ბატონო   ბიძინა, ეკრანს   მიღმა   მეტი   საქართველოა

ბატონო ბიძინა, ეკრანს მიღმა მეტი საქართველოა

წინამდებარე წერილის დაწერა ბოლო დროს ქართული ჟურნალისტიკის პრობლემებზე გამართულმა რამდენიმე ღია დიალოგმა გადამაწყვეტინა, სადაც საკმაოდ კრიტიკულად ფასდებოდა მედიაში არსებული მდგომარეობა. მედიის პრობლემების საჯარო განხილვები, უდავოდ, მისასალმებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკა ეხებოდა არა იმდენად მედიასაშუალებების არაობიექტურობას, ტენდენციურობას, პოლიტიკურ გავლენებს (ამაზე ხშირად საუბრობენ), არამედ ჟურნალისტური საქმიანობის ხარისხს, ჟურნალისტთა კვალიფიკაციას.

დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს შენებისთვის მეოთხე ხელისუფლების როლი განუზომლად მაღალია. პირველმა ოქტომბერმა მკაფიო მიჯნა გაავლო წარსულსა და აწმყოს შორის. უამრავი ნიშანია იმისა, რომ თვისებრივად ახალ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ქართულ მედიაში და განსაკუთრებით ტელემედიაში პოლიტიკური თემატიკის (მე მხოლოდ ამ სეგმენტზე გავამახვილებ ყურადღებას) შერჩევის, მომზადებისა და მიწოდების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა. მიჩვეული ჭირისგან თავის დაღწევა ძნელი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ კვლავაც ძველ წრეზე ვტრიალებთ, იმ განსხვავებით, რომ ფიგურებს ფერები აქვთ შეცვლილი, შავი თეთრი გახდა, თეთრი - შავი.

მედიაში არსებული მდგომარეობის ჩემეული დახასიათება (ე.წ. მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი) for.ge - ის მკითხველს გასული წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში -„ცხრა წლის შემდეგ“ -  შევთავაზე. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მედიის გასაჯანსაღებლად ვერანაირი „თერაპია“ შედეგის მომტანი ვერ იქნება. პრობლემა თავშია (!).

ქართული ტელეინდუსტრიის მესვეურებს თუ მართლა გააჩნიათ სურვილი, საკუთარი ტელევიზიები ტელევიზიებს დაამსგავსონ, დაიქირავონ შტამპებისგან და კლიშეებისგან თავისუფალი სპეციალისტები, თუნდაც უცხოელები („იმედის“ მაგალითი) და მისცენ სრული თავისუფლება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, გარემოებების წნეხმა ჩვენს „ძველებზე“, ყველა „სიმპტომიდან“ გამომდინარე, „უკურნებელი“ კვალი დატოვა.

ექვსი თვის წინ ვწერდი და იძულებული ვარ კვლავაც გავიმეორო - „ნიუსები“ და პოლიტიკური თოქ-შოუები მხოლოდ ორი პოზიციის („მეოცნებეებისა“ და „ნაცების“) ასპარეზადაა ქცეული. ის, რომ ხელისუფლებაში ორი სუბიექტია წარმოდგენილი, სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მესამე, ან თუნდაც მეოთხე და მეხუთე პოზიცია. ეს ერთი... და მეორე - პოზიციათა და შეფასებათა მრავალფეროვნებაზე მეტყველებს სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიები - ანუ, სამოქალაქო საზოგადოება, თუნდაც ჩანასახში მყოფი, მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ერთ აზრზე არაა.

და კიდევ: ტელეეთერი კვლავაც იმ ძველი სახეებითაა გაჯერებული, ვისაც „ნოტებზე აქვს აწყობილი“ ის ტონალობა, თუ როგორ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება, მისი გულისწყრომა რომ არ დაიმსახურო, ანუ „პური არსობისა“ საფრთხის ქვეშ არ დააყენო. მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს დამოკიდებულება მისდამი და მისი ხელისუფლებისადმი არაფერში ესაჭიროება, მაგრამ თუ დროზე არ დაირღვა „იდილია“, საზოგადოებრივი კონტროლი მხოლოდ მოჩვენებითი იქნება და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესი უსასრულოდ გაიწელება.

