უძრავი ქონება გადარჩა, ფიჭური კავშირი - ვერა

უძრავი ქონება გადარჩა, ფიჭური კავშირი - ვერა

[ეკა ბაქრაძე]
ჯერ კიდევ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის განიხალვენ საგადასახადო კოდექსს ოთხშაბათის საპარლამენტო სხდომაზე თუ არა, მაგრამ უკვე გარკვეულია ყველაფერი, რაც მომავალ კოდექსში ჩაიწერება. უძრავი ქონება დაბეგვრას გადაურჩა, ფიჭური კავშირი კი - ვერა. ექსპერტები თვლიან, რომ ახალი საგადასახდო კოდექსით მოსახლეობისა და ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთი იზრდება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. “ახალი კოდექსი ვერ უწყობს ფეხს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩვენს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული. მათ შორის – სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მცირე მეწარმეობის პრიორიტეტული განვითარება და ინვესტიციების შემოსვლის წახალისება. აღნიშნული საგადასახადო კოდექსის პროექტით ამ სფეროების მდგომაროება არა უკეთესობისკენ, არამედ უარესობისკენ იცვლება”, - აცხადებენ აფბა-ში.

მათივე ინფორმაციით, ახალი საგადასახდო კოდექსით მოსახლეობისა და ბიზნესისთვის იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე.

საგადასახადო ტვირთი მართლაც იზრდება და ეს პირველ რიგში სათამაშო ბიზნესს და ფაჭური კავშიგაბმულობის ბიზნესს ეხება. თუ პირველ შემთხვევაში მოსახლეობა ნაკლებად დაზარალდება, მეორე შემთხვევა სწორედ ის შემთხვევაა, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა იგრძნობს ტვირთს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურება ფიქსირებული 10%-ით დაიბეგრება. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტს შორის პოზიციები საბოლოოდ შეთანხმდა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის პირვანდელი ვარიანტით, კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურებისთვის განაკვეთი ცალკეული სახეების მიხედვით 10-პროცენტიანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, მთავრობას უნდა დაედგინა. კონსულტაციების შედეგად კი გადაწყდა, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ზღვრული განაკვეთი ფიქისრებული იქნება და კანონით დადგინდება, აქციზი კი დასაბეგრი ოპერაციის თანხის 10% იქნება. თუმცა, მთავრობას უფლება ექნება ცალკეული კალენდარული წლისათვის ზღვრული ოდენობის ფარგლებში აქციზის განსხვავებული განაკვეთი დაადგინოს.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სფეროსა და არასამთავრობო სექტორს საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი ეხსნება. კერძოდ კი, 2010 წლის 31 დეკემბრამდე ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები 20-ის ნაცვლად, 12-პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ, რაც ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაუქმდება. ეს კი სოფლის მეურნეობის ადგილობრივ პროდუქციას გააძვირებს, რომელსაც მომძლავრებულ იმპორტთან კონკურენციის გაწევა ისედაც უჭირდა.

მიკრო და მცირე ბიზნესის მდგომარეობაც უარესდება. კერძოდ, ახალი კოდექსის პროექტით, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისაგან საქონლის ან მომსახურების მყიდველ მეწარმეს ამ თანხის ხარჯად გატარება არ შეეძლება, თუნდაც დანახარჯი დოკუმენტურად იყოს დადასტურებული. შესაბამისად, მცირე და მსხვილი ბიზნესმენები მიკრომეწარმეებთან ეკონომიკური ურთიერთობისაგან თავს შეიკავებენ.

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბუჩუკურმა ხაზი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების აქციის გადასახადით დაბეგვრას გაუსვა, რომელსაც ახალი კოდექსის პროექტი ითვალისწინებს. მისი თქმით, ასეთ კომპანიებზე აქციზის დაწესება სამომხმარებლო ტარიფების გაზრდას გამოიწვევს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე სხვა შენიშვნებიც აქვს. ამის გამო ორგანიზაცია პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე მის განხილვაში აქტიური მონაწილეობისათვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ბოლო დღეებში მთავრობამ მხოლოდ უძრავი უძრავი ქონების გაყიდვის დაბეგვრის საკითხი დათმო. ახალ საგადასახდო კიდექსის პროექტში არსებული ვარიანტი დარჩა. ამის შესახებ მთავრობაც და პარლამენტიც პროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე შეთანხმდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი რის გამოც საგადასახადო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა 16 ივლისს 21 ივლისისთვის გადაიდო.

პროექტში აქამდე არსებული ჩანაწერით განსაზღვრული იყო, რომ “თუ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საწყის ღირებულებაზე 30 ათას ლარზე ძვირად გაიყიდებოდა, 20-პროცენტიანი მოგების გადასახადით დაიბეგრებოდა”. ამ საკითხს ეწინააღმდეგებოდა ბიზნესსექტორი, ექსპერტები და დეპუტატები, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ აღნიშნული პრინციპი უძრავ ქონებას გააძვირებდა.

გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კი გაირკვა, რომ აღნიშნულ საკთხზე მთავრობას და პარლამენტს შორის მოხდა შეთანხმება. საგადასახადო კოდექსის პროექტში ამჟამად მოქმედი კოდექსის ნორმა დარჩება. კერძოდ, ქონების რეალიზაცია მხოლოდ მაშინ დაიბეგრება თუ ის საკუთრებაში ორ წელზე ნაკლები ხნით არის.