აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება, თუ პროკურორები მასთან დაკავშირებულ გამოძიებებში რაიმე უკანონობას ჩაიდენენ.
კონროში, ტეხასის შტატში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა შტატებისა და ფედერალურ დონეზე მიმდინარე გამოძიებებზე ისაუბრა, რომელთა სამიზნე დონალდ ტრამპის ბიზნესი და პოლიტიკური საქმიანობაა.
„თუ ეს რადიკალი და ბოროტი პროკურორები რაიმე უკანონობას ჩაიდენენ, ვიმედოვნებ, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პროტესტი გვექნება, რაც კი ოდესმე ჰყოფილა. ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ატლანტაში და სხვაგან, რადგან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი არჩევნები კორუმპირებულია“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
2020 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეჭვობს, რომ კრედიტების მიღების მიზნით, კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა თავისი აქტივების ღირებულება.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ Trump Organization-ში, სადაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღნიშნულ პრაქტიკას იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატებმა ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ შტატის გენერალური პროკურორი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს არღვევს.
2021 წლის ივლისში, მანჰეტენის საოლქო პროკურატურამ Trump Organization-სა და მის ფინანსურ დირექტორს, ალენ ვაისელბერგს საგადასახადო დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.