რუსულ–ფრანგულ გარიგება კრიტიკის ობიექტი გახდა

რუსულ–ფრანგულ გარიგება კრიტიკის ობიექტი გახდა

პარიზი – შობის დღესასწაულის წინ, საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის სადესანტო ხომალდების მიყიდვის გამოცხადებით, უმაღლეს სამთავრობო დონეზე გარიგების ორგანიზატორები რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტით ისე ტრაბახობენ, როგორც საფეხბურთო მატჩის გამარჯვებულები. „საფრანგეთმა გაიმარჯვა“, – ნათქვამია ელისეის სასახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

თუმცა, ოპონენტებმა, განსაკუთრებით რუსეთის მეზობლებმა, ანუ საქართველომ, ესტონეთმა და ლიტვამ, განგაში ატეხეს, იფიქრეს რა, რომ ამგვარად საფრანგეთი გზას უხსნის სხვა დასავლურ ქვეყნებს, მიჰყიდონ რუსეთს ყველაფერი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ – უახლესი სამხედრო აღჭურვილობით დაწყებული, დამთავრებილი უფლებებით ნავთობსადენებზე.

„ეს სკანდალია“, – განაცხადა ფრანგმა ფილოსოფოსმა ანდრე გლუკსმანმა, რომელიც ამ შეთანხმებას აკრიტიკებს. ორშაბათის ინტერვიუში მან თქვა, რომ განცხადების დრო საგანგებოდ შეირჩა, ის საქმიან სამყაროში საშობაო არდადეგებს დაამთხვიეს, რათა ყველა „ბინძური დეტალი“ დაემალათ.

200 მეტრის სიგრძის თანამედროვე ვერტმფრენმზიდი, ხომალდი „მისტრალი“, მისი მართვის სისტემითა და ბორტზე არსებული ჰოსპიტალით, დესანტის გადასაყვან სამხედრო ოპერაციებზეა მორგებული. რუსეთის მხრიდან ეს უცხოეთში იარაღის შეძენასთან დაკავშირებული პირველი მსხვილი გარიგებაა, ისევე როგორც ნატოს წევრი ქვეყნისგან იარაღის ყიდვის პირველი შემთხვევა, რაც ერთ დროს საბჭოთა სამხედრო ძლიერების საპირწონედ შექმნილი ალიანსის როლის ცვლილებაზე მიუთითებს.

მოლაპარაკებებში ერთ–ერთი რთული საკითხი იყო ის, მოიცავდა თუ არა გარიგება ასევე თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ სამხედრო–საზღვაო შეიარაღებას და დამცავ სისტემებს. შეთანხმებამდელ პერიოდში, რამდენიმე თვით ადრე, ზოგიერთმა ფრანგმა ჩინოვნიკმა პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად იყო ტექნოლოგიების გადასაცემად ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

ბოლო დღეებში, ფრანგებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, თუ რა დონის ტექნოლოგიებს გადასცემენ რუსებს. თუმცა რუსეთის მეზობლები აშკარად შეშფოთებულები არიან.

„ამ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევი იყო. ის ხომ პრეცედენტს შექმნის“, – აცხადებს ლიტვის თავდაცვის მინისტრი რასა იუკნიავიჩენე. მისი თქმით, ადრე ნატოს ჩინოვნიკები ლიტვას არწმუნებდნენ, რომ ეს გარიგება მგრძნობიარე ტექნოლოგიებს არ მოიცავდა. „მაგრამ ახლა ჩვენ ვიგებთ, რომ ეს ასე არ არის“, – აღნიშნა იუკნიავიჩენემ.

ბალტიის სახელმწიფოები უკვე დიდი ხანია რაც ამ საკითხით შეშფოთებულები არიან, რაც სამხედრო–საზღვაო ადმირალის ვლადიმირ ვისოცკის განცხადებებმა გამოიწვია, რომელმაც შარშან ყოველგვარი მიკიბ–მოკიბვის გარეშე შეაფასა ის პოტენციურად პოზიტიური მომენტები, რასაც აღჭურვილობა საქართველოსთან 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს უზრუნველყოფდა: „ამ ხომალდს იმ ყველაფრისთვის რაზეც ჩვენ 26 საათი დაგვჭირდა, 40 წუთი ეყოფა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ხომალდზე 16 ვერტმფრენის და 450 კაციანი პერსონალის განთავსება შეიძლება, რაც მოკოვს სანაპიროზე პოზიციებს უფრო განუმტკიცებს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი გემებს საერთაშორისო სამართლის და თავდაცვის მექანიზმების შესაბამისად გამოიყენებს, – განაცხადა კალანდაძემ - მაგრამ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ყველაფერს ვერ ანდობ. ის საერთაშორისო კანონებისადმი უდიერი დამოკიდებულებითაა ცნობილი“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ამ შეთანხმებას უფრო მშვიდად შეხვდა. „ორი, ან თუნდაც ოთხი ხომალდის გაყიდვაში, ჩვენ ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ გამოწვევას უსაფრთხოებისთვის ბალტიის ზღვის რაიონში, – დაწერა მან კითხვა–პასუხის „ონლაინ“ რეჟიმში ინტერნეტში - თუმცა გრძელვადიანი დაგეგმვის დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ გარიგების შესაძლო შედეგები“.

კონტრაქტის პირობებით, სამიდან ორი გემი სენტ–ნაზარეს ფრანგულ ვერფებზე, საფრანგეთის ატლანტიკურ სანაპიროზე აშენდება. გარიგებამ რუსეთის მზარდი სამხედრო ამბიციები და მისი სამხედრო ინდუსტრიის მდგომარეობის გაუარესება გამოავლინა. მაგალითად, ის სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ როგორმე დაასრულოს ხომალდ „ადმირალ გორშკოვი“–ს რემონტი და მოდერნიზაცია. ეს მძიმე ავიამზიდი მან ინდოეთისგან იყიდა. ანალიტიკოსები ვარაუდოებენ, რომ რუსეთში „მისტრალის“ მშენებლობაც შეფერხებებით წარიმართება.

„ზოგადად, რუსეთს აუცილებელი რესურსები გააჩნია, მაგრამ ამას გაცილებით მეტი დროს დასჭირდება, რადგან აქ შრომის წარმოების უნარი დაბალია. საფრანგეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით უფრო თანამედროვე ქვეყანაა, მაგრამ ხომალდების მშენებლობის ის გამოცდილება რაც რუსეთს აქვს, იქ არ აქვთ“, – განაცხადა კონსტანტინე მაკიენკომ, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის მოადგილემ. ეს ორგანიზაცია იარაღით ვაჭრობის საკითხებს იკვლევს.

ამ კონტრაქტთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ დავაზე ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ამერიკელების საიდუმლო დიპლომატიურ არხებში მოხვდა, WikiLeaks–მა უკვე გამოაქვეყნა. 2010 წლის თებერვალში, თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ეს საკითხი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ერვე მორენოსთან საუბარში წამოჭრა.

თუკი ელჩის წერილში ფაქტები დამახინჯებული არ არის, ბატონმა გეითსმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებდა საქართველოსთან დაზავების პირობებს, რომელიც სარკოზის შუამავლობით განისაზღვრა. გეითსის დამოკიდებულება გარიგების ორგანიზატორების მიმართ უმაღლეს დონეზე, ერთგვარად აგდებული იყო: „რუსული დემოკრატია აღარ არსებობს, ხოლო მთავრობა – ოლიგარქია, რომელიც სპეცსამსახურბის კონტროლის ქვეშ მოქმედებს“.
[foreignpress.ge]