„ციხისთავის მოქმედების სტილი, საეჭვოდ ემთხვევა ისეთი პროვოკატორების სტილს, რომლებიც 2013 წლიდან უცებ, საეჭვოდ ალაპარაკდნენ“

„ციხისთავის მოქმედების სტილი, საეჭვოდ ემთხვევა ისეთი პროვოკატორების სტილს, რომლებიც 2013 წლიდან უცებ, საეჭვოდ ალაპარაკდნენ“

2018 წელის 18 თებერვალს კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოძიება განახლდა. კონსტანტინე ციხისთავი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებდა, რომ გიორგი სანაია ბანდის ყოფილმა წევრმა, შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა და, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა შსს-ს კახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსმა თამაზ თამაზაშვილმა და შს მინისტრის მოადგილემ კახა ბაკურაძემ დაუკვეთეს.

გამოძიების განახლების პირველ ეტაპზე მოხდა იმ სს საქმის გამოთხოვა და დეტალური შესწავლა, რომელიც 2001 წელს სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ განახლებული გამოძიების პირველად ეტაპზე მოხდა სანაიას ოჯახის წევრების გამოკითხვა. ასევე გამოიკითხა ჭიჭიაშვილი, რომელმაც არ დაადასტურა მისი კავშირი გიორგი სანაიას მკვლელობაში. ასევე, გამოიკითხა თამაზ თამაზაშვილი.

ვინ არის ციხისთავი და რა მიზანი აქვს მას? ამ საკითხებთან დაკვაშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

თქვენ, სწორედ იმ წლებში იხდიდით სასჯელს, როდესაც გისოსებს მიღმა იყვნენ შოთა ჭიჭიაშვილი და კონსტანტინე ციხისთავი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია თამაზ თამაზაშვილისა და კახა ბაკურაძის დაკვეთით მოკლა შოთა ჭიჭიაშვილმა. ციხე, ეს ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ინფორმაცია ხშირად ხელმისაწვდომია. თუ გსმენიათ ამ ადამიანების შესახებ პატიმრობის პერიოდში?

ვახტანგ მაისაია: ნამდვილად არაფერი გამიგია. პანკისის ხეობასთან მქონდა პირდაპირი შეხება, ჩვენს ზონაში სასჯელს იხდიდნენ პანკისელები და სხვათა შორის, არც იქ დაფიქსირებულა მათი სახელი და გვარი. ჭიჭიაშვილის შესახებ ვიცოდი ინფორმაცია, მაგრამ ციხისთავის შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. არც შეხების წერტილი მქონდა ამ პიროვნებასთან და არც გაგონილი მქონდა.

ქისტი პატიმრები თუ საუბრობდნენ ჭიჭიაშვილზე და მის კრიმინალურ ჯგუფზე?

- ჭიჭიაშვილზე და საერთოდ, ასეთ თემებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი. ციხეში ამ ადამიანზე არავინ არ საუბრობდა და არც ის ვიცოდი, იმ პერიოდში ციხეში იყო თუ არა. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების საქმეშიც არ ამოტივტივებულა მისი სახელი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჭიჭიაშვილი ადგილობრივი საველე მეთაური იყო, რომელსაც პანკისის ხეობაში კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსი ჰქონდა.

ლაფანყურის სპეცოპერაციის პერიოდში ჭიჭიაშვილი უკვე პატიმარი იყო, თუ გავითვალისწინებთ ჭიჭიაშვილის გავლენებს, როგორც ქისტებთან, ასევე ჩეჩნებთან, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რამე კავშირში ყოფილიყო ამ მოვლენებთან?

- მაშინ ისეთი სისტემა იყო, რომ ასეთი ადამიანები სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ლაფანყურის სპეცოპერაციაში ჭიჭიაშვილის გამოყენება დიალოგის წარმოების მიზნით, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს. ისეთი ადამიანები ჩართეს მოლაპარაკების პროცესში, არ არის გამორიცხული, რომ ასევე ყოფილიყო ჭიჭიაშვილიც, მაგრამ ვიმეორებ, მისი გვარი გამოძიების ფარგლებში არ შემხვედრია. რამდენადაც ვიცი, ის განთავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე, მაგრამ არა პოლიტიკური ამნისტიით.

იცით, რომ მაშინ იყო ორი ამნისტია - პოლიტიკური ამნისტია და დიდი ამნისტია, რომლის შესახებ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. მიკვირს, რატომ ხდება ამ მოვლენების ერთმანეთთან აღრევა. გასაგებია, რომ მათი მიზანია პოლიტპატიმრების დისკრედიტირება. ბუნებრივია, რომ თამაზ თამაზაშვილს არ დასჭირდება ჩემი ადვოკატირება, მაგრამ ის იყო რეპრესირებული, მან გაიარა ყველა ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში სუფევდა. ასევე იყო ლევან ამირიძესთან და კობა ოთანაძესთან მიმართებაში. ვინც სააკაშვილის რეჟიმის ციხე ნახე, ყველამ იცის, რაც ხდებოდა და რაც იყო. ამიტომ, პოლიტპატიმრების დისკრედიტაცია არ გამოუვათ.

ჭიჭიაშვილის ისტორია დახუძნულია კრიმინალური ისტორიებით. პანკისში იყო ორი გავლენიანი ჯგუფი - ჭიჭიაშვილის კრიმინალური ჯგუფი და თარხან ბათირაშვილის ტერორისტული ჯგუფი, იყო ამ ორ ჯგუფს შორს კონფლიქტი და ჭიჭიაშვილის მკვლელობა უკავშირდება ამ დაპირისპირებას?

