„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გააქტიურებასა და აქციებს აანონსებს. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ პარტია ისევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლებს. თუმცა, აღნიშნულს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში სკეპტიკურად უყურებენ, რადგან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციები იმ შედეგს ვერ გამოიღებს, რისი მიღწევაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სურთ. ამასთან, ხალხი დაიღალა და საზოგადოებაში არ არის ის მუხტი, რამაც შედეგად შესაძლოა ვადამდელი არჩევნები მოიტანოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნება და შედეგი იმაზეა დამოკიდებული, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის მუშაობა და დღის წესრიგი როგორი იქნება. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას, რომ „ქუჩის პარლამენტში გადატანა“ არასწორი იქნება და ეს კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აზრს კარგავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობამ“ გააკეთოს ანალიზი, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას და შემხვედრი ნაბიჯები ამ კვლევის შედეგად გადადგას.
„ეს აქციები აქტიური შეიძლება იყოს, მაგრამ ხალხმრავალი არ იქნება. სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ტარდებოდა ეს აქციები. რაც დრო გადის, ვადამდელი არჩევნები კარგავს აზრს. თუ ვადამდელის მიღწევა აქციებით შესაძლებელი იყო, ეს ერთი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. რატომ იქნება ეს რელევანტური, ან რატომ შეუერთდება ხალხი, ვინმეს ამაზე პასუხი აქვს? ეს ის შემთხვევა არ არის, „ითხოვდეთ და მოგეცეთ,“ სხვა შემთხვევაა.
გაანალიზონ ის შედეგები, რაც მიიღეს, საზოგადოებაში რა მოთხოვნებია. თუ „ნაცმოძრაობის“ აქტივს ჰკითხავ, ის გეტყვის, რომ მზად არიან საპრტესტო აქციებისთვის, თუმცა, პარტიულ აქტივს უნდა გასცდნენ, საზოგადოების ფართო ფენაზეა საუბარი. დღეს საზოგადოებაში არ არის პროტესტის მუხტი ისეთი ძლიერი, რომ ის ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.
პარლამენტში ალბათ შევლენ, მაგრამ იქაც, თუ ქუჩას პარლმენტში გადაიტან, ეს შედეგს არ მოგცემს. „ნაცმოძრაობამ“ უნდა განიხილოს, რატომ ვერ ახერხებს ის ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, როდის იყო საზოგადოების დამუნათებით, ქუჩაში კაცი გამოდიოდა? - არ მუშაობს ეს. შევლენ პარლამენტში და თუ ისევ დაიწყეს იქ სითხეების დასხმა... თუ თავი აქვთ, პარლამენტში, სერიოზულ დებატებში დაამარცხონ „ქართული ოცნება,“ თემები არის უამრავი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ქუჩის აქციებთან ერთად, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა და ასევე, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია.
„არ მგონია, რომ მხოლოდ აქციები იყოს საკმარისი, ასევე აუცილებელია საპარლმენტო საქმიანობა და ამ ტრიბუნის გამოყენება. ამასთან, საჭიროა რეგიონებში სიარული, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში და ის შეცვალოს კოალიციურმა მთავრობამ, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან იქნება წარმოდგენილი. ამას კი სჭირდება გარკვეული ახსნა-განმარტება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათი პარტია „აქტიურ პოლიტიკურ სეზონს“ იწყებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარლამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სტრატეგიას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 12:00 საათზე წარადგენს.