თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა უგუნური ნაბიჯი იქნება და ამ შემთხვევაში, თურქეთი იმოქმედებს ისე, როგორც ნატოს წევრმა უნდა იმოქმედოს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ყოვლისმომცველი დიალოგი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ზოგიერთი შეშფოთების გადაწყვეტას ითვალისწინებს და ასევე განუმარტავს მოსკოვს, რომ მისი ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება შესაძლებელი არ არის.
„იმედი მაქვს, რომ რუსეთი უკრაინას არ დაესხმება თავს და ოკუპაციას არ განახორციელებს. ასეთი ნაბიჯი რუსეთისა და რეგიონისთვის გონივრული ქმედება არ იქნება. საჭიროა დიალოგი, რათა მოვუსმინოთ რუსეთს და აღმოვფხვრათ უსაფრთხოების სფეროში მათი გონივრული შეშფოთებები“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.