გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვრებზე არსებული ვითარების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 31 იანვარს გაიმართება.
„უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ, აშშ-მა უშიშროების საბჭოს ღია სხდომა მოიწვია, რათა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი განიხილოს: რუსეთის მუქარის შემცველი ქცევა უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვრებსა და ბელარუსში“, - ნათქვამია გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრებმა უნდა შეისწავლონ ფაქტები და განიხილონ, რა დევს სასწორზე უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ევროპისა და ასევე საერთაშორისო წესრიგის ძირითადი ვალდებულებებისა და პრინციპებისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.