„ინდოელებმა ქართველ გლეხებს უთხრეს, მართლები ხართ, მიწა არ უნდა გაგეყიდათ“

„ინდოელებმა ქართველ გლეხებს უთხრეს, მართლები ხართ, მიწა არ უნდა გაგეყიდათ“

“გამკაცრდეს იმიგრაცია და შეწყდეს ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა”, - ამ შინაარსის მოთხოვნები სულ უფრო მატულობს ინტერნეტსივრცეში. პარალელურად პოლიტიკოსების ნაწილი უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას მოითხოვს.

„დღეს ერთ ეგვიპტელს ვკითხე, საქართველოში რას აკეთებ-თქო? მიპასუხა, - ვცხოვრობო. ყველანი საცხოვრებლად ჩამოდიხართ-მეთქი? ჯერ სადა ხარ, კიდევ უფრო მეტნი მოდიანო“, _წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

სულ ახლახანს მიწების გასხვისების გამო აღელვებული ქართველების დანახვისას ინდოელებმა პირდაპირ ეთერში განაცხადეს, დაგვიბრუნონ ჩვენი ფული და საქართველოდან წავალთო. 

თუმცა 2011 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისებულმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებმა, ჯამში, 6815,2004 ჰექტარი შეადგინა. 2012 წელს სამინისტროს და სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით 6647,2801 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გასხვისდა და მყიდველებს შორის ინდუსები, არაბები და ირანელები არიან.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა მიწის უცხოელებზე გასხვისებას არ კრძალავს, მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰექტრობით მიწები საქართველოს ყოფილმა ჩინოვნიკებმა გაასხვისეს და საკუთარ დანაშაულს ტყუილად აბრალებენ ქართველ გლეხებს, რომლებმაც თურმე გაჭირვების გამო თავიანთი მიწები დაუთმეს უცხოელებს. სინამდვილეში, გლეხების მიერ გასხვისებული მიწები სოლიდურად ჩამოუვარდება მაღალჩინოსნების ნამოქმედარს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ  ინვესტორებს შესასყიდი მიწის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. კერძოდ, მისი თქმით, შვეიცარიიდან ჩამოვიდნენ ინვესტორები, რომელთაც კონკრეტულ სოფელში უნდოდათ 5 ჰექტარი მიწის ყიდვა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ სოფელს მხოლოდ ხუთი ჰექტარი ჰქონდა საძოვრად და ეს საძოვარი რომ გაყიდულიყო, პრობლემას შექმნიდა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა მიიჩნევს, რომ საქართველოში მიწის მესაკუთრე უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, ხოლო ტყეების და საძოვრების - მხოლოდ თვითმმართველობა. ასეთ შემთხვევაში, ვერც ინდოელი, პაკისტანელი და პენჯაბელი ფერმერები ვერ დაეუფლებიან ქართულ მიწებს.

უნდა გამოცხადდეს თუ არა მორატორიუმი ქართულ მიწებზე? ამის შესახებ For.ge პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს  ესაუბრა.

მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე. მისი თქმით, ეს მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ჩვენი კანონმდებლობა ეროვნულ ინტერსებთან შესაბამისობაში არ მოვა. იგი აცხადებს, რომ მისი პოზიცია საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული და უცხოურმა სპეკულანტურმა კაპიტალმა არ უნდა შეისყიდოს ქართველი ხალხის ძირითადი აქტივი_მიწა და შემდეგ ეს თავიანთი ინტერესისთვის გამოიყენონ სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ სახელმწიფოებმა.

რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, სოსო მანჯავიძის აზრით, ჩვენ შეგვიძლია, მორატორიუმი გვქონდეს მანამ, სანამ ევროკავშირში რეალური შესვლის შესაძლებლობა არ გვექნება. ეს კი, სოსო მანჯავიძის რწმენით, უახლოეს პერიოდში არ მოხდება.

„ისე უნდა დავიცვათ ჩვენი პატარა ქვეყანა და ეროვნული ინტერესები კანონიერი მოქმედებებით, რომ არავის მივცეთ შემოდავების საშუალება. ქართული მიწების გაყიდვას ლობირებდა ნაცმოძრაობა, ეს ინერციით დღესაც გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, სასწრაფოდ დავბლოკოთ“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ, მართალია, ქართული მიწების გასხვისების მავნელობლობა უკვე ჩადენილია, მაგრამ ჯერჯერობით ამას შეუქცევადი და კატასტროფული ხასიათი არ აქვს. ერთ წელიწადში კი საშიშროება აშკარა იქნება, თუკი ამ საეჭვო ჯგუფების აქტივობა გაგრძელდება და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

რაც შეეხება უკვე გასხვისებულ მიწებს, მისი აზრით, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, სახელმწიფო ფლობს ისეთ ინსტრუმენტებს, რომ თუნდაც ეს გასხვისებული მიწები ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს _ან გამოისყიდოს, ან უცხოელებმა დაამუშავონ ეს მიწები, რათა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების საკითხები გადაწყდეს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ პირადად მან მორატორიუმის იდეა ჯერ კიდევ 2010 წელს წამოაყენა. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გაუქმდა ის აკრძალვები, რომლებიც არსებობდა საქართველოს კანონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების კუთხით. ეს კი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შეგნებულად გააკეთეს და საქართველოს მიწის კანონმდებლობა ქართველი ერის ინტერესების მხრივ  აბსოლუტურად დაუცველია.

