ნიშანდობლივია, რომ NDI-ს ბოლო გამოკითხვაში არც ერთი ბლოკი არ დაეთმო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების (შემოპარვის) თემას, მოვლენის რეზონანსულობისა და შედეგების მიუხედავად. არაერთი მიზეზი შეიძლება ივარაუდო, მათ შორის ისიც, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებით კიდევ უფრო გაამწვავებდნენ პოლარიზაციას, შეიძლება ჩათვალეს, რომ რესპოდენტთა შესაძლო ნეგატიური დამოკიდებულება ისევ სააკაშვილის დააზარალებდა, ან ეს იყო სიგნალი სააკაშვილისთვის, რომ დასავლეთისთვის ის უკვე აღარ წარმოადგენს „ოქროს ბიჭუნას“ და ცვლილებების „დრაივერს“.
აღნიშნულ გამოკითხვაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რა დოზით ენდობა მას, აშკარად იკითხება მოქალაქეების სურვილი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ისედაც იგრძნობა. ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების არა მხოლოდ უბრალო სურვილი, არამედ გარკვეულწილად მოთხოვნაც. ამის ირიბი ნიშანია თუნდაც არსებული პოლიტიკური კლასის და ლიდერების მიმართ მზარდი უნდობლობა.
მოსახლეობა ხვდება რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა, თუმცა ვერც პოლიტიკურ და ვერც საზოგადოებრივ სფეროში ვერ ხედავს ცვლებების „დრაივერ“ ლიდერებს, რომლებსაც ხელეწიფებათ და სურთ ცვლილებები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობაში ძლიერდება და მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება ქართული პოლიტიკურ კლასში სერიოზული გადატვირთვის მოთხოვნა. თუმცა, როდის გახდება ეს მოთხოვნა მკაცრი და შეუქცევადი, ამის განჭვრეტა რთულია, რამდენიმე მიზეზის გამო. არსებულ პოლიტიკურ კლასს და დაინტერესებულ მხარეებს ჯერჯერობით მყარად უპყრიათ ხელთ ის სადავეები, რომლითაც პოლიტიკაში საკუთარ არსებობას იხანგრძლივებენ. ისინი ცდილობენ და არცთუ წარუმატებლად, ძირშივე აღკვეთონ არსებული რეალობის „გადატვირთვის“ ნებისმიერი მცდელობა. თავის მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით და პანდემიით გათანგული და გადაღლილი საზოგადოებაც, რომელსაც სურს ცვლილებები, არ აქტიურობს იმისათვის, რომ ეს სურვილი რეალობად აქციოს. მიხეილ სააკაშვილი, მათთვის აღარ წარმოადგენს ცვლილებების „შუქურას“, ისე როგორც 2003 წელს. ისინი ასევე ვერ ხედავენ პოზიტიური ცვლილებების პოტენციალს სხვა, მათ შორის ახლადშექმნილი პარტიების ლიდერებშიც.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შემდეგ, მასთან დაკავშირებული საკმაოდ დიდი იმედები ცვლილებების და გარღვევის მოხდენაზე, თანდათან მინელდა, რადგანაც მოსახლეობის თვალში ამის გაკეთება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ივანიშვილს შეეძლო. მის გრძელვადიან საქველმოქმედო პროექტებს მოსახლეობა დადებითად კი ხვდება, მაგრამ ცვლილებებს პირდაპირ ვერ უკავშირებს, რადგანაც ჩვენი კულტურულ-მენტალური თავისებურებებიდან გამომდინარე, ბევრს მაინც „დღევანდელი კვერცხი“ ურჩევნია.
ისევ ჩვენი ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ცვლილებების მოსურნე რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც არ სურთ ისწავლონ, თუ როგორ მოახდინონ ცვლილებების სურვილის მატერიალიზაცია, ლოდინის რეჟიმში ურჩევნიათ იცხოვრონ. ეს ლოდინის რეჟიმი კი სინამდვილეში ყალბი კომფორტის ზონაა, როდესაც მოქალაქეებს სურთ, ნარის მოკრეფის ფუნქცია ე.წ. „მხსნელ ხელს“ გადააბარონ. ეს მოცემულობა და მისი შედეგები ჩვენმა საზოგადოებამ ბოლო 30 წლის მანძილზე ოთხჯერ გამოიარა. ჯერ ზვიად გამსახურდიას მიანდეს ქვეყნის ბედი და ნარის მოკრეფის მისია, თავად კი მაყურებლის როლში დარჩნენ, შემდეგ შევარდნაძეს, შემდეგ სააკაშვილს და ბოლოს ივანიშვილს.
ამ ეტაპზე „მხსნელი ხელი“ ჰორიზონტზე არ ჩანს, ხოლო იგივე NDI -ს გამოკითხვით „მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ“, ხოლო უმრავლესობა უკმაყოფილოა მთავრობით, პარლამენტით და პარტიებით. რატომღაც არც NDI-ს და არც სხვათა სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც პრაქტიკული გამოყენების გარდა, არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაზე სამეცნიერო შეხედულებების ფორმირების ფუნქციაც გააჩნია, არ ცდილობს „სიღრმეებში ჩასვლას“. მაგალითად, ის არ ინტერესდება რესპოდენტების პასუხით კითხვაზე, თუ რატომ მიაჩნიათ რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება? და თავად რას მიიჩნევენ სწორ განვითარებად? გამოკითხვა არ ინტერესდება, რატომ არის, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის 77-88% მხარდაჭერის პირობებში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხების ჩამონათვალში მხოლოდ 2% მიიჩნევს ამ სტრუქტურებში გაწევრიანებას პრიორიტეტად?
უნდა ითქვას, რომ 2021 წლის არჩევნებამდე არსებობდა ასპარეზზე ახალი ფორმაციის ლიდერების გამოსვლის ფრთხილი მოლოდინი და ოპტიმიზმი, რომელიც არ გამართლდა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფრთხილი მოლოდინი და ოპტიმიზმი არსებობს 2024 წლის არჩევნებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად, პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად გამოფიტული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, ცვლილებების სურვილის მიუხედავად, მაინც დინებას მიჰყვება.