როგორ მიიღებენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას საერთაშორისო ასპარეზზე და მიანიჭებენ თუ არა მნიშვნელობას ტექსტში რუსეთის არხსენებას? ოპოზიცია და ხელისუფლება კვლავ ამ სიტყვის ჩაწერის ირგვლივ დავობს და ისევ განხილვის საგნად რჩება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათ შორის არაა ოპოზიციის დიდი ნაწილი. მმართველი პარტიის გარდა ტაბლოზე „ევროპელი სოციალისტების“ და „მოქალაქების“ ხმაც აისახა.
„პარლამენტმა მიიღო უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. ამ დეტალებზე იყო მთელი კასკადი სპეკულაციებისა, თუმცა ისტორიას დარჩება მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა, ომის არდაშვების პოლიტიკა, რომელიც დღეს და მოცემულ სიტუაციაში, ხაზგასმით ვამბობ, არის ყველაზე გონივრული. რეზოლუციის ამ ტექსტით და ამ ე.წ ვორდინგით დავაფიქსირეთ ყველა საჭირო და აუცილებელი ელემენტი, რაც გამომდინარეობდა ეროვნული უსაფრთხოებიდან, საქართველოს ინტერესებიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერის ინტერესებიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
უკრაინის მხარდასაჭერად შედგენილი დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის ტექსტი სრულად ამართლებს საკუთარ მიზანს და უკრაინის თანადგომასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც ემსახურება. დოკუმენტის შინაარსი ავტორმა კოლეგებს, პლენარულ სხდომათა დარბაზში წარუდგინა.
ის, რაც მმართველი პარტიისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინება და მოზომილი პოლიტიკის გატარებაა, ზედმეტი სიფრთხილე და შიშია საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. „ქართული ოცნების“ ოპონენტების მთავარი მოთხოვნა ტექსტში რუსეთის ფედერაციის აგრესორის კონტექსტში ხსენება იყო.
„ოპოზიციის სურვილია ვითარების ესკალაცია უკრაინაში და ზოგადად - რეგიონში“, - ასე ფიქრობენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც განმარტავენ, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს. ოპოზიციას კი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
„რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - ასე ეწოდება ტექსტს, რომელიც უკრაინის თემაზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული მესამე დოკუმენტია. 2014 წელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად მიღებულ რეზოლუციებს ოპოზიციის ხელმოწერა არ აქვს, ეს ფაქტი დღეს კიდევ ერთხელ გახდა მმართველი პარტიის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის საბაბი.
საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის პროექტის შექმნა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან, მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის საფრთხის შემდეგ გადაწყდა.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ კარგი იყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის კენჭისყრაზე ხმა ოპოზიციასაც მიეცა და საერთო დოკუმენტი გამოქვეყნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ არის. მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ სიტყვა რუსეთის ტექსტში არჩაწერა დიპლომატიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობის მატარებელი არაა. კარგი იყო ყოფილიყო, მაგრამ რადგან არ არის ორივე მხარეს ამ დოკუმენტისთვის მხარი უნდა დაეჭირა.
„საერთაშორისო ასპარეზზე სიტყვა რუსეთი დოკუმენტში ნათქვამი იქნება თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს აჟიოტაჟი შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის უფრო მგონია და არ ვფიქრობ, რომ რამე არსებითი მნიშვნელობა ექნება. მთავარი იყო უკრაინისთვის მხადაჭერა გამოგვეცხადებინა და ეს გაეკეთებინა, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. რაღაცაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ.
ეს უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე ის, ტექსტში რუსეთი ნახსენები იქნება თუ არა. მე მომხრე ვარ, რომ ნახსენები იყოს, მაგრამ რადგან ასე გადაწყდა და ამაზე გარკვეული დისკუსია იყო, კი ბატონო. მივიღეთ ის ტექსტი, რაც გვაქვს. კიდევ კარგი ოპოზიციამ სხვა რეზოლუცია არ შექმნა, ეს ქვეყნისთვის უფრო დიდი თავსლაფის დასხმა იქნებოდა. წარმოუდგენელია ქვეყნის სახელით ორი დოკუმენტის გამოქვეყნება. მაინც რაღაცაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ და ეს დაპირისპირების საბაბი არ უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემის გარშემოც კი გაერთიანება ვერ შევძელით“, - ამბობს მენაღარიშვილი for.ge-სთან.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახით რეზოლუციის მიღება ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინოა. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ეს არ არის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს არის მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.
„ტექსტში მკაფიოდ უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ჩვენ და უკრაინა აგრესიის მსხვერპლნი ვართ. მსოფლიოსთვის უნდა მოგვეწოდებინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არ დაუშვან, რადგანაც ეს ავტომატურად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია იქნება. აბა, ერთი ვნახოთ და ევროპამ თავიანთ რეზოლუციაში არ ჩაწერონ, რომ რუსებს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, გული ხომ ძალიან დაგვწყდება. ხომ გამოვა, რომ ის ქვეყანა, რომელიც მსგავს რამეს დაწერს, რუსეთის აგრესიას არ იმჩნევს. ჰაერზე ლაპარაკობს და აგრესორის ხსენებას ერიდება. ის, რომ საქართველო რეზოლუციაში რუსეთს და საკუთარ თავს არ ახსენებს, ძალიან სამარცხვინოა. თითქოს ამ რეზოლუციას ვიეტნამი ღებულობს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს ოკუპირებული არ აქვს. ჩვენ ისეთივე დაზარალებულები ვართ, როგორც უკრაინა. გამაოგნებლია რუსეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ანუ, გამოდის კრემლს ვეუბნებით, რომ ჩვენს შორის პრობლემები კი არსებობს, მაგრამ ბოლომდე მაინც უკრაინის მხარეს არ ვართ. ეს ძალიან დამამცირებელი ამბავია, რომელიც ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში აყენებს“, - ამბობს ზაქრეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ამ პოზიციით ყველაზე საშინელ ლეგენდას ვაძლიერებთ, რომელიც არსებობს. თითქოს, ეს არ არის გლობალური რუსული აგრესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება დაემართოს. ეს არის იმპერიალისტური პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში რუსეთი საკუთარი მეზობლების და მსოფლიოს წინააღმდეგ ახორციელებს.
„2008 წელს რუსეთმა, როგორც ახალმა იმპერიამ პირველად მაშინ გამოიღვიძა და ვინც ხელში მოხვდა, ეს საქართველო იყო. ჩვენ ვიყავით მისი პირველი მსხვერპლი, რომელიც დავისაჯეთ. ამის შემდეგ როგორ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რუსეთი აგრესორია, როცა ამაზე ხმამაღლა თქმისაც კი გვეშინია. საქართველო და უკრაინა ერთმანეთისგან არ უნდა გავყოთ, რადგან რუსეთისთვის ერთი მსხვერპლია. ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე ღირსეული რეზოლუცია, სადაც უკრაინის კონტექსტში საკუთარ ქვეყანაზე ვისაუბრებდით. თუმცა ეს ჩვენ არ გავაკეთეთ“, - ამბობს for.ge-სთან ზაქარეიშვილი