როზა ლუქსენბურგის ქართული ოცნება

როზა ლუქსენბურგის ქართული ოცნება

ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს "როზა ლუქსენბურგის ოცნებას" უწოდებს. "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრისას სწორედ ასეთნაირად შეაფასა მან იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც თურმე "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება". განათლების მინისტრის "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ისინი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.

თავის მხრივ, მარგველაშვილის მოსაზრებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე არ ეთანხმება და უკვირს, რატომ არის გიორგი მარგველაშვილი ასეთი რადიკალური. მეტიც, მისი აზრით, ეს როზა ლუქსენბურგის საოცნებო შრომის კოდექსი კი არა, არამედ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია, რომელიც აბალანსებს უფლებებსა და მოვალეობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ამდენად, იგი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან.

შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი კარი ტიპიოლა ადასტურებს, რომ შრომის კოდექსის ახალი ვარიანტი მათთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული და შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს.

კოდექსთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკული მოსაზრების კომენტირებისას დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შრომის ახალი კოდექსი ბიზნესის განვითარებას ხელს არ შეუშლის. პირიქით, კოდექსში შეტანილი ცვლილებები დაბალანსებულ ვითარებას შექმნის დამსაქმებლებსა და დასაქმებულს შორის და ამით თავად დამსაქმებლებისთვისაც ვითარების სერიოზული გაუმჯობესება მოხდება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ადასტურებს, რომ შრომის კოდექსის დოკუმენტში გარკვეული საკითხები ჩასწორდება. კერძოდ, ჩასწორება შეეხება ზენორმატიულ სამუშაო დღეებს, მათი ანაზღაურების პრინციპს, არანორმირებულ სამუშაო დღეს და ა.შ.

ის, რომ შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჯერ კიდევ იანვარში აღნიშნავდა. ამავდროულად, მაშინვე აანონსებდა, რომ ახალი შრომის კოდექსით ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა. ასევე, იცვლებოდა შრომითი ხელშეკრულებების ფორმატი, რომელიც მანამდე ძირითადად ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა.

მეტიც, თეა წულუკიანი არასდროს პირდებოდა დამსაქმებელს, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული და ეს ახალი ხელისუფლების გუნდის წევრებისთვის იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, ისინი მაშინვე აცხადებდნენ, რომ ახალი "შრომის კოდექსი" დასაქმების კუთხით ქვეყანაში მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებდა და საქართველოში მოქმედ ინვესტორებს დღესვე აიძულებდა, ადამიანები სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ. ამას უმცირესობა ისეთი პათოსით აცხადებდა, თითქოს სწორედ მათ დროს არ იყო სამსახურებიდან დათხოვნა ფრთაშესხმული და თითქოს მათი შრომის კოდექსი უმწიკვლოდ გამოიყურებოდა. 

კერძოდ, რა შეიცვალა ახალი შრომის კოდექსით?! როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მე-6, მე-9, 37-ე, 38-ე, მე-40 და 41-ე, 49-ე მუხლებს შეეხო. მე-6 მუხლის მიხედვით, შეიზღუდა ე.წ. მოკლევადიანი ხელშეკრულებების დადება, თუკი დამსაქმებელს მომსახურების ხანგრძლივად მიღება სჭირდება.

37-ე და 38-ე მუხლები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შეეხება. ცვლილებების მიხედვით, დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება თავად დამსაქმებელს (კონფლიქტურ სიტუაციაში, მას მოუწევს თავი იმართლოს, რომ დასაქმებული დისკრიმინაციული ნიშნით არ გაუთავისუფლებია. მოქმედი კოდექსით კი დასაქმებულს უწევდა, დაემტკიცებინა სასამართლოს წინაშე, რომ მის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა).

გარდა ამისა, კოდექსის პროექტი დისკრიმინაციად აფასებს პროფესიული კავშირის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებას, ასევე დასაქმებულის გათავისუფლებას იმ პერიოდში, როდესაც ის ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას ასრულებს. კოლექტიური დათხოვნის შემთხვევაში კი (როდესაც ერთდროულად ხდება 10 და მეტი თანამშრომლის გათავისუფლება), დასაქმებულებისადმი პასუხისმგებლობა კომპანიებს მათი სიდიდის, რესურსებისა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით ეკისრებათ.

საინტერესო ის იყო, რომ ამ განახლებული კოდექსის შემხედვარე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარემ, ფადი ასლიმ მაშინვე უკმაყოფილება გამოთქვა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვის წესის ცვლილების გამო. მან საქართველოს კონსტიტუცია მოიშველია და თქვა, რომ დამსაქმებელი ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს არჩევანში, ისევე, როგორც მამაკაცს ვერავინ დააძალებს, არ გაეყაროს ცოლს, რომელიც აღარ უყვარს.

დღესდღეობით საინტერესოა, შრომის კოდექსთან დაკავშირებით რატომ იყოფა აზრი უმრავლესობის წევრებს შორის და რა საერთო აქვს ახალ შრომის კოდექსს "როზა ლუქსენბურგის ოცნებასთან"?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს და ბიზნესმენებს ესაუბრა.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი პაატა შეშელიძე გიორგი მარგველაშვილის პოზიციას ლოგიკურად აღიქვამს და იმედოვნებს, ვიცე-პრემიერი ამ პოზიციას საკუთარი კოლეგების წინაშეც გაიმეორებს.

