გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება - ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება - ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ უსაფრთხოების დონეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის უკრაინაში“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინაში საელჩოს პერსონალი არ შეამციროს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს გერმანიაში დაბრუნება შეუძლიათ.

„ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის დესტაბილიზაცია არ მოვახდინოთ. თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება. ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.