9-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1 მარტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია. საპატიმრო 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც for.ge-ს ინფორმაციით ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა. ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ელიტის მიერ იგნორირებული ყოფილი შს მინისტრი ამ დრომდე გადის ფსიქოლოგიურ მკურნალობას. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ძალოვანი მინისტრები თავისუფლებაზე არიან, მაგრამ საპატიმროში რჩება ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით იმდენად მძიმეა, რომ სხვა დაავადებებთან ერთად ექს-პრეზიდეტს მეხსიერების პრობლემაც აწუხებს.
ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რომ შეთხზულია და პოლიტიკური მოტივი აქვს, ადასტურებს თავად პატიმრის აქტიურობა. გარდა იმისა, რომ სასამართლო დარბაზს იყენებს, როგორც პოლიტიკურ ტრიბუნას, ასევე პატიმარი სააკაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თუ გავითვალისწინებთ ბრალდების სიმძიმეს, სულ მცირე 6 წელი მოუწევს ციხის კედლებიდან დააკვირდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მწვავე ანემია აქვს. ასევე, მოგვარებული არ აქვს ნევროლოგიური პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად, ნაყოფია გვამცნობს, რომ სააკაშვილი მაინც მხნედ და ოპტიმისტურად არის და, ასევე, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მალე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს.
„მას რეალურად აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე, აღენიშნება ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე მოგვარებული არ არის, ყველაფერ ამის ფონზე, მის პირად ექიმს არ უშვებენ და არც უცხოელ ექიმებს, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან. დღემდე თანხმობა არ არის ექიმების მიხეილ სააკაშვილთან დაშვების საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, ნუ არიან ილუზიებში, რომ ეს ამბავი ასე მარტივად ჩაივლის“, - აცხადებს კობა ნაყოფია.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაეხმარებიან კვლევის ჩატარებაში, ასევე გაეწევა კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია.
„ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დავეხმარებით როგორც ადგილზე ტრანსპორტირებაში, თუ არის ამის საჭიროება, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება იქნება თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაციის, მაგრამ ამ დრომდე, რამდენადაც ვიცი, ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის, მზად ვართ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და მიმდინარე საქმეებზე სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტების რჩევა იყოს გათვალისწინებული.
„როგორც ვიცით, თავიდანვე ევროკავშირის პოზიცია ჩამოვაყალიბე სამ ეტაპად. პირველი - სააკაშვილის ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა, მეორე - მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დაბოლოს, სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარე საქმეებზე. ამაზეა ჩვენი ფოკუსი და ყურადღებით ვაკვირდებით. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა სახალხო დამცველის ეგიდით, ხორციელდება სხვა ვიზიტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურია, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტის რჩევა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილი რაც უფრო მეტად იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება, პირველ ყოვლისა, თავად მისთვის.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, ალბათ, ძანაც არ შესტკივათ გული. მათთვის დღეს სააკაშვილი ღირებულია იმდენად, რამდენადაც ელექტორალურად არის ძლიერი. ვიღაცეები შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკას ჩამოშორდება, ეს ელექტორატი „ნაცმოძრაობას“ ისედაც დარჩება. ასე რომ, პარტიის გარკვეულ ნაწილში შესაძლოა, უნდოდეთ, რომ ამ მიმართულებით დაიწყონ აქტიურობა და შექმნან ილუზია, რომ ავად არის. თუ ავად არის და მეხსიერება ღალატობს, პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს, ეს ლოგიკურია. თუ „ნაცმოძრაობას“ სააკაშვილის გარეშეც დარჩება ამომრჩეველი, ვფიქრობ, დიდად არ შეიწუხებენ თავს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება ახალაიას, რომელიც ზუსტად ერთ თვეში დატოვებს საპატიმროს, ძაბირაძე გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკას დაუბრუნდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი დეტალია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალიას, როგორც პატიმრის არშემჩნევა. თუმცა დარწუნებულია, რომ თავისუფლებაზე მყოფი ახალია დამატებით პრობლემებს არ შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისიც, როგორც მერაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ ელიტურ პოლიტიკურ ავანსცენაზე არ გამოჩნდება.
„მერაბიშვილზე გაცილებით დიდი აჟიოტაჟი იყო, რომ თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო და პოლიტიკაშიც სცადა შესვლა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისთვის ის მიუღებელი აღმოჩნდა. „ნაციონალურმა მოძარაობამ“ მშვენივარდ იცის, რომ მერაბიშვილი არის ბალასტი პოლიტიკაში, ისევე როგორც ბაჩო ახალაია. მისი ძმა ჯერ კიდევ ძებნაშია, მისჯილი აქვს. მგონია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალაია იქნება მშვიდად და წყნარად. არ მგონია, რომ პოლიტიკურ ასპარეზს გაეკაროს მანამ, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია, მაგრამ თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება, გარანტია იმისა, რომ ისევ კარს მიღმა დარჩება მერაბიშვილი, ან ახალაია, რა თქმა უნდა, არ არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, როდესაც დასჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპარლამენტის დონეზე, მათ შორის მედიაციის დონეზე გაიტანეს ე.წ. სამი პოლიტპატიმრის - ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას და ჟორიკა რურუას საკითხი, მაგრამ ამ ხელოვნურად შექმნულ „პოლიტპატიმრების“ სიაში ვერ მოხვდა ბაჩანა ახალაია.
„თეორიული თვალსაზრისითაც კი, აი, ამ ხელოვნურად შექმნილ აბსურდულ პოლიტპატიმრის სიაში ერთხელ მაინც შეეტანათ ახალაია, თუ გაუვიდოდათ, გაუვიდოდათ. სადაც ჟორიკა რურუა შეიტანეს და გაუვიდათ, რომელიც თავისი კრიმინალური წარსულით რითია უფრო პოლიტიკური ბეგრაუნდის მქონე, ვიდრე ყოფილი თავდაცვის მინისტრი? არ ვიცი, ამათი თავმოყვარეობის დონე რითი გაიზომება და რა ნიშნულზე არის შემორჩენილი, რომ ბაჩანა ახალაიას არ ჰქონდეს წყენა თავის ყოფილ თანაპარტიელებთან მიმართებაში, თუნდაც ამ ელემენტარული საკითხის გამო. თუ თავმოყვარეობა შერჩა, არ ვიცი, რას იზამს, შეიძლება საქართველო საერთოდ დატოვოს და წავიდეს იქ, სადაც მისი ძმა არის მიმალვაში. მაგრამ თუ აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებმება, მაშინ საერთოდ წამეშლება შთაბეჭდილება მის კაცობაზე და თავმოყვარეობაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.