პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთვებიან. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და კანონმდებლები ასეთი ცვლილებების მოსამზადებლად ერთობლივად იმუშავებენ. პირველი შეხვედრდა ამ საკითხზე ადამინის უფლებათა კომიტეტში უნდა გაიმართოს. სპეციალისტების განმარტებით ცვლილება რამდენიმე კანონში უნდა შევიდეს, ასე უნდა გამკაცრდეს სასჯელი მობილური ოპერატორებისთვის პირადი ინფორმაციის გაცემის გამო.
ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური თვლის, რომ უნდა შეიცვალოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, ასევე, უნდა გაძლიერდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი.
„იმ შემთხვევაში, თუ მობილური ოპერატორი მასობრივად გასცემს პირად ინფორმაციას, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკით. ჩვენ მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შემუშავების პროცესში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ვითანამშრომლოთ,“ - აცხადებს ფორ.გე-სთან საუბრისას ეკა გიგაური.
ინტერნეტ სივრცეში საკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ აქტუალური გახდა საკანონდებლო ცვლილებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. როგორც ცნობილია, 3 მაისს ინტერნეტში ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.
აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც „საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას" გულისხმობს. გამოძიება შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა.
გიორგი ფარესიშვილი ამტკიცებს, რომ სკანდალური კადრების გავრცელების უკან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დგანან. მისვე თქმით, ამ სამეულმა ჩაიგდო ხელში დღეს ის ბიზნესები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვანო მერაბიშვილის კლანს ჰქონდა გადანაწილებული წლების განმავლობაში.
როგორც ფარესიშვილი ამბობს, მისთვის უნდა მიეწოდებინათ იმფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მისი მეუღლის „ბინძურ საერთო საქმეებზე და როცა ის ამ პიროვნებას შეხვდა, სწორედ მისგან გაიგო, რომ მის შესახებ ინტერნეტში ვიდეომასალა გავრცელდებოდა. ფარესაშვილი ქართულ გამოძიებას არ ენდობა და მოითხოვს, რომ გავრცელებული კადრები საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ.
„სანამ ხვედელიძე, ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი თანამდებობებზე იქნებიან, მანამდე არ მოხდება იმ ბინძური ფაბრიკაციის გამოძიება, რაც ჩემს წინააღმდეგ გავრცელდა. მათი თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ ყველა ფაქტს, რომელიც ჩადენილია ამ სამი პიროვნების მიერ, გამოძიებას მივაწვდი, შემდეგ კი საზოგადოებას გავაცნობ. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ, მათ წინააღმდეგ კომპრომატებს მაინც გამოვაქვეყნებ,“ - აცხადებს ფარესაშვილი, რომლის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ფაბრიკაციაა და ამტკიცებს, რომ კადრებში ნაჩვენებ პირებს საერთოდ არ იცნობს.
ფარესიშვილის ინფორმაციით, მას აქვს აუდიომასალები, დოკუმენტები, ასევე ჰყავს მოწმეები, რითაც დასტურდება ამ სამი ადამიანის დანაშაულებები. მისი თქმით, ეს ეხება ხვედელიძის პერსონას, ხვედელიძისა და სანიკიძის ურთიერთობას, ასევე ხვედელიძის მიერ ლაფანყურის საქმეში გია ლორთქიფანიძეზე ხელის დაფარებას.
„მივმართავ ამ სამ პიროვნებას, არსებობს თქვენს მიერ ჩადენილი ბინძური ქმედებების ფაქტები. არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც დაასახელებენ ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის დანაშაულებებს. ჩემს გარდა ამ კლანს სხვა ადამიანებიც ებრძოდნენ და მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ, მომეთხოვა მე პოლიტიკური თავშესაფარი, ქვეყნიდან წავსულიყავი და ეს იქნებოდა სიგნალი იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ ებრძვის, რომ თუ ისინი არ გაჩუმდებოდნენ, მათაც იგივე ბედი მოელოდათ. ჩემს წინააღმდეგ ბინძური ფაქტები ამ სამი ადამიანის ერთიანი მხილების შემდეგ წამოვიდა. ეს ფაბრიკაცია ჩემს წინააღმდეგ, ჩემს მიერ მათი ერთთვიანი მხილების შემდეგ დადეს,“ - ამბობს ფარესაშვილი.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მასა და გელა ხვედელიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორივენი „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ და როდესაც მან გელა ხვედელიძე ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაში და „ქართული ოცნების“ „ნაციონალებით“ დაკომპლექტებაში ამხილა.
