„სანქციები რუსეთზე ნაკლებად მოქმედებს, ამიტომ ევროპამ იმ მასშტაბის სანქციები უნდა დააწესოს, რომ დასავლეთის სამხედრო მობილიზებას გადააჭარბოს“

„სანქციები რუსეთზე ნაკლებად მოქმედებს, ამიტომ ევროპამ იმ მასშტაბის სანქციები უნდა დააწესოს, რომ დასავლეთის სამხედრო მობილიზებას გადააჭარბოს“

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განაცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისას გამორიცხული არ არის, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა.

„ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო - არაფერია გამორიცხული. კომისია პასუხისმგებელია სანქციების შემუშავებაზე, ფორმირებასა და განვითარებაზე. თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ექნება ადგილი, ამას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა რუსეთის დამოკიდებულება ევროკავშირთან ვაჭრობაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები აქვს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% ევროკავშირზე მოდის. ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდიან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები დამატებით 6 თვით გაახანგრძლივა. სანქციების პაკეტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს, რომელიც რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვით სექტორებზეა მიმართული.

სანქციები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზართან, ასევე, ის კრძალავს რუსული საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებას და მხარდაჭერას.

გარდა ამისა, ევროკავშირი ზღუდავს რუსეთის წვდომას სტრატეგიულ ტექნოლოგიებთან და სამხედრო ტექნიკის იმპორტ-ექსპორტს.

აღსანიშნავია, რომ სანქციების ეს პაკეტი რუსეთს 2014 წელს დაუწესდა, ყირიმის ანექსიისა და მინსკის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის გამო. ევროკავშირის ახალი გადაწყვეტილებით კი, აღნიშნული სანქციების მოქმედების ვადა 2022 წლის ივლისამდე გახანგრძლივდა, რადგან რუსეთმა სრულად არ შეასრულა სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყოვლისმომცველი, აქამდე არნახული სანქციებით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. რუსეთმა უნდა იცოდეს, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ევროპაში საზღვრების შესაცვლელად პროვოკაციებისა და სამხედრო ძალის გამოყენების ფასი ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები, უფრო მკაცრი, ვიდრე 2014 წელს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.

დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ განხორციელებული თუ განსახორციელებელი სანქციები ცნობილია, ამის ფონზე რას მოიმოქმედებს ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, სანქიებმა უფრო გააღიზიანოს თუ არა, ამ კითხვით ექსპერტებს მივმართეთ.

ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციებით, ისევ ევროპა დაზარალდება. თუ რატომ, ანალიტიკოსი ასე ხსნის: „ზოგადად, დასავლეთის მხრიდან სანქციები რუსეთზე ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. მაშინ ევროპამ იმდენად დიდი მასშტაბის სანქციები უნდა დააწესოს, რომ ამან რუსეთი შეაკავოს იმაზე მეტად, რომ დღეს დასავლეთის სამხედრო მობილიზებას გადააჭარბოს. ანუ, ეს სანქციები იმ მასშტაბის უნდა იყოს, რომ ის თავისი ეფექტიანობით რუსეთის შესაკავებლად გამოდგეს. ვფიქრობ, აღნიშნული სანქციები იმდენად არაეფექტური იქნება, რომ რუსეთს მაინც ექნება იმის ფუფუნება, თუნდაც ამ სანქციების პირობებში უფრო მეტად გაიფართოვოს თავისი გავლენა თუნდაც უკრაინის ტერიტორიაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთისთვის ბევრად იოლი იქნება სანქციებისთვის თავის გართმევა“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge-ს.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პარალელულად, რუსეთის მუდმივად ეცდება ენერგორესურსების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

 „მთელ მსოფლიოს ინტერესებშია, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, ეს არის მათ შორის ჩვენი ქვეყნის ინტერესიც. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის სიტუაცია, რომელიც უკრაინის საზღვართან ხდება, სამხედრო ექსკალაციაში არ გადაიზარდოს, მით უფრო ფართომასშტაბიან ომში.

თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ვფიქრობ, ცხელი ომის ფაზა სავარაუდოდ, ალბათ, უკვე აღარ იქნება. ბოლო კვირების განმავლობაში პოლიტიკური სიტუაცია სხვაგვარად არის მომწიფებული. უკრაინა შეიარაღებს თვალსაზრისით უფრო ძლიერია, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა სხვადასხვა შეიარაღებაში დაეხმარა. აქედან გამომდინარე, ომი როგორც ასეთი, ნამდვილდ აღარ იქნება.

რაც შეეხება სანქციების გახანგრძლივებას, ეს წლებია უკვე გრძლედება და ბუნებრივია, ეს სანქციები მოქმედებს არა მხოლოდ უკრაინის გამო, არამედ ბევრი სხვა საკითხის გამო. ევროპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ცნობილია, განსაკუთრებით კი გაზის საკითხთან დაკავშირებით. იგივე „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ის მშენებლობის საკითხების განხილვა მუდმივად იყო პოლიტიკურ დღის წესრიგში. რუსეთი მუდმივად ეცდება ენერგორესურსების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის - იგივე გვახსოვს, უკრაინისთვის გაზის გათიშვა. რუსეთსა და დასავლეთს შორის ამ ურთირთიების გარდა, რომელსაც ჩვენ ღიად ვუყურებთ, კარს მიღმა სხვა პროცესებიც მიმდინარეობს“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.

 

არაგველი641 რუსეთი თავის ხაფანგში გაება: ბმული
2 წლის უკან