გამოკითხული გერმანელების 73% გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. აღნიშნულს გერმანულ ტელეარხ ZDF-ის შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბუნდესტაგში წარმოდგენილი პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა ეწინააღმდეგება.
უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს გამოკითხული გერმანელების 20% უჭერს. გარდა ამისა, გამოკითხული გერმანელების 57% მიიჩნევს, რომ რუსეთი უახლოეს დროში უკრაინაში არ შეიჭრება, ხოლო 36% ფიქრობს, რომ სამხედრო ინტერვენცია მოხდება.
გამოკითხვა 25-27 იანვრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 249 ადამიანმა მიიღო.
2014 წლიდან გერმანიამ უკრაინას დახმარების სახით 1.4 მილიარდი ევრო გამოუყო, თუმცა გერმანიის მთავრობა უკრაინას ლეტალურ იარაღს არ აწვდის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ის, რომ გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ სურს, რუსეთის აგრესიას ახალისებს.
22 იანვარს, გაზეთ The Wall Street Journal-მა გერმანელ და ესტონელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს.