გაეროში აშშ-ის ელჩი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვერავინ იტყვის - „ოჰ! ჩვენ ამას არ ველოდით!“ - ამას საშინელი შედეგები მოჰყვება

გაეროში აშშ-ის ელჩი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვერავინ იტყვის - „ოჰ! ჩვენ ამას არ ველოდით!“ - ამას საშინელი შედეგები მოჰყვება

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო ქმედებებით იმუქრებოდა, თუ უსაფრთხოების სფეროში მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ.

„რუსეთი ახლახან სამხედრო ზომების მიღებით იმუქრებოდა, თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვერავინ იტყვის: „ოჰ! ჩვენ ამას არ ველოდით!“ - ამას საშინელი შედეგები მოჰყვება. ამიტომაც გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მისი თქმით, დონბასში ომის დაწყების შემდეგ, უკვე 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

„წლების განმავლობაში, რუსეთის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ უკრაინა ნამდვილი სახელმწიფო არ არის და ეჭვის ქვეშ აყენებდა უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: უკრაინა გაეროს წევრი სახელმწიფოა, რომელმაც ახლახან აღნიშნა დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი. უკრაინელები ამაყი ხალხია, მდიდარი კულტურით. ეს სუვერენული სახელმწიფო და სუვერენული ერია“, - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა.

ლინდა თომას-გრინფილდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო წესრიგი სრულყოფილი არ არის, თუმცა ერების, სახელმწიფოებისა და მთავრობების პატივისცემას ეფუძნება.

„ნებისმიერ ერს უფლება აქვს, თავი დაიცვას და თავად აირჩიოს მოკავშირეები. ყველა ქვეყანა იცავს ამ პრინციპებს. ეს ფუნდამენტური პრინციპებია. რას ნიშნავს მსოფლიოსთვის, თუ ყოფილი იმპერატორები ტერიტორიების ძალით წაღების შესაძლებლობას მიიღებენ? ეს სახიფათო გზაა. რუსეთს შეუძლია სხვა გზა აირჩიოს - დიპლომატიის გზა. აშშ, ევროპელი პარტნიორები და სხვა ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით შეშფოთებულნი არიან. ჩვენ კონფრონტაცია არ გვსურს, თუმცა მტკიცე, სწრაფ და საერთო პასუხს გავცემთ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ კრიზისიდან გამოსვლის დიპლომატიური გზა არსებობს“, - განაცხადა მან.