ამდენად, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, უკვე არავითარი ძალა არ არსებობს ამის შესაცვლელად და იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ,  უცხოელისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის უფლება. თუმცა პაატა კოღუაშვილი იმედიანად უყურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლსა და თავად საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაში არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების სოციალური ინტერესისთვის უცხოელებზე შეზღუდვების დაწესებას. ამიტომ გამოსავალი ერთადერთია, ეს შეზღუდვები უნდა ამოქმედდეს.

ამ ცვლილებებითა და დამატებებით პაატა კოღუაშვილმა, სხვა მეცნიერებთან ერთად, სულ ახლახანს უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში და არა - უფრო მეტი რაოდენობის მიწა.

„უკვე გაყიდულ მიწებთან მიმართებით ვერაფერს გავაკეთებთ, ისინი მათ უკვე ნაყიდი აქვთ, მაგრამ კანონმდებლობის ახალი დამატება მათ აიძულებს სხვაგვარად მოიქცნენ. ის მიწა მათ უნდა გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქცია აწარმოონ. 2005 წელს ბენდუქიძის დამახინჯებულმა, მავნებლურმა ე. წ. ფსევდოიდეოლოგიამ საქართველოს მიწის კანონმდებლობაში გააუქმა მუხლი, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისამებრ. ამით ბენდუქიძე ამბობდა, მესაკუთრე თავისუფალია და რაც უნდა, ის გააკეთოს თავის მიწაზე. სინამდვილეში, ეს იდეოლოგია კარნახობდა ქართველ ხალხს, რომ ის უვიცი იყო, თურმე არ იცოდა მიწაზე მუშაობა, ამიტომ უნდა აყრილიყო ამ მიწიდან და აქ უნდა მოსულიყო უცხოელი, რომელიც დაამუშავებდა მიწას და ეცოდინებოდა ბუნებათსარგებლობის პრინციპები“,_აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

რაც შეეხება ექსპერტის ეკონომიკურ საკითხებში პაატა შეშელიძის განცხადებას - თუ არ გვინდა, რომ მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოსო - მისი შეფასებისას პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ შეშელიძეს უკვე 20 წელია იცნობს, ის კარგი ბიჭი იყო, მაგრამ დღეს შეცდომაშია შეყვანილი, მით უფრო, რომ არავინ უკრძალავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას არცერთ უცხოელს, უბრალოდ, მათ ამის უფლება შეზღუდული რაოდენობით ექნებათ და უცხოელს საქართველოში შეეძლება, იყიდოს ორნახევარი ჰექტარი მიწა.

„პაატა შეშელიძემ და მისმა მსგავსებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ მიწა ერის არსებობისა და თავის რჩენის უპირველესი პირობაა. მანახონ ქვეყანა, სადაც სახელმწიფო არ იცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და რეგულირებას არ უწესებდეს. თვით აშშ-შიც კი 1%-ც კი არ არის უცხოელებზე გასხვისებული, ასევეა ჩეხეთში, ირლანდიაში, პოლონეთში, ბულგარეთში, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. ეს ქართველი ხალხის დაკვეთაა. გუშინ ინდოელებმა განაცხადეს, ის, რაც თქვენთან ხდება, არსად ხდება, ჩვენთან ამას არავინ დაუშვებდა და თქვენ რატომ დაუშვითო?! ამიტომ, გლეხებო, თქვენი პრეტენზიები მართალიაო. ვინც მოგვყიდა ეს მიწები, ფული დაგვიბრუნონ და წავალთო“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

ამასთან, იგი ადასტურებს, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაგრძელდება, რადგან სრული შეუსატყვისობაა ქართველებსა და უცხოელებს შორის ენის, რელიგიის, ზნე-ჩვეულების, მიწასთან დამოკიდებულების მხრივ.

ექსპერტის თქმით, ასეულობით ჰექტრობით გაყიდული დიდი ფართობი ყოფილი „ბობოლა ნაციონალების“ საკუთრებაა, რომლებმაც კაპიკებში ჩაიგდეს ქართული მიწები. მეტიც, კოღუაშვილის სიტყვით, მერაბიშვილს და ამ ბანდას თითქმის ყველა სოფელში აქვს ას-ასი ჰექტარი შეძენილი და სწორედ ამ მიწებს ყიდიან. ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება კი არ უნდა ასუქებდეს და ოპოზიციად აყალიბებდეს ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ამ მოძრაობის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს და უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი პარტიული ორგანიზაცია, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობასთან შეთქმულებაში იყო და დღესაც ამას აგრძელებს“.

ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ უცხოელების მიმართ არანაირი დაპირისპირება არ შეიმჩნევა ქართულ სოფლებში და ეს მოგონილია. უბრალოდ, სამი შემთხვევა იყო და სამივე მათგანში დამნაშავე იყო ადგილობრივი მთავრობა.

„რატომ არ უნდა მიეყიდოს მიწები უცხოელებს?! თავი დაანებონ, მშვენივრად მუშაობს ეს სისტემა, ინვესტორები მოდიან და ყიდულობენ მიწებს, რაღაცას აკეთებენ იმ მიწაზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაყიდოს საკუთარი მიწა იმაზე, ვისზეც უნდა. არც სამომავლოდ შექმნის ეს საშიშროებას, წესიერ ქვეყანაში წესიერი მესაკუთრის უფლებები უნდა დავიცვათ. ზოგადად, ჩვენი მთავრობა ქმნის საშიშროებას, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაუგია. ეს არა მარტო ახლანდელ ხელისუფლებას ეხება, არამედ_ საერთოდ აქამდე არსებულ ხელისუფლებას“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.