ქართული ჟურნალისტიკა კვლავაც იმ სამ ყვითელ ვეშაპზე დგას - სენსაცია, ინტრიგა, სკანდალი - რომლებსაც მხოლოდ წრეზე ცურვა შეუძლიათ, თანაც საკმაოდ არიან მობერებული. გამოვა მავანი „ოცნებიდან“ და იტყვის მაწონი თეთრიაო. ნათქვამს აუცილებლად ეჭვქვეშ დააყენებს რომელიმე „ნაცი“ და დაიწყებს მტკიცებას, რომ მაწონი თეთრი კი არა, შავია. შემდეგ, საღამოს ეთერებში მტყუან-მართლის გარჩევაში ჩაერთვებიან ე.წ. ექსპერტები („ეგრეთწოდებული“ იმიტომ, რომ არ შეიძლება პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა სფერო იმდენად კარგად გესმოდეს, რომ სხვა შენზე მცოდნე არ მოიძებნოს) და შეჭმუხნილი შუბლებით ჩამოალაგებენ „არგუმენტებს“. შემდეგ იგივე ექსპერტები გადაინაცვლებენ ღამის ეთერებში, ჯვარედინი პრინციპით, რომ კარგად დაგვამახსოვრონ ორი საათის წინ მოსმენილი „გაკვეთილი“ და ა.შ. და ა.შ.

ქვემოთ ჩამოვთვლი რამდენიმე საკითხს, რომელთა აქტუალობის ვერდანახვა, სულ მცირე, გაკვირვებას იწვევს. მიჭირს დავიჯერო, რომ ვერდანახვის მიზეზი ჟურნალისტთა დაბალი პროფესიონალიზმია, არადა არც იმის დაჯერება მინდა, რომ საქმე ისევ პოლიტიკაშია, რომ მავანი და მავანი დაინტერესებულია, კვლავაც შენარჩუნდეს რეჟიმი - სენსაცია, ინტრიგა, სკანდალი.

1. მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ორ, დემოკრატიული სტანდარტებისგან შორს მყოფ, კონსტიტუციას შორის არის მოქცეული. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები რჩება. დღეს თუ არა, როდის უნდა ვისაუბროთ, სახელმწიფო მოწყობის რა მოდელი უნდა აირჩიოს ქვეყანამ პოლიტიკური პროცესის უკეთ წარმართვისთვის? საზოგადოებისთვის ცნობილია, რომელი პარტია რა მოდელს უჭერს მხარს, მაგრამ რა არგუმენტები უდევს საფუძვლად მათ პოზიციებს, არავინ უწყის. იქმნება შთაბეჭდილება, ვისაც კარგი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავს, საპრეზიდენტო მმართველობას ემხრობა, ვისაც არა - საპარლამენტოს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, - ვინაიდან ქვეყნის პირველი პირი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და ვინაიდან ის უკვე არის პრემიერ-მინისტრი - ავტომატურ რეჟიმში საპარლამენტო რესპუბლიკას ირჩევს.

სამწუხაროდ, დღემდე არავისგან მოგვისმენია დასაბუთებული, არგუმენტებით დატვირთული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფუძვლები არსებობს ქვეყანაში ამა თუ იმ მოდელის დასამკვიდრებლად - რისთვის არის ქვეყანა მზად.

2. რეგიონული პოლიტიკა და ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე, საკონსტიტუციო თემაა. მთავრობამ უკვე წარმოადგინა კონცეფცია. მიმდინარეობს რეგიონებში საზოგადოებისთვის აღნიშნული პროექტის გაცნობა. საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ არსებობს ალტერნატიული ხედვებიც. როგორც ჩანს, ჩვენს ჟურნალისტებს ბოლომდე არ ესმით საკითხის მნიშვნელობა, თორემ არ გამორჩებოდათ სამთავრობო კონცეფციის ოპონენტების რეაქციები. მაგალითად ამ სფეროს ცნობილი სპეციალისტების ( დავით ზარდიაშვილის, სანდრო სვანიშვილის და სხვათა)  არგუმენტებით გაჯერებული, ძალზე დამაფიქრებელი წერილები, ინტერვიუები და საჯარო გამოსვლები კმარა.  

სხვადასხვა პუბლიკაციაში მოცემული დასკვნა, რომ სამთავრობო პროექტი არა დეცენტრალიზაციისკენ, არამედ დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, საკუთარი პროფესიის პატივისმცემელ ჟურნალისტში თემაში ღრმად ჩახედვის სურვილს უნდა იწვევდეს. რაც შეეხება საკითხის მნიშვნელობას... მარტივად ვიტყვი - არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა, არ არსებობს დემოკრატია.

3. სოციალურ ქსელებში დიდი ხანია მუსირებს აზრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. თემამ რამდენჯერმე ტელეეთერშიც გაიჟღერა. მაგრამ არ მოგვისმენია, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით მმართველი კოალიციისა და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ნაცების“ დამოკიდებულება უარყოფითი იქნება, მაგრამ საინტერესოა კოალიციის და მისი ცალკეული სუბიექტების პოზიცია. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს (შეიძლება ითქვას - დიდ უმრავლესობას) მიაჩნია, რომ არჩევნები იყო არასამართლიანი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძველმა ხელისუფლებამ მიიღო იმაზე მეტი მანდატი, ვიდრე იმსახურებდა, არამედ კიდევ იმიტომ, რომ კოალიციაში ძალთა ბალანსი გარკვეული კომპრომისის შედეგს წარმოადგენდა.