- ბუნებრივია, ჭიჭიაშვილი იყო მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი, მაგრამ იმ წლებში პანკისის ხეობაში ბათირაშვილის დაჯგუფება არ არსებობდა. საერთოდ, ბათირაშვილი ციხიდან გამოუშვა სააკაშვილის რეჟიმმა და აიძულა წასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში. სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში მოხდა მისი გადაბირება და შემდეგ მისი ჰერალიზაცია ისლამურ სახელმწიფოში. აქედან გამოდინარე, ბათირაშვილის დაკავშირება იმ წლებთან, ცოტა არასერიოზულია.

ბათირაშვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი, მონაწილოებდა 2008 წლის აგვისტოს ომში. როგორც ვიცი, ომის დროს შეესწრო სამშობლოს ღალატის ფაქტს და სწორედ ამის გამო დაიჭირეს. 2 წელი იხდიდა სასჯელს გლდანის ციხეში, შემდეგ გაანთავისუფლეს და აიძულეს წასულიყო თურქეთში. რაც შეეხება ჭიჭიაშვილს, ის სულ სხვა ფიგურა იყო. ჭიჭიაშვილი იყო კრიმინალი და კრიმინალური საქმიანობის გასაგრძელებლად წავიდა უკრაინაში, ხოლო ბათირაშვილი იყო გავლენიანი ტერორისტი. მათ შორის რაღაცა კავშირის ძიება აბსოლუტურად არასწორია.

დავუბრუნდეთ ციხისთავს და იმ სკანდალურ ბრალდებას, რომელიც გააჟღერა. ის ამბობს, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა ჭიჭიაშვილს შეუკვეთა თამაზ თამაზაშვილმა და კახა ბაკურაძემ. თამაზაშვილის გვარი მედიაში აქტიურად ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოსვლის პარალელურად მუსირებს. ამას როგორ ხსნით?

- გასაგებია, რატომ ხდება ამ გვარის და საერთოდ ამ თემის წამოწევა. როგორც ვხვდები, „ნაცმოძრაობის“ მიზანია პოლიტპატიმრების თემის დისკრედიტაცია, რომ სააკაშვილის „გაპრავება“ მოხდეს და წარმოაჩინონ, როგორც თეთრი მტრედი. აქ იმდენად თამაზ თამაზაშვილზე არ იყო საუბარი, რამდენადაც კობა ოთანაძის, ამ ღირესული ადამიანის დისკრედიტაცია ხდებოდა, რომ აი, სააკაშვილი სწორი იყო, როდესაც დაიჭირა ეს ადამიანები. ისინი იყვნენ ტერორისტები, მკვლელები, დივერსანტები და ჯაშუშები. ყველამ იცის, ვინ იყვნენ ოთანაძე და თამაზაშვილი, ასევე კარგად იციან, ვინ არის სააკაშვილი და თარგამაძე, რომელსაც რუსეთის ყველაზე ძლიერმა ოპოზიციურმა ლიდერმა, ბორის ნემცოვმა პირდაპირ უწოდა ნაძირალა და კრემლის აგენტი.

მინდა გითხრათ, რომ იმ წლებში, როდესაც პატიმარი ვიყავი, ციხეში შემოდიოდა უკრაინული ვადაგასული საკვები, რომელიც საღდებოდა სააკაშვილის ციხეში და როგორც მე მითხრეს, მომმარაგებელი იყო გივი თარგამაძე, რომელიც იანუკოვოჩის პერიოდში უკრაინიდან ახორციელებდა ვადაგასული პროდუქციის შემოტანას, რომელიც საღდებოდა გლდანის ციხეში. პატიმრები, რომლებიც ამ საკვებს იღებდნენ, იწამლებოდნენ, რადგან ამის ჭამა არ შეიძლებოდა. აი, ასეთი ადამიანები ცდილობენ, ჩირქი მოცხონ პოლიტპატიმრებს. ეს არის ბინძური პოლიტიკური პარტიის ბინძური ტრიუკები. კარგად გაიხსენოს თარგამაძემ რატომ უწოდა მას ნემცოვმა ნაძირალა! რა გაუკეთა ბორის ნემცოვს და ვისი თამაში ითამაშა, როდესაც 35 ათასი ევრო ჩაატანინა, რაც ფარულად გადააღებინა და ასე მოახდინა რუსეთის ოპოზიციური ძალების დისკრედიტაცია. აი, ეს კაცი არის თარგამაძე.

ამ ისტორიაში ციხისთავის ინტერესი რა არის?

- ციხისთავი დღეს ასე ლაპარაკობს, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა ილაპარაკოს. ასეთი ადამიანების ინტერესი არის როგორმე მოერგონ ვითარებას და ფული გააკეთონ. დრო რომ გავა, შეიძლება თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯაშუში და ტერორისტებთან კავშირშიო. არის თუ არა ციხისთავი პროვოკატორი, ეს უნდა გვითხრას პროკურატურამ. დამიჯერეთ, ასეთი პროვოკატორები ბლომად იყვნენ ციხეში, რაღაც გაახსენდებოდათ და მერე ისტორიებს იგონებდნენ. როგორც გითხარით, არ ვიცი, ვინ არის ციხისთავი, მაგრამ ციხისთავის მოქმედების სტილი, საეჭვოდ ემთხვევა ისეთი პროვოკატორების სტილს, რომლებიც 2013 წლიდან უცებ საეჭვოდ ალაპარაკდნენ. შე დალოცვილო, სააკაშვილის ციხეში იყავი და თუ მაგარი იყავი, მაშინ გელაპარაკა ამ საქმეზე. მე სააკაშვილის რეჟიმს ციხიდან ვანგრევდი, ციხიდან გამოვავლინე როგორ აყალბებდნენ საქმეებს და რა ხდებოდა ქართულ ციხეში.