პაატა შეშელიძის თქმით, რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი. პირველი, რომ კანონპროექტის ახალი ვარიანტი, ფაქტობრივად, უგულებელყოფს კერძო საკუთრებას და აკანონებს სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრებაში ჩარევას, თითქოს კერძო მესაკუთრე ვალდებულია სხვა ადამიანზე, რომელიც მან დროებით დაიქირავა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, ვიდრე ეს კონტრაქტში შეიძლება იყოს ჩადებული.

ექსპერტი მეორე საკითხსაც გამოყოფს. კერძოდ, რომ ახალი შრომის კოდექსი აფართოებს პროფკავშირების ფუნქციებს და მათ მხარედ აყალიბებს, რაც აბსოლუტურად ზედმეტია შრომით ურთიერთობებში; შეშელიძის მესამე არგუმენტი კი ისაა, რომ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა ტიპის ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს ასეთი ჩარევის შედეგად. კერძოდ, ეს იქნება არალეგალური ურთიერთობები. ამიტომაც დამსაქმებელი აღარ იქნება დაინტერესებული, ლეგალური კონტრაქტები გააფორმოს დაქირავებულებთან, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, მათ დათხოვნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება. ამიტომ დამქირავებლის დანახარჯები დიდი იქნება.

“სწორედ ამის გამო დამქირავებლები ლეგალურ კონტრაქტებს მოერიდებიან, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ვერავინ დაავალებს დამქირავებელს, თავისი ფული, მომგებიანი იქნება თუ არა, უხადოს სხვა ადამიანებს. ამიტომ ეს თემა ემოციების გარეშე უნდა განიხილონ და ლობირება, ჩაწყობა, ქრთამი უნდა გამოირიცხოს. ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი უაღრესად კორუმპირებული პროცესის შედეგია, რომლის მონაწილეებიც არიან პროფკავშირები და ზოგიერთი დაინტერესებული პირი სამინისტროებში; მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში ბარამიძის თამადობით”,-აცხადებს პაატა შეშელიძე და შრომითი კოდექსის ახალ პროექტს ძველთან შედარებით კიდევ უფრო უარესად მიიჩნევს.

ზოგადად, ექსპერტის პოზიცია ასეთია, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა კონტრაქტმა უნდა დაარეგულიროს. ხოლო, თუ ვინმე გადაცთომას ჩაიდენს, მისი საქმე სასამართლოში უნდა გაირჩეს. ზედმეტი რეგულაციის შეტანა და, მით უმეტეს, პროფკავშირებისთვის დამატებითი პრივილეგიის მინიჭება კი სრულიად აბსურდია. მეტიც, პაატა შეშელიძე გაუმართლებლად მიიჩნევს იურიდიულ დაკანონებას, რომ თურმე აუცილებლად პროფკავშირებმა უნდა დაიცვან დასაქმებულის უფლებები. იგი თვლის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იურიდიული კომპანია დაიქირავოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართოს და დაიცვას თავისი უფლებები. 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ბიზნესმენი გოგი თოფაძე შრომითი კოდექსის ახალ ვარიანტს დროულად მიიჩნევს, თუმცა აღიარებს, რომ არის რამდენიმე პუნქტი, რასაც, სხვებთან ერთად, არ ეთანხმება. კერძოდ, ეს არის უვადო ხელშეკრულება, რომელიც ძალზე მძიმე ტვირთად დააწვება მეწარმეს თუ ბიზნესმენს და, ალბათ, პარლამენტშიც არ გავა ამ სახით.

„უვადო ხელშეკრულება იმდენ დამატებით იურიდიულ ნიუანსს ითხოვს, რომ უნდა გაითვალისწინონ ყველაფერი. ეს დამსაქმებელთან ბევრ პრობლემას შექმნის. პრინციპში, დანარჩენი სხვა დებულებები მისაღებია და ეს შრომითი კოდექსი პერსპექტიულია, მაგრამ იურიდიული სამსახური ყველა წარმოებას დასჭირდება, რადგან უნდა გაირკვეს კონკრეტული პირობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის,“ - გვითხრა გოგი თოფაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ წინამორბედი შრომის კოდექსის შემოქმედის -კახა ბენდუქიძის ხედვით მიიღეს მაშინდელი კოდექსი, რაც შეეფერებოდა იმდროინდელ ეკონომიკას და- დღევანდელ ეკონომიკასაც, რადგან ბევრი არაფერი შეცვლილა ამ მხრივ და ეს ის იშვიათი საკითხთაგანია, სადაც კახა ბენდუქიძეს იგი ეთანხმება.

„შუა ევროპის და ბენელუქსის ქვეყნების თარგზე მორგებული შრომის კოდექსი, რასაც ახლა გვთავაზობენ, მიუღებელია საქართველოსთვის და გამოიწვევს დასაქმების რეალურ შემცირებას. მიკვირს, რატომ არის ასეთი სიჩუმე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს ნამდვილად შეამცირებს დასაქმებულთა რიცხვს. ამ დროს კი ბიზნესი საქართველოში უმძიმეს მდგომარეობაშია და დასაქმებულებთან ზედმეტი ვალდებულებების აღება ამ ეტაპზე ბიზნესს გაუჭირდება“, - აღნიშნა ექსპერტმა.