დაუმსახურებლად მინიჭებული პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგს არ იძლევა ხოლმე. გარდა ამისა, საზოგადოებას უჭირს მობილიზება, თავს მშვიდად ვერ გრძნობს, როცა უსამართლობის განცდა აწუხებს.

4. გასული წლის ნოემბერში ვწერდი: „მე გახლავართ ერთი იმათგანი, ვინც ყველაფერს უყურებდა, ყველაფერს უსმენდა და ყველაფერს კითხულობდა და უნდა გითხრათ, დავრჩი განცვიფრებული, როდესაც გამარჯვების ეიფორიიდან გამოსვლის შემდეგ „აღმოვაჩინე“, რომ არ ვიცოდი, ვინ არიან სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების ავტორები.

გულისტკივილით უნდა გამცნოთ, რომ ჩემი „კანონიერი ინტერესი“ ჟურნალისტებს დღემდე არ დაუკმაყოფილებიათ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ აღნიშნულ ინტერესს იზიარებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სრული შემადგენლობა, რადგან საქმე ახალი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტებს ეხება. უფრო მეტიც - იზიარებს მთელი საქართველო, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების განვითარება ქვეყნის თითოეული ოჯახის კეთილდღეობის პირობაა.

საკითხის დასმის ლეგიტიმურობას აძლიერებს პროგრამების ავტორების, ან ავტორთა ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან (სხვადასხვა ეტაპზე) რეფორმების  პროცესის შეფასების აუცილებლობა და ამძაფრებს ის სამწუხარო რეალობა, რაც ბოლო  დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა - ამ სფეროებში საქმე ყველაზე ცუდადაა.

5. ახალი ხელისუფლების მმართველობის ხუთი თვის თავზე ჩემი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ შეცვლილა იმ მტკივნეული საკითხის მიმართ, რასაც საკადრო პოლიტიკა ეწოდება.

„ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ყველაზე კრიტიკულ დამოკიდებულებას სწორედ საკადრო პოლიტიკა იწვევს. ბატონმა ბიძინამ ერთ-ერთი წინასაარჩევნო გამოსვლის დროს ბრძანა, პირველი ხელისუფლება ნდობის ფაქტორზე იქნება დამყარებული, შემდეგი - პროფესიონალიზმზე და ნდობაზეო. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს დამოკიდებულება. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და შეიმუშავა ძველი ხელისუფლების დამარცხების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, გასაოცარი დამაჯერებლობით მიიყვანა სასურველ შედეგამდე. ამ კონტექსტში, ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა და ამ ოცკაციანი გუნდის მომზადება მართვის სადავეების ხელში ასაღებად სულაც არ უნდა ყოფილიყო საძნელო საქმე.

ვფიქრობ, აქ პრობლემა სუბიექტურ ფაქტორებშია. ბიძინა ივანიშვილი, თავისი „კარჩაკეტილი“ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არ იცნობდა იმ საკმარის რაოდენობას სანდო პროფესიონალებისა, საიდანაც უნდა გაკეთებულიყო არჩევანი. იმთავითვე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი არ იცნობდა ქართული პოლიტიკის კულისებს და საინფორმაციო საშუალებების დიდ გავლენას განიცდიდა. (for.ge – 04.01.2013)

განსახილველ კონტექსტში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ის შეფასებები, წინა რეჟიმების „ეპოქებში“ შექმნილი ტელესახეების (ე.წ. „ცნობადი სახეების“) შესახებ სხვადასხვა დროს რომ შემოგთავაზეთ. „ცხოვრებასთან“ კომპრომისზე თუნდაც ერთხელ წასული ადამიანები ვერ მოახერხებენ ღირსეულად იმ ტვირთის ზიდვას, რასაც ქვეყნის შენება ჰქვია. სამწუხაროდ, საქმე მარტო პოლიტიკურ თანამდებობებს არ ეხება. აშკარაა, რომ სირთულეები ქვედა რგოლებშიც უხვადაა. სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა - ჯაჭვური რეაქცია მუშაობს.

ჩაკეტილი წრის (რომელზეც ტელევიზიები გვატარებენ) გახსნა მთლიანად ბიძინა ივანიშვილის უნარსა და პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. თავს უფლებას ვერ მივცემ, კადრების შერჩევის წესი და მექანიზმები  ვუკარნახო პიროვნებას, რომელსაც ათასობით ადამიანის ხელმძღვანელობის გამოცდილება გააჩნია, ოღონდ ერთს კი აუცილებლად ვეტყოდი -

ბატონო ბიძინა, ეკრანს მიღმა მეტი საქართველოა!