რეალურად რისი გამკეთებელია რუსეთი?!

რეალურად რისი გამკეთებელია რუსეთი?!

მუქარის და ერთმანეთის დატესტვის რეჟიმი რუსეთ-ამერიკას შორის გრძელდება. სერგეი ლავროვი აფრთხილებს მოწინააღმდეგე მხარეს, თუ დასავლეთი აგრესიულ კურსს გააგრძელებს, მაშინ რუსეთი აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს. თანაც, ამ ზომებს მიიღებს უშუალოდ პუტინი.

რა იქნება ეს საპასუხო ზომები, ლავროვი არ აკონკრეტებს, მაგრამ უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ რუსები ლათინურ ამერიკაში სამხედრო ბაზის გახსნას განიხილავენ. პარალელურად, ბაიდენი აფრთხილებს ზელენსკის, რომ თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის რეალური შესაძლებლობა არსებობს.

რით დასრულდება კუნთების თამაში ორ ზესახელმწიფოს შორის და რა საპასუხო ზომებზე საუბრობს ლავროვი, ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

პოლიტოლოგი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლათინურ ამერიკაში სამხედრო ბაზების განთავსებით რუსეთი დასავლეთს საფრთხეს ვერ შეუქმნის. ლათინურ ამერიკაში არის ორი სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მიმართ მეტ-ნაკლებად ლოიალურადაა განწყობილი. ერთია ვენესუელა, მაგრამ იქაც ოპოზიცია ძლიერდება, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრების დონე დღითი-დღე უარესდება, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა მდიდარია ნავთობის რეზერვებით. მეორეა ნიკარაგუა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. თუმცა ჯერჯერობით, სანამ დასავლეთი არ გადასულა ქმედით ნაბიჯებზე, რუსეთი ცდილობს ძალის დემონსტრირებას და იმის ჩვენებას, რომ უკან დახევას არ აპირებს, რომ რუსეთს არანაკლები ეკონომიკური თუ სამხედრო პოტენციალი გააჩნია, ვიდრე დასავლეთს.

ექსპერტის თქმით, რეალურად, რუსეთი არც არაფერს აკეთებს იმ ფონზე, როცა ჯერჯერობით დასავლეთს არ აქვს გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, თუ არ ჩავთვლით, რომ ბოლო პერიოდში აშკარად გაიზარდა უკრაინის სამხედრო დახმარება. ასზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა უკრაინაში, ჩაიტანა სხვადასხვა ტიპის სამხედრო შეიარაღება, ძირითადად თავდაცვითი სისტემები, მაგრამ რუსეთი ჯერჯერობით არავის გაუთიშავს საბანკო სისტემიდან, ჯერ კიდევ ევროპა დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ აირზე, ყოველწლიურად რუსეთი 2 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს აწვდის ევროპას.

„რეალურად რისი გამკეთებელია რუსეთი? მართალია, ამერიკას და რუსეთს დაახლოებით თანაბარი ბირთვული პოტენციალი გააჩნიათ, 6000-6000-მდე ბირთვულ ქობინებს ფლობს თითოეული სახელმწიფო, მაგრამ ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით ათჯერ აღემატება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ბიუჯეტს. ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 750 მილიარდი დოლარია, რუსეთის- დაახლოებით 70 მილიარდი. ეკონომიკურ პოტენციალს რაც შეეხება, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით ტრილიონ ხუთასი მილიარდი დოლარია, ამერიკის-21 ტრილიონი ამერიკული დოლარი. მესამე მაჩვენებელია, რომ რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 11 ათასი დოლარია, ამერიკაში-40 ათას დოლარს აღემატება“,-აცხადებს ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრითაც, აქ სხვა პრობლემაა, რატომ არ გადადგა დასავლეთმა შესაბამისი ქმედითი რადიკალური ნაბიჯები, რომ რუსეთს ვერ გაებედა ასეთი განცხადებების გაკეთებაც კი, არ მოეთხოვა, რომ ნატო არ გაფართოვდეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდეს, რომ ნატომ აქედან სამხედრო ბაზები გაიყვანოს.

რაც შეეხება შეკითხვას, რუსეთის შფოთვები იმით ხომ არ აიხსნება, რომ ივნისში დაგეგმილ მადრიდის სამიტზე უნდა გადაწყდეს უკრაინის და საქართველოს ბედი ნატოსთან მიმართებით? - ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ სამიტზე ისევ მიიღებენ რეზოლუციას, სადაც რუსეთზე, როგორც აგრესორზე, ისაუბრებენ. ჯერჯერობით ამ სამიტზე ნატოში შეყვანა არ განიხილება, თანაც, უკრაინას არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ მაპი. სხვადასხვა ეტაპები უნდა გაიაროს და შემდეგ, თუკი მაპი-ს ყველა პირობას ასრულებს, ნატოს ყველა ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და გაუგზავნოს მოწვევა, სამწუხაროდ, მადრიდის სამიტზე ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. უბრალოდ, რუსეთი ახლა თვლის, თითქოს დასავლეთი დასუსტდა, ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოყვანის შედეგად ამერიკის საერთაშორისო პრესტიჟი თითქოს შესუსტდა. ამას ემატება, რომ ნავთობზე მსოფლიო ფასი შარშანდელი 15 დოლარისგან განსხვავებით, დღეს უკვე 80 დოლარს აღემატება. ამდენად, რუსეთს ამ ეტაპზე მხოლოდ კიბერშეტევა შეუძლია განახორციელოს, რასაც აკეთებს კიდეც, ანუ საინფორმაციო პროპაგანდა, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია ის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი, რომ რეალური დაპირისპირების შემთხვევაში დასავლეთს დაუპირისპირდეს.