როგორც ფარესიშვილი აღნიშნავს, როდესაც ის უკრაინიდან დაბრუნდა, მის ხელთ აღმოჩნდა ინფორმაცია ამ პირების ქმედებების შესახებ, მათ კი ორი გზა ჰქონდათ დარჩენილი - ან მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია ან ეს სიბინძურე დაედოთ.
„ამის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობას“ თავშიც კი არ მოსვლია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ფაბრიკაცია „ნაციონალების“ პერიოდში იყოს გაკეთებული, მაგრამ ეს უშიშროების გარეშე არ გავიდოდა, დღეს კი უშიშროებას გელა ხვედელიძე მართავს. ეს ფაბრიკაცია „ნაციონალებს“ არჩევნების პერიოდში რომ დაედოთ, მაშინ ეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმოქმედებდა და შესაძლოა მათ არჩევნებიც ვერ მოეგოთ,“ - აღნიშნა ფარესიშვილმა.
ფარესიშვილის თქმით, ის ამ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, რომელიც ამ ყველაფრით დაინტერესდა. მისივე ინფორმაციით, ნორლანდი გამოძიებით დაინტერესდა. როგორც ფარესიშვილი ამტკიცებს, მან გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. თუმცა, გამომძიებლებმა ჩვენებაში არ ჩაწერეს ხუხაშვილის, ნაცვლიშვილისა და ხვედელიძის სახელი და გვარი, მათ უარი განაცხადეს ამ ადამიანების დაფიქსირებისაგან.
„ხუხაშვილი თავს ვეღარ იმართლებს, აგონიაშია და აცხადებს, რომ თურმე მე ექიმების მიერ ვარ შესამოწმებელი. მე კი მას ვურჩევ, ლაშა ნაცვლიშვილი შეამოწმოს ნარკოლოგიურში, ოღონდ - ჟურნალისტების თანდასწრებით. გია ხუხაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს გარკვეული ბიზნესკლანები აქვთ შექმნილი. მე ამ ინფორმაციას მაწვდიან ბიზნესმებები. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, საქართველოში ადეიშვილ-კეზერაშვილის კლანი იქნება, თუ ხუხაშვილ-ხვედელიძე-ნაცვლიშვილის კლანი იბატონებს,“ - აცხადებს გიორფი ფარესიშვილი.
სკანდალური ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილი სპეციალური განცხადება გაავრცელა. მან ფარესაშვილს შეხვედრა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შესთავაზა.
თუმცა, მას შემდეგ რაც ფარესაშვილმა ამ ჩანაწერების გავრცელებაში ხუხაშვილი ოფიციალურად დაადანაშაულა, პრემიერის მრჩეველმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა თვლის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გავრცელება დანაშაულია.
„ეს ადამიანი ავად არის. სამკურნალოა თუ შეგნებულად ინსტრუმენტად იყენებს მას, ეს უკვე გამოძიების საკითხია. ძალიან მძიმე დანაშაულია და დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული. ასევე, უნდა იქნას გამოძიებული, რა სისტემა დგას მისი განცხადებების უკან. ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს კვალი უნდა ვეძებოთ იქ, სადაც მისი დეზინფორმირება ხდებოდა. ეს ყველაფერი აღარ არის მარტო მისი პრობლემა, ეს ჩვენი საერთო პრობლემაა,“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შს მინისტრს მოუწოდებს, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად აწარმოოს.
„როგორც ჩანაწერზე და ასევე მის გავრცელებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები, ვინც ამ ყველაფრის უკან იყვნენ. მაგრამ ვინ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ჯერ-ჯერობით მე არანაირი მტკიცებულება არ მომისმენია კონკრეტულად ამ პირების მონაწილეობის შესახებ. შეიძლება იყოს ეჭვები, მაგრამ უნდა არსებობდეს მტკიცებულებები“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ფარესაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ყოფილი მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მოღვაწეობის პერიოდშია გადაღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის გაუგებარია, რატომ არის დაბლოკილი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ახდენს პირადი ცხოვრების გამომზეურობის კრიმინალიზაციას.
მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულდა ემიჯნება მისი მთავრობისკენ თითის გაშვერას.
