უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მეორე სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„გაგრძელდა აზრთა გაცვლა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთის უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი და იურიდიულად დადგენილი გარანტიებით უზრუნველყოფაზე“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.