აშშ, ნატო, ეუთო და ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად მუშაობას გააგრძელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, 1 თებერვალს ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე ზბიგნევ რაუსთან და საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან.
მისივე თქმით, ბლინკენმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და განიხილა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის ფონზე.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო კოორდინაციას და დიპლომატიური გამოსავლის ძებნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად“, - განაცხადა ნედ პრაისმა.