აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ აღარ წაიწევს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ აღარ წაიწევს. მე არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.