გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოს მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას იწყებს. პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებლივ საკითხებს შეისწავლის. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დანაშაულებს. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ დაკითხული იქნება ყველა, ვისაც კი შემხებლობა ექნება საკითხთან. არჩილ კბილაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით.
თუმცა, უკვე ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია - მიხეილ სააკაშვილი გამოძიებათან თანამშრომლობას არ აპირებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ემიჯნება პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება. როდის მოიტყუა გენერალმა ყურაშვილმა და რას ელოდება გამოძიებისგან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სამხედრო ექსპერტს აკია ბარბაქაძეს ესაუბრა.
გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2008 წლის აგვიტოს ომის შედეგებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. თუმცა, მისთვის არავის უკითხავს, რის საფუძველზე გააკეთა მან ცნობილი განცხადება - ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წყობილების აღდგენაზე?
აკია ბარბაქაძე: პასუხიმსგებლობას ვერავინ ვერ მოიხსნის. არსებობს კითხვები, ვინ მიიღო სამხედრო გადაწყვეტილება და ვინ გასცა განკარგულება. გადაწყვეტილების მექანიზმი მთლიანად შესასწავლი იქნება. გენერალი ყურაშვილი არის სამხედრო, მისი ყველა განცხადება ბრძანებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ყურაშვილმა მისცა ჩვენება, სადაც განმარტა, რომ 7 აგვისტოს განცხადება არ იყო შეთანხმებილი უმაღლეს მთავარსარდალთან. როდის მოიტყუა გენერალმა ყურაშვილმა?
-სწორედ ამიტომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და გამოძიებული უნდა იქნას ყველაფერი, მათ შორის - ყურაშვილის როლი სამხედრო მოქმედებებში. ყველა იმ თანამდებობის პირის თუ პოლიტიკოსის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელიც იძლეოდა განკარგულებას.
ყურაშვილის 6-წლიანი დუმილის დარღვევა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, ის თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან?
-ეს კითხვები უნდა დაუსვათ ყურაშვილს. იცით, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა გამოძიება, მაგრამ, გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდევს. საზოგადოებაში ეს კითხვები არსებობს და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ჩემი პოზიცია ასეთია: ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ კონფლიქტში, უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. არ არსებობს უხერხული კითხვები, არსებობს უხერხული პასუხები.
მაშინ როდესაც არსებობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, მათ შორის ტალიავინის დასკვნა, რა უნდა დადოს გამოძიებამ ახალი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ?
-ის კომისები, რომელიც აქამდე იყო შექმნილი, მათი მუშაობა არადამაკმაყოფილებელია. იმიტომ, რომ საზოგადოების ინტერესები არ იქნა დაკმაყოფილებული.
თქვენ, როგორც სამხედროს, რა კითხვები გაქვთ, იგივე სამხედრო ოპერაციის მიმართ?
-ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. ეს შეეხება სტრატეგიულ, ოპერატიული ტაქტიკურ ამოცანებს. ვინ განსაზღვრა ეს ამოცანები? ვინ გასცა ბრძანება და ვინ იყვნენ პასუხისმგებლები? თუნდაც ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში შედიოდნენ სამხედრო ნაწილები, იყო მსხვერპლიც, რატომ არ იყო კავშირგაბმულობა; რატომ არ იყო როგორც სამხედრო უზრუნველყოფა, ისე - ლოგისტიკური? რატომ არ იყო მართვა? რატომ ერეოდნენ სამოქალაქო პირები სამხედრო მართვაში?
როგორც წესი, როდესაც ომი იწყება, როგორც მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, მან გასცა ბრძანება და პარლამენტის უკითხავად, უშიშროების საბჭოს სხდომის გარეშე, სამხედრო ნაწილები გადაისროლა კონფლიქტის ზონაში. სამხედრო ამოცანის გარდა, რა ამოცანა ჰქონდათ? როცა შევიდნენ ცხინვალში, რატომ დაკარგეს ამდენი დრო და რატომ არ ავიდნენ ჯავაში, საიდანაც რუსული კოლონა უნდა გამოსულიყო? რატომ არ გამოიყენეს საინჟინრო საშუალებები? რატომ არ დანაღმეს გზები?
