გაზრდილი საფრთხის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ღიად უპირისპირდება. ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დაგვიანებული სანქციების დაწესების აზრს ვერ ხედავს და ამბობს, რომ სანქციები არა უკრაინის გამო, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში ფართომასშტაბიანი აგრესიის შესაჩერებლად წესდება. ზელენსკი პრეტენზიას უყენებს ნატო-ს და აცხადებს, რომ მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რადგან ნატო არის უსაფრთხოების გარანტია.
„მიუხედავად იმისა, როდის ვიქნებით ნატოში ან არ ვიქნებით ნატოში - ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ. ჩვენ ნამდვილად ვავითარებთ ჩვენს არმიას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ თუ ჩვენ არ ვართ ნატოში, მაშინ თვითონ ვიცავთ თავს. როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან კითხულობ: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ - არა.
არ ვიცი, რა იქნება შემდეგ... თუ ასეა, თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები „მოგვიანებით?“. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება, მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს „შემდეგ“. მსგავსი საქციელი უსამართლოა“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი აშშ-ს და დასავლეთს დაგვიანებული სანქციების გამო აკრიტიკებს, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში მაშინ შეიჭრას, როცა მიწა გაიყინება და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას თავს, სავარაუდოდ, კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმებიან. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკა გადამწყვეტ რეაგირებას მოახდენს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში.
ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მოსკოვი ურკაინის პირველი პირს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში ეპატიჟება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისრტის განცხადებით, თუ ზელენსკის დონბასის საკითხის განხილვა სურს, საკონტაქტო ჯგუფს უნდა ესაუბროს. რუსი დიპლომატის განცხადებით, როდესაც უკრაინის პირველი პირი ამბობს, რომ რუსეთს არ დაელაპარაკება, ეს ცუდია შიდა უკრაინული კრიზისისთვის.
გაზრდილი ომის საფრთხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება, მაგრამ აქვე ამბობს, რომ არ დაუშვებენ რუსეთის ინტერესების გათელვას. სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-სა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხები მოსკოვს მთავარ პრობლემასთან - ნატო-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ახლა ვსწავლობთ პასუხს, რომელიც მივიღეთ. პირველი შეფასებები უკვე გავაჟღერეთ. ის საერთოდ არ გვაკმაყოფილებს მთავარ პრობლემაზე: რატომ არ ასრულებს დასავლეთი თავის ვალდებულებებს უსაფრთხოების შესახებ და უგულებელყოფს ჩვენს ინტერესებს? რუსეთს ომი არ სურს, თუმცა არ დაუშვებს მისი ინტერესების იგნორირებას. თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება. ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვასა და იგნორირებას“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთი აცხადებს, რომ არ სურს ომი, მაგრამ რუსი დიპლომატის ამ განცხადების არ სჯერა
მოსკოვში აშშ-ის ელჩს ჯონ ლოურენს სალივანს, რომლის განცხადებით, რუსეთმა მაგიდაზე „იარაღი დადო“, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს, უკრაინის საზღვრებზე ჯარების განთავსებით. მისი თქმით, ათიათასობით რუსული ჯარის შეკრება ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნებით ვერ აიხსნება.
„ეს იგივეა, ახლა რომ თქვენთან მოლაპარაკებები გვქონდეს, მაგიდაზე პისტოლეტი დავდო და ვთქვა, რომ მშვიდობა მსურს, ეს მუქარაა. ეს არის ის, რასაც ახლა ვხედავთ. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავისი სიტყვის ერთგულია და არ დაესხმება თავს უკრაინას, თუმცა ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ახლა მოსკოვს ასეთი შესაძლებლობა აქვს. ვაშინგტონი ახლა ელოდება რუსეთის პასუხს შეერთებული შტატებისა და ნატოს წერილობით დოკუმენტებზე, რომლებიც უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის დიპლომატიურ გზას ასახავს და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან. დიპლომატია ერთადერთი გზაა კონფლიქტის მოსაგვარებლად. ეკონომიკური სანქციები რუსეთზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქნება დასავლეთის პასუხის მხოლოდ ერთი ნაწილი“, - აცხადებს ჯონ ლოურენს სალივანი.
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოვთქვამს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ.
„ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. ტრადიციულად, მმართველი გუნდის მიერ მიღებული რეზოლუცია ოპოზიციამ დაიწუნა და ახლა რეზოლუციის ახალ ტექსტზე მუშაობს. უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის თვითმიზანი არ არის რუსეთთან დაკავშირებით ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც დეესკალაციის ნაცვლად, ესკალაციას გამოიწვევს. ქადაგიშვილის შეფასებით, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ნათლად გამოხატავს წუხილს, რაც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს.
„მთელი მსოფლიო მუშაობს, რომ ვითარების დეესკალიცია მოხდეს და ჩვენ ნუ ვიმუშავეთ, რომ რამენაირად ესკალაციის ხელშემწყობი გავხდეთ. პარლამენტის რეზოლუცია მიმართულია დეესკალაციისკენ. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ არა ვითარების ესკალაციისთვის, არამედ დეესკალაციისთვის. ნათელია, ოპოზიციის პასუხისმგებლობა ნაკლებია, ვიდრე ხელისუფლების“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უკრაინელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტით უკრაინული მხარე იმედგაცრუებულია. უკრაინასთან დაკავშირებულ პარლამენტის რეზოლუციის პროექტში რუსეთის არმოხსენიება და არდადანაშაულება რუსული საქმის გაკეთებას ნიშნავს.
„რეზოლუციის პროექტი ელემენტარულ სტანდარტებს ვერ პასუხობს. „ქართული ოცნება“ სამხედრო ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ ორივე მხარეს მოუწოდებს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება რუსეთის პირდაპირი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ასეთ რეზოლუციის პროექტს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.