აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ის ამას საჯაროდაც ამბობდა და ჩვენ თვეების განმავლობში ვსაუბრობდით ამის შესახებ“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ემილი ჰორნმა.
27 იანვარს, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მტკიცე რეაგირება მოახდინონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მხარეები ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შეთანხმდნენ.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.