„ასეთ რამეებს აკეთებდნენ ედუარდ შევარდნაძის დროს, პუტინის სპეცსამსახურები რუსეთში და ზოგიერთი სხვა დანაშაულებრივი რეჟიმი. შეშფოთებული ვარ ამ ტენდენციით, ისევე როგორც პრემიერ-მინსტრის მიერ ფარული ჩანაწერების წარმოების საჯაროდ რამდენჯერმე ხსენებით. კიდევ ერთხელ მოუწოდებ პარლამენტს, ნუ ბლოკავს ჩემს მიერ საგანგებოდ შემოტანილ კანონპროექტს, რომელიც ბევრად მეტად დაიცავდა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“ - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ გიორგი ფარესაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას: „ეს რომ ახალი გუნდის სტილი და ხელწერა არაა, მე მგონია, რომ ჟურნალისტებვისთვის ეს გასაგებია. ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას“.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე შს სამინისტროსთვის ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის საქმესთან დაკავშირებით მასალების გადაცემას აპირებს. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ჟურნალისტ მარი გულორდავასა და გიორგი ფარესიშვილის მიმოწრა, თავად ფარესიშვილის თხოვნით გაასაჯაროვა.
მილედი გულო: აქ ხარ?
გიორგი ფარესიშვილი: კი, მისმინე შენ თუ შეგიძლია, დღეს საღამოს ხომ არ გადავიკვეთოთ? მე ზუსტად არ ვიცი ხვალ ვიქნები თუ არა თბილისში.
მილედი გულო: კი, კი, მეც ეგ უნდა მომეწერა, რომ დღეს საღამოს გვენახა ერთმანეთი.
გიორგი ფარესიშვილი: არის რამე ახალი?
მილედი გულო: ხო.
გიორგი ფარესიშვილი: (უწერს მობილურის ნომერს. რედ.)
მილედი გულო: დღეს საღამოს გნახავთ მე და თენგო, რვისთვის შევხვდეთ სავარაუდოდ ხვალ უნდა დავგეგმოთ პრესკონფერენცია.
გიორგი ფარესიშვილი: აღდგომის მერე, რომ იყოს, თუნდაც სამშაბათს.
მილედი გულო: არ ვიცი, მოვილაპარაკოთ.
გიორგი ფარესიშვილი: მოკლედ, შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ და იქნებ საერთო მეგობარსაც შევხვდეთ ერთად, ხომ მიხვდი.
მილედი გულო: ოქ, კი მივხვდი, მაგრამ საერთო მეგობარი გაფრინდა წუხელ და საქმე დაგვიტოვა გასაკეთებელი:))))
გიორგი ფარესიშვილი: მიიღე, ხო ჩემო მობ? დამირეკე, მეც საბურთალოსკენ უნდა ვიყო წესით.
მილედი გულო: კი, მივიღე. დაგირეკავ რვა საათისთვის.
გიორგი ფარესიშვილი: ოქ.
გარდა ამისა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას ელისო კილაძემ აღნიშნა, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც მოქმედი მაღალჩინოსანი „სახალხო კრების“ წევრ ლაშა ამირეჯიბს ინფორმაციას აწვდის, რომ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის შესახებ ვიდეოფირი არსებობს. კილაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელებამდე ერთი კვირით ადრე ლაშა ამირეჯიბს შეხვდნენ ახალი ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი და ბეჭდური მედიის წარმომადგენელი.
„შეხვედრაზე ამ მაღალჩინოსანმა ამირეჯიბს განუცხადა, რომ გიორგი ფარესაშვილის წინააღმდეგ არსებობდა ვიდეომასალა, მანვე ამირეჯიბს ფირის შინაარსი გაანდო, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ფარესაშვილი უნდა გაჩერებულიყო. ამ შეხვედრის შემდეგ ლაშა ამირეჯიბი დაუკავშირდა გიორგი ფარესიშვილს, რომელმაც მის წინააღმდეგ რაიმე ტიპის ფირის არსებობის შესაძლებობა კატეგორიულად უარყო. შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ შეხვედრის ამსახველი აუდიომასალა სამინისტროს გადაეცემა და გასაჯაროვდება,“ - უთხრა for.ge-ს ელისო კილაძემ.
For.ge დაუკავშირდა გაზეთ „ალია“-ს ჟურნალისტს მარი გულორდავას, თუმცა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ის კომენტარს არ გააკეთებს.