კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესება მას არ დააზარალებს

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესება მას არ დააზარალებს

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესება მას არ დააზარალებს, თუმცა პოლიტიკურად დესტრუქციული ნაბიჯი იქნება.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ლიდერების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს განიხილავენ, უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საზღვარგარეთ აქტივების, ქონებისა და საბანკო ანგარიშების ფლობა ეკრძალებათ.

„პუტინის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები მტკივნეული არ იქნება, თუმცა პოლიტიკურად დესტრუქციული იქნება“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.