ეს იყო სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომა, თუ შედეგი იმისა, რომ სამოქალაქო პირები ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებაში?
- გამოძიებამ დაადგინოს, შეცდომა იყო არა. თუ ომის მდგომარეობაშია ქვეყანა, ამ შემთხვევაში მართვას ხელში იღებენ სამხედრო პირები. სამხედრო რელსებზე გადადის მთლიანად სახელმწიფო მართვა.
როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, სამხედრო პირები და მათ შორის თავდაცვის მინისტრი სამხედრო გადაწყევტილების მიღებაში არ ერეოდა. ის ამბობს, რომ სამოქალაქოები მართავდა ჯარს, ეს დანაშაულია?
- რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია.
მაგრამ, რამდენად სანდოა ის რასაც ყურაშვილი ყვება? მას როგორც სამხედროს პრეტენზია არ გასჩენია მაშინ, როდესაც მას არ ეძლეოდა უფლება გადაწყვეტილების მიღებაში...
-ამიტომაც საჭიროა, ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, ვინ ერეოდა სამხედრო ოპერაციების მართვაში? რა კომპენტენციის ხალხი იღებდა გადაწყვეტილებას? რა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი, როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ? რატომ უმალავდნენ საზოგადოებას ინფორმაციას ორი დღე, რომ პოზიციები დაკარგული ჰქონდათ? ცხინვალი დაკარგული ჰქონდათ და იძახდნენ, რომ ჯავასთან დგანან ქართული შენაერთები და აკონტროლებენ ტერიტორიას. რატომ არ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია? რატომ შეატოვეს ამდენი ტექნიკა მოწინააღმდეგეს? სად დაიხარჯა ამდენი მილიონი, თუ 4 დღე ვერ ვიომეთ.
რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცა, ამაზე ყოფილ მართველ გუნდს აქვს თავისი განცხადება...
- გენერალური შტაბის უფროსი, ასევე სახმელეთო ჯარების სარდალი ვალდებული იყო მიეღო სწორი გადაწყვეტილება.
გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი ზაზა გოგავა ამბობს, რომ გენერალურმა შტაბმა იმუშვა კარგად და გადაცდომა არ ყოფულა...
- მთავარია, დაიწყოს ძიება. მთავარია, რომ იქმნება საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი და ეს ინფორმაცია არ იქნება დახურული. აქამდე მათ ჰქონდათ სპეციალური კანონი მიღებული, ყველაფერს ადებდნენ გრიფს, არ აძლევდნენ საზოგადოებას საშუალებას, რომ მიეღოთ სრული ინფორმაცია. ეს არის საჭირო არა მარტო იმისთვის, წარსულში რა მოხდა, არამედ იმისთვის, რომ ვიცოდეთ დღეს რეალურად რამდენად თავდაცვისუნარიანი ვართ ჩვენ და რა შეუძლია დღეს ჩვეს შეიარაღებულ ძალებს.
სამშვიდო ძალების სარდალს არა აქვს უფლება, გააკეთოს განცხადება საომარო მოქმედების დაწყების შესახებ, რაც გააკეთა ყურაშვილმა. ეს არ იყო მისი დანაშაული?
- მე ერთად-ერთი რამის მომხე ვარ - რომ შევისწავლით აბსოლუტურად ყველაფერი: მისი განცხადება, რისი უფლება ჰქონდა მას მიცემული. იგივეს იძახდა პრეზიდენტი და პარლამენტი.
ეს გასაგებია. მაგრამ, როდესაც სამშვიდობო ძალების სარდალი აკეთებს ამ განცხადებას,, რომელსაც სამშვიდობო მანდატი აქვს, ეს სწორია თქვენის აზრით?
