სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათზე მეტი მაღალჩინოსანის დაკავებას შეფასებები უკვე პოლიტიკურ წრეებშიც მოჰყვა. მმართველი გუნდის ნაწილი, უწყებაში შექმნილ პრობლემებს კადრებს უკავშირებს. მეორე ნაწილი კი, თანანმდებობის პირთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამო წუხს. საგულისხმოა, რომ შეფასებებში უმცირესობაც მოკრძალებულია და უწყების მუშაობას ნაწილობრივ დადებითად აფასებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დადგინდეს - თუ რა დარღვევები არსებობს და ამ ყველაფრით ვინ ისარგებლა. მისი თქმით, არცერთ მაღალჩინოსანს, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონდარღვევა არ უნდა ეპატიოს.
„ძალიან სამწუხაროა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა, რომ ამ ძალიან დიდი საქმიდან, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ჰქვია, რაღაც პირადი ინტერესი ეპოვნა. ეს არავის ეპატიება, ვინც არ უნდა იყოს ის. სამწუხაროა, თუ მინისტრის გადადგომა ამ პროცესებს უკავშირდება, რადგან ეს არ არის სასიამოვნო“, - აცხადებს კობახიძე.
უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე უწყებაში არსებულ ხარვეზებს კადრებს უკავშირებს და ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინიტრო ძლიერ პრობლემებს მოეჭიდა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი სიკეთის პარალელურად, სამინისტროს რაღაც სტრუქტურებში ხდებოდა ის, რაც დაუშვებელია. ალბათ, ამ ყველაფრის გამომზეურება დროულად მოხდა. ძალიან ვწუხვარ, რომ დავით კირვალიძემ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომელიც, ძალიან ნიჭიერი ადამიანია, პოსტიდან გადადგა, თუმცაღა პასუხისმგებლობა თავად მინისტრს აკისრია, რადგან ამ უწყების პასუხისმგებელი პირი ყოველთვის ხელმძღვანელია. ის, რომ მან გადადგომაზე განცხადება გააკეთა, ეს მის ადამიანურ თვისებებზე მიუთითებს. ფაქტიურად, სამინისტროებში ძველი კადრებია“, - აცხადებს დეპუტატი.
უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერი აკაკი ბობოხიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრემიერი ერთ-ერთ მინისტრზე საუბრობდა და გამოჩნდა, რომ ეს ეჭვები სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით არსებობდა.
„გამოძიებას უნდა დაველოდოთ და შეფასებები ამის შემდეგ გავაკეთოთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთადერთი სფერო იყო, სადაც მუშაობა შეინიშნებოდა. ეს სწორად კეთდებოდა თუ არასწორად, სხვა საკითხია, მაგრამ მთავარია, რომ ქვეყნის სტაგნაციის პირობებში, მოძრაობა მაინც შეინიშნებოდა. ძალიან ცუდია მოძრაობის პარალელურად, კადრების კორუფცია თუ იყო“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების გარდა, ნაწილობრივ პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ფერმერთა გარკვეულ ნაწილს სასოფლო-სამეურნეო ბარათი ამ დრომდე არ მიუღია, რის მიზეზადაც მონაცემთა ბაზის გაუმართაობა სახელდება.
კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგეობებიდან ბენეფიციართა მონაცემები ხარვეზებით მიეწოდა, ზოგ შემთხვევაში კი, სიებში ზოგიერთი ფერმერი საერთოდ არ იყო, რის გამოც, მეორადი სიები შედგა, თუმცა, ხარვეზები ამ მონაცემებშიც დაფიქსირდა.
ბარათების დარიგებისა და საგაზაფხულო სამუშაოების პროცესის გარკვევას for.ge შეეცადა.
როგორც for.ge-ს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, სოფლის მეურნეობის განვითარება დიდი ხანია გაჩერებულია და ამ სფეროს ხელშეწყობა ახლა დაიწყო.
„როდესაც, ასეთ ამოცანას დაისახავ, ცხადია, ბევრ სიუპრიზს ელოდები. იდეაში კარგი იქნებოდა, რომ უცხოელი საკონსულტაციო ფირმები მოგვეწვია და შეგვესწავლა ვითარება - თუ რა მდგომარეობაში ვართ. ამ მასალების გაანალიზების შედეგად კი, პრიორიტეტები უნდა დავსახოთ არა წლის ბოლოსთვის, არამედ პოლიტიკისთვის. კვლევის ჩატარება აუცილებელი ამოცანაა, მაგრამ მას დრო სჭირდება. როდესაც, ბარათების დარიგება და ხვნა-თესვა დაიწყო, ხარვეზები დავინახე და სესიაზე განცხადება გავაკეთე, რომ საბოტაჟის სუნი მცემდა.
