც „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე ამომრჩევლის ინტერესებსაც წარადგენს პოლიტიკაში“, - მიაჩნია ანალიტიკოსს.