- შევისწავლით და ყველა გადაცდომას მიეცემა შესაბამისი შეფასება. მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე, რომ განაჩენი გამოუტანო ვინმეს. ეს უნდა შევისწავლოთ და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რის საფუძველზე კეთდებოდა განცხადებები, ჰქონდათ თუ არა ამის უფლება. იქ იყო ქაოსი. მასე, არც სამოქალაქო პირებს არ ჰქომდათ ჯარების მართვის უფლება, მაგრამ აკეთებდნენ! შტაბში, რომელიც განთავსებული იყო გორში, ძირითადად იყვენენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო პირები, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებას და გასცემდნენ ბრძანებებს. ესეც უნდა შევისწავლოთ - ვინ რა ბრძანებას იძლეოდნენ.
პირადად მე, როგორც ჟურნალისტი, საომარი მოქმედების დროს ვიყავი გორში, სადაც იყვნებ კახა ლომაია, გიგი უგულავა, გიკა გაბაშვილი, აკაკი მინაშვილი... ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვთ თქვენ?
- ყველა სამოქალაქო პირის, ვინც უშუალოდ ერეოდა შეიარაღებული ძალების, სამხედრო ოპერაციის მართვაში. შს მინისტრს თავდაცვის შენაერთებზე ბრძანების გაცემის უფლება არ ჰქონდა. პირიქით, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებაა, სამხედრო უწყებას ექვემდებარება ყველა ძალოვანი სტრუქტურა. პირველი რანგის სამინისტრო ხდება თავდაცვის სამინისტრო. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ სულ სხვა სურათი. კონფლიქტოლოგიაში არის ასეთი თემა - სამხედრო ოპერაციის შემდეგ რა ამოცანა აქვს ჯარს. ეს აუცილებელია. ისე არაა, რომ მიხვედი, სამხედრო ოპერაცია ჩაატარე და წახვიდე. იყო თუ არა მშვიდობიანი თანაცხოვრების გეგმა. ეს არის დამტკიცებული გეგმა, რომელსაც უმაღლესი ჩინები აწერენ ხელს და მის შეცვლას ჭირდება ზემდგომის თანხმობა. თუ ასეთი გეგმა არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ არ არსებობდა შეიარაღებული ძალები, რომელის შენახვაში ყოველ წელიწადს მილიონს ვიხდიდით ჩვენი ჯიბეებიდან. თუ ასეთი გეგმა არ არსებობდა, გამოდის სამხედრო იერარქია არ არსებობს.
და ამ მიზეზების გამო ეწინააღმდეგება ყოფილი მართველი გუნდი გამოძიების დაწყებას?
-რა თქნა უნდა. გამოვლინდება დანაშაულის მთელი კასკადი და გამოჩნდება, რომ ეს ყველაფერი იყო დიდი ილუზია. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით 2005-2006 წლებში ამ თემაზე ლექცია მაქვს წაკითხული, სადაც პირდაპირ მაქვს ნათქვამი, რომ თუ მოხდა სამხედრო ესკალაცია, მოვიღებთ ამ შედეგებს; რომ პოლიტიკურად აღმოვჩნდებით წამგებიან სიტუაციაში; რომ სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ ვერ დაგვეხმარებიან.
შეუძლებელია რუსეთის ფაქტორის გარეშე რაიმე სამხედრო ოპერაციაზე იფიქროს ვინმემ. მაშინ გამოვა, რომ რუსეთს პირდაპირ უცხადებ ომს და მაშინ ისიც უნდა იცოდე, რამხელაა ის ქვეყანა და რა დრო გაქვს იმისათვის, რომ რუსეთს ეომო. დაუშვათ, ერთი თვე, ამ ერთი თვის შემდეგ ვინ შემოდის, თუ სტრატეგიული მეკავშირის გარეშე აპირებ ომს? ეს არის სტარტეგიული საკითხები რომელზეც პასუხებია გასაცემი.