უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ძირს უთხრის გლობალურ წესრიგს. ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რასაც სერიოზული ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
„პრემიერ-მინისტრმა 88 მილიონი გირვანქა სტერლინგის ახალი დაფინანსება გამოაცხადა უკრაინის მდგრადობის გაძლიერებისა და რუსეთის მხრიდან ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, გააღრმავონ სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში და გააგრძელონ ჩართულობა, განსაკუთრებით უკრაინა-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.