„მე არ ვიძახი, რომ რუსეთი არაფერს წარმოადგენს, ცხადია, ბირთვული სახელმწიფოა და დამრტყმელი ძალაა თავისი 17 მილიონი კვადრატული კილომეტრით, ნავთობისა და გაზის რესურსებით, მაგრამ როგორც თავის დროზე საბჭოთა იმპერია დამარცხდა დასავლეთთან ჭიდილში ცივი ომის დროს, ასევე, რუსეთიც დამარცხდება, თუკი მისი ქმედება უფრო მეტად გააღრმავებს კონფრონტაციას“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი უბედურება ის არის, რომ ვლაპარაკობთ შიდა პრობლემებზე, ამ დროს კი რეალური საფრთხეა, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ამაზე არანაირი რეაგირება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ხდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რეზოლუცია მიიღეს. ეს მაშინ, როცა ჩვენ პირდაპირ ვართ მიბმულნი უკრაინულ პროცესებზე. თუკი რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყება გადაწყვიტა, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პარალელურ რეჟიმში იგივე მოხდება საქართველოშიც. რუსეთი უკრაინაში შესვლის შემთხვევაში, დასავლეთისგან მაქსიმალურ დაპირისპირებას მიიღებს, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური სანქციები, ამდენად, საქართველოში შემოვა თუ არა რუსეთი, ეს ამ სანქციებს მეტად ვეღარც გააძლიერებს და ვერც შეამსუბუქებს.

ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი დღეს იმაზეც ვერ შეჯერებულა, რა ტიპის განცხადება უნდა გაკეთებულიყო უკრაინასთან მიმართებით, არადა, განცხადების, რეზოლუციის კეთება უკრაინასთან მიმართებით ეს უკვე გუშინდელი დღეა.

„ჩვენი ხელისუფლება უკვე მობილიზებას უნდა ახდენდეს იმისთვის, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება დაიწყოს არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მით უმეტეს, რომ დიდი პრობლემა ჯარების გადაადგილების თვალსაზრისით არ შეექმნება რუსეთს, გიუმრის ბაზა არსებობს, არის ცხინვალის და სოხუმის ბაზები. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება თავდაცვისთვის არანაკლებად უნდა ემზადებოდეს, ვიდრე ამას აკეთებს უკრაინა. ამ დროს ჩვენ ისიც ვერ გადაგვიწყვეტია, რუსეთის მიმართ მკაცრი ვიყოთ განცხადებებში, თუ რევერანსული. არავინ იცის, რას გააკეთებს რუსეთი, არის ასეთი გამოთქმა, „Умом Россию не понять“. მე რომ მკითხოს კაცმა, უკრაინაში შეჭრა დიდი უბედურება იქნება არა მარტო უკრაინისთვის და ჩვენთვის, არამედ ეს იქნება რუსეთის დასასრულიც, რადგან რუსეთი არანაირად არ არის მზად რესურსებით საამისოდ. რუსეთ-ჩინეთის ალიანსი კი ნიშნავს, რომ რუსეთი ძალზე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება და გაიჭყლიტება, ეს ალიანსი ვერ იქნება თანაფარდი ალიანსი, ეს იქნება ალიანსი ჩინური და არა რუსული უპირატესობით. იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან ეს არის კუნთების თამაში. ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მადრიდში უნდა გაიმართოს ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეკრება წელს ზაფხულში და შესაძლოა, რუსეთს ჰქონდა ინფორმაცია, რომ იმ შეკრებაზე საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები უნდა გამხდარიყვნენ. ამიტომაც დაიწყო რუსეთმა მთელი ეს მობილიზება, მაგრამ დასავლეთში უკვე ლაპარაკობენ, რომ მადრიდის სამიტზე საქართველო-უკრაინის წევრობა არც განიხილება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ამ აგრესიით რუსეთმა შესაძლოა, მიაღწია შედეგს მადრიდის სამიტთან მიმართებით, ოღონდ ახლა საჭირო იქნება ამის გაფორმება პოლიტიკურად ისე, რომ უკანდახევა არ იგრძნოს არც ერთმა მხარემ. ამას ალბათ, დიპლომატები რაღაცნაირად მოახერხებენ. ყოველ შემთხვევაში, მთავარია, პრობლემა უომრად დასრულდეს.

არაგველი641 რუსეთი თავის ხაფანგში გაება!: ბმული
2 წლის უკან