„ერთ-ერთი ვერსიით რუსეთი ცდილობს პროცესი დააბრუნოს მინსკის ხელშეკრულებასთან, რაც გულისხმობს, რომ დონეცკსა და ლუგანსკს ექნებათ ვეტოს უფლება“

„ერთ-ერთი ვერსიით რუსეთი ცდილობს პროცესი დააბრუნოს მინსკის ხელშეკრულებასთან, რაც გულისხმობს, რომ დონეცკსა და ლუგანსკს ექნებათ ვეტოს უფლება“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთს არ აქვს იმის საშუალება, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყოს უკრაინის წინააღმდეგ, მით უმეტეს იმ სამხედრო დახმარების ფონზე, რაც დასავლეთმა გაუწია. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთის მიზანია მინსკის ხელშეკრულების ამუშავება, რადგან მინსკის ხელშეკრულებაში ნავარაუდევია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს ექნებათ ვეტოს დადების უფლება და უკრაინის მართვაში ექნებათ გადამწყვეტი გადაწყვეტილების შეტანის საშუალება.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

წინასწარ რთულია იმის თქმა, ვიხილავთ თუ არა რუსეთ-უკრაინის ომს. აშშ და დასავლეთი ღიად გმობენ რუსეთის აგრესიას, მაგრამ საქართველოში პოზიცია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, როგორი უნდა იყოს უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტი. ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რომ პროექტში ნახსენები არ არის რუსეთი. ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინა ომის ზღვარზეა, როგორი უნდა იყოს რეზოლუციის პროექტი, ნეიტრალური, თუ პირიქით მკაცრი და ხაზგასმა იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი? რუსეთი, რომ ოკუპანტია, ეს ცივილიზებულმა მსოფლიომ იცის...

რამაზ საყვარელიძე: მეჩვენება, რომ ნაციონალები დაინტერესებული არიან, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში მოხდეს რადიკალიზაცია. ერთი მხრივ, ეს მათთვის იქნება მისაღები სტილი, გავიხსენოთ 2008 წელს ომი დაიწყეს. მეორე მხრივ, თუკი ამ რადიკალიზაციის სტილს არ აყვა ვინმე, მათ აქვთ იმის საშუალება იძახონ - მოღალატეაო და ა.შ. ჩვენ ვნახეთ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც საერთოდ თვლიან, რომ ეს კონფლიქტი მათთვის მიუღებელია.

ხორვატია, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნაა ამბობს, რომ საკუთარ ჯარებს გამოიყვანს ნატოდან იმდენად მიუღებელია მისთვის კონფლიქტში ჩართვა. მთელი დასავლეთი რუსეთთან კონფლიქტში ჩართვის შიშით მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში ამ მოტივით ცდილობს შეარბილოს პოზიცია და იძახის, რომ საჭიროა გაზი, რომ სანქციებს მოჰყვება ფასების ამოძრავება და ა.შ. რეალურად, ომის შემთხვევაში დასავლეთი ეკონომიკური სანქციებით აპირებს გაუსწორდეს რუსეთს. დღეს ამ სანქციებზეც მიდის სხვადასხვა შეფასება დასავლეთის მიერ.

აშკარაა, რომ დასავლეთში არ არის ერთიანი აზრი სანქციების ნაწილში, რატომაც უკრაინის პრეზიდენტი ღიად დაუპირისპირდა დასავლეთს...

- ეს ბუნებრივი პროცესია. ერთია, რომ უკრაინა როგორც მოქმედებს, სწორია, მაგრამ მეორეა, უკრაინის გვერდით დადგომა იმ მხრივ, რომ დაუპირისპირდე რუსეთს, ყველა იმ ქვეყნისგან, რომლებიც ასე ფრთხილად არიან და არც არიან კონფლიქტში რუსეთთან. ჩვენ კი ის განგვასხვავებს, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს მიტაცებული და დაახლოებით, ერთი საათი უნდა მის სამხედრო დანაყოფებს, რომ მთლიანად გადაკეტონ საქართველო.

რაც ძალიან რეალურია ვითარების დაძაბვის შემთხვევაში...

- ყოველ შემთხვევაში პუტინის რუსეთისგან გამორიცხული არ არის. შეიძლება აწყობს კიდეც, რადგან ასეთი მოვლენა გაფანტავს დასავლეთის კონცენტარციას უკრაინაზე. პუტინის გეგმები ბუნდოვანია. ბევრი ექსპერტი, ვინც კარგად ერკვევა რუსეთის საკითხებში, ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს იმის საშუალება, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყოს უკრაინის წინააღმდეგ. დღეს რუსეთი ვერ მოერევა უკრაინას, მით უმეტეს იმ სამხედრო დახმარების ფონზე, რაც დასავლეთმა გაუწია - უზარმაზარი მოცულობის შეიარაღება გადასცა.

იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალიზმი მძლავრობს, ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო უკრაინაში ჯარების შეყვანას არ გეგმავს, ამავე დროს თეთრი სახლის ლიდერი აფრთხილებს უკრაინას, რომ რუსეთი თებერვალში გეგმავს უკრაინაში შეჭრას. როგორ შეიძლება განვითარდებს მოვლენები რუსეთ-უკრაინას შორის და რეალურად, ჩვენ ვაკვირდებით რუსეთ-ამერიკას შორის დაპირისპირებას, რომელშიც თავისი როლი აქვს თურქეთს, ირანს, ჩინეთს?

- ყველას თავისი როლი და ინტერესი ექნება, ოღონდ ეს ინტერესებიც თავისებურად ლაგდება. მაგალითად, ისევ და ისევ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს ჩინეთს საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. თითქოს მისი აღმასვლის პერიოდი დამთავრდა, ან დროებით შეწყდა. მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური სირთულეები აქვს. ამ ფონზე ჩინეთს არ აწყობს რუსეთის მიერ ომის დაწყება, იმიტომ რომ ეკონომიკის მოვლის ერთ-ერთი გზა არის დასავლეთი - ევროპა. ამ დროს რუსეთი ჩინეთისთვის პარტნიორია.

თუ პარტნიორმა ომი დაიწყო, შენც დაპირისპირებაში უნდა შეხვიდე. ამიტომ სავარაუდოა, რომ ჩინეთი სერიზოული მასშტაბების მქონე დაპირისპირების წინააღმდეგი იქნება. ბევრი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ დასავლეთია დაინტერესებული და დასავლეთს უნდა კონფლიქტი, რომ მერე ამით რუსეთთან ანგარიში გაასწოროს. მეეჭვება, რომ ასეთი პირდაპირი კავშირი იყოს, იმიტომ რომ, თუ დასავლეთს უნდა რაიმე საინქციების დაწესება და ასე უნდა ანგარიშსწორება, ამის საფუძველი უკვე აქვს. რუსეთს უკრაინის რეგიონები უკვე დაპყრობილი აქვს, საქართველოში 20% აქვს ოკუპირებული.

თუ სამხედრო და განსაკუთრებით ეკონომიკური პოტენციალი დიდი და გრძელვადიანი ომის დაწყების საშუალებას არ მისცემს რუსეთს, მაშინ რას ეძებს?

- ერთ-ერთი ვერსიით რუსეთის მიზანია მინსკის ხელშეკრულების ამუშავება. ამიტომაც ყველა ეტაპზე იძახის, რომ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდაზეო. ცხადია, რომ ცდილობს პროცესი დააბრუნოს მინსკის ხელშეკრულებასთან. მინსკის ხელშეკრულებაში ნავარაუდევია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს ექნებათ ვეტოს დადების უფლება და უკრაინის მართვაში გადამწყვეტი გადაწყვეტილების შეტანის საშუალება. შეიძლება ამისკენ ისწრაფვის რუსეთი, რომ კონფლიქტი მოათავოს ისე, რომ უკრაინას დაუტოვოს ნაღმი, ფედერალური მოწყობის თვალსაზრისით საიმისოდ, რომ მომავალში უკრაინამ ნატოსკენ გახედვა ვერ მოახერხოს, რახან ვეტოს დამდები ეყოლება სტრუქტურაში. ასე რომ, ვარიანტები ბევრია, თან, ამავე დროს, გაუგებარია რატომ დაიწყო რუსეთმა ეს გამწვავება.

არის ასეთი ვერსიაც, რომ რუსეთის მიზანია სახელწიფო გადატრიალება და მისთვის მართული კანდიდატურის მოყვანა. არის ამაში ლოგიკა? პრინციპში რუსეთი თამაშობს, მაშინ, როდესაც დასავლეთი და აშშ ომის მოლოდინშია, ამავე დროს ლავროვი ამბობს, რომ დაიწყება თუ არა ომი, ეს დამოკიდებულია უკრაინის ლიდერზე და შესთავაზა მოლაპარაკებისთვის ეწვიოს რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში, პეტერბურგში ან სოჭში...

- მოლაპარაკებებში ბეჯითად მიიწევენ იქითკენ, რომ დაიწყოს მინსკის ხელშეკრულების შესრულება. მინსკის ხელშეკრულების ამუშავება იგივეა, რაც ხელისუფლებაში რუსეთის მომხრეების მოყვანა. თუკი შემუშავდება ისეთი კონსტიტუციური მოწყობა, სადაც გადამწყვეტი ხმა ექნებათ პრორუსულ რეგიონებს, მაშინ რა განსხვავებაა, იგივე შედეგია. ასე რომ, მარტივად, შეიძლება რუსული პოლიტიკა პირველ პირზე არ იყოს აგებული და პირიქით, აგებული იყოს ისეთ კონსტიტუციურ მოწყობაზე, რომელშიც რუსეთის მომხრე ორი რეგიონი იქნება გადამწყვეტი.

შესაძლებელია, უკრაინის შემთხვევაში დაუშვას გამონაკლისი ნატომ და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, მოხდეს უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც პრინციპში ითხოვს ზელენსკი?

- როგორც უკრაინელებთან, ისე ქართველებთან არ მინახია გაშლილი მსჯელობა იმაზე, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, როდესაც არის კონფლიქტური რეგიონები. გვინახია ასეთი პასაჟი, რომ იქნებ, ეს ორი ქვეყანა გაწევრიანდეს ისე, რომ არ ამოქმედდეს და დროებით შეჩერდეს მე-5 პუნქტი. ეს ნიშნავს, რომ ნატოში კი გაწევრიანდებიან უკრაინა და საქართველო, მაგრამ ნატოს მხრიდან დახმარების საკითხს არ ექნება იმპერატიული ხასიათი. მაშინ გამოდის, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში შესვლა მხოლოდ იმისთვის გამოადგება, რომ დარჩენილი ტერიტორიები არ გახდეს აგრესიის მსხვერპლი. არსებული ტერიტორიული პრობლემები ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ ნატოს მე-5 პუნქტის გამოყენების გარეშე.

 

არაგველი641 რუსეთი თავის ხაფანგში გაება: ბმული
2 წლის უკან