ოპოზიცია დიდ გაერთიანებაზე ფიქრს შეეშვა და მის სრულ აბსურდში დარწმუნდა. ოპოზიციონრები უკვე აღიარებენ, რომ „ნაცებთან“ კოორდინაციაში ყოფნა მათ პერსპექტივას ანგრევს.
პირველი ლეიბორისტი მის ფანჩატურში შეკრებილ ოპოზიციონრებს დიდი ხანია, აღარ ეკონტაქტება, მაგრამ თვლის, რომ ის პერიოდი იყო ქართული პოლიტიკის ოქროს ჟამი, რადგან ამდენი პოლიტიკოსი ერთად მჯდარი ჩვენს ისტორიას არ უნახავს. შალვა ნათელაშვილს ყოფილი თანამოაზრეები არ უნახავს, მაგრამ გიორგი ვაშაძეს მათი ნახვის დიდი სურვილი არც აქვს.
დიდი ოპოზიციური გაერთიანების ყოფილი წევრი, „სტრატეგია აღმაშენებელიდან“ გიორგი ვაშაძე კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს გადამგდებლებს, ანუ „ნაცებს“ და ასკვნის, რომ კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“.
გიორგი ვაშაძის თქმით, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს, რადგან „ნაცმოძრაობამ“ პირადად იგი რამდენჯერმე გადააგდო.
ვინ ბლოკავდა ერთობას დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას აზრი არ აქვს, რადგან ოპოზიციური ელექტორატი, ანუ მესამე სექტორის ელექტორატი რაც არის, ის იყოფა შემდეგნაირად: 90% ბრუნდება „ქართულ ოცნებაში“, 10% რჩება ოპოზიციაში.
„თუკი არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, დაახლოებით ასე ნაწილდება პროცენტები, რომ სადღაც 800 ათასი კაცი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 600 ათასამდე- „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი და 400 ათასამდე მესამე ნაწილში უნდა ჩავთვალოთ. ეს 400 ათასიც, უკეთეს შემთხვევაში, იყოფა შუაზე, ანუ 200 ათასი „ქართული ოცნებისკენ“ ბრუნდება, 100 ათასი საერთოდ აღარ მიდის არჩევნებზე და 100 ათასამდე გადადის ოპოზიციაში. ეს ზუსტი ციფრი არ არის, მაგრამ საორიენტაციოდ ვლაპარაკობ, პროპორციები როგორც იყოფა. ამიტომ დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ მისცემს შედეგს ოპოზიციას. ზოგადად, ოპოზიციის შანსი ის არის, რომ 400 ათასი ამომრჩეველი როგორმე თვითონ დაიმაგროს, ამ დამაგრების საშუალება კი წვრილ პარტიათა გაერთიანებაა. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვას არ ვგულისხმობ, მაგრამ რაღაცნაირად ოპოზიციონერთა შერჩევა უნდა მოხდეს, რადგან „ნაცმოძრაობასთან“ დიდი ალიანსის შეკვრას აზრი არ აქვს“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული კოორდინაცია ოპოზიციურ ძალებს შორის დღემდე არსებობს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს ერთ პარტიაში და ერთ პარტიად გადაიქცეს, სხვადასხვა პარტიას შორის არის პოზიციების დამთხვევაც, აზრთა სხვადასხვაობაც, ისინი თანამშრომლობენ იმავე საკრებულოებში, თუნდაც გახარიას პარტია ავიღოთ. თუმცა აქ მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ოპოზიციურ გაერთიანებაშია, არამედ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნიჰილისტურად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მიმართაც. ამიტომაც არჩევნებზე მოსახლეობის უმრავლესობა არ მიდის, რაც მმართველი გუნდის სასარგებლოდ ასხამს წყალს. ამიტომ ოპოზიციამ და, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობამ“ შესაბამისი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაატაროს, რომ თავის მხარეს გადაიყვანოს თუნდაც ნეიტრალური ამომრჩეველი.
„როდესაც დიდი ოპოზიციური გაერთიანების ცალკეული წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გადაგდებაზე საუბრობენ, ეს იმით უნდა აიხსნას, რომ მათ შორის უთანხმოება იყო. ალბათ, ასე მოხდა ვაშაძესთან მიმართებითაც. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანდნენ „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, ეს კარგი იქნება, მათ საერთო ამომრჩეველი ეყოლებათ, მაგრამ მაშინ პირობები უნდა იყოს ის, რომ რეგიონებსა თუ თბილისში მოსახლეობას აუხსნან, რატომ არის კარგი, თუკი ოპოზიცია ცვლის სახელისუფლებო პარტიას. დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საუბრობს იმაზე, არ მინდა „ქართული ოცნება“, მაგრამ არც „ნაცმოძრაობა“ მინდა, არიან ისეთებიც, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევენ იმისთვის, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ. აქ პრობლემაა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ საინფორმაციო ომს აგებს, რომ არაფერი ვთქვათ ადმინისტრაციულ რესურსზე, რომელიც ხელისუფლების მხარესაა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.