დღეის მონაცემებით, 800 000-ზე მეტი ნაკვეთია, პირვანდელი გათვლა კი იყო 600 000 ბარათზე. ნაკვეთების 80 პროცენტზე მეტი არ არის აღწერილი და სამართლებრივად არ არის რეგისტირებული. ჩვენ ან მიწის აზომვა უნდა დაგვეწყო და ამას მთელი წელიწადი სჭირდებოდა, ან რისკზე უნდა წავსულიყავით. ამ რისკზე წავედით და ვთქვით, რომ ბარათებს მიიღებენ - არა მხოლოდ ისინი, რომელთაც ნაკვეთი რეგისტრირებული აქვთ, არამედ ისინი ვისაც მიწები სარგებლობაში აქვთ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთ ჰექტარი მიწის რეგისტრაციისთვის მინიმუმ 250 ლარი უნდა გადაიხადო, ხოლო რეგისტრაციის მომსახურება 51 ლარი ჯდება. იქიდან გამომდინარე, რომ რეგისტრაცია 300 ლარი ჯდება და ეს ამ პირობებში შეუძლებელია, ჩვენ არ გვინდოდა ფერმერებსთვის ზურგი შეგვექცია და პირიქით, გვსურს, რომ ამ პროექტმა ამოძრავების როლი ითამაშოს. ამ სფეროში, პროცესები გააქტიურდა, დუღილი დაიწყო და ინტერესი გამოჩნდა. მთავარია, ამ პროცესის სწორად წარმართვა“, - აცხადებს აგულაშვილი.
რაც შეეხება სიის მიღმა დარჩენილ ფერმერებს - ისინი მიიღებენ თუ არა ბარათებს, ამ დროისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხი არ არის.
აგულაშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც ბარათს ელოდება, მას არ აინტერესებს მიზეზები - თუ რის გამო დარჩა ის სიის მიღმა.
„ამ ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა - სიის მიღმა ვინ და რა მოტივით დატოვა. ის მე მიყურებს, როგორც მთავრობას და მისი პასუხია - ბარათი მომეცი და არ მაინტერესებს დამნაშავის ძებნა. შეიძლება გამგეობებისა და რწმუნებულების მხრიდან არაკეთილსინდისიერებაა ის, რომ მონაცემები არასწორად მოამზადეს, მაგრამ მიწის გადანაწილებას მუდმივად ახლდა მცდელობა, რომ ადამიანებს მსუყე ლუკმა ჩაეგდოთ ხელთ“, - განაცხადა აგულაშვილმა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში, რაც უფრო მეტი ფული დაიხარჯება უკეთესია, მაგრამ მთავარი პროგრამის ეფექტია.
მისი თქმით, მთავრობის გეგმა საკმაოდ ამბიციურია და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, დიდი თანხა იხარჯება, მაგრამ ამას ექნება თუ არა ეფექტი, ეს გაურკვეველია.
„ხვნა-თესვა იმ ტექნიკით დაიწყეს, რაც ჩვენ შევიძინეთ. მანქანა-ტრაქტორების რაოდენობა საკმარისი არ იქნებოდა, რომ სოფლის მეურნებობის მიწების დამუშავება მთლიანად მომხდარიყო. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ მომავალზე ორიენტირებული პროექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის კატასტოფა. პირიქით, კარგია, რადგან სოფლის მეურნეობაში დიდი ინვესტიცია განხორციელდა და დაველოდოთ შედეგებს. შეცდომების გარეშე, მსოფლიოში ვერავინ ვერაფერს აკეთებს. თუმცა, შეცდომებიდან თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სწორი დასკვნები გამოიტანა და სწორი ანალიზი გააკეთა, ეს კარგია“, - აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება გამგებლებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში გამოთქმულ პრეტენზიებს, მაჭავარიანი აცხადებს, რომ სიების გაუმართაობა „თავის გამგებლებს“ უნდა დააბრალონ.
„გამგებლების დადანაშაულება არასწორია, რადგან მუნიციპალიტეტების 80 პროცენტს „ოცნება“ აკონტროლებს. მათი შეცვლა კი, ნოემბერ-დეკემბერში მოხდა. ნაციონალობის გამო, არცერთი გამგებელი თავის თავს საფრთხის წინაშე არ დააყენებს, რადგან ის სოფელში რჩება და ის ისევ თავის ხალხმა უნდა აირჩიოს. ბარათებთან დაკავშირებით კი, ხარვეზები ჩვენს დროსაც იყო, მაგრამ რეაგირება ამას სჭირდება. როდესაც, ვაუჩერებს ვარიგებდით, ხარვეზები იყო, მაგრამ რეაგირებას ვახდენდით და დამატებით სიებს ყოველთვის ვადგენდით“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარიანმა.
გამგებლების მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიწოდებულ სიებში არსებულ ხარვეზებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი კოტე ხუცაიძეც საუბრობს და for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ მონაცემებში უზესტობები იყო, რის გამოც, მათ გამგეობებს სიების დაზუსტება რამდენჯერმე სთხოვეს.
„პირველი მონაცემებით, სადღაც 600 ათასი ბარათი დაიბეჭდა, მაგრამ დამატებითი სია მოვიდა და რაიონებმა დააყენეს საკითხი, რომ ამა თუ იმ მიზეზების გამო, უცოდინრობის გამო თუ შეგნებულად, ისინი ვერ მოხვდნენ სიებში, რის გამოც დახმარებას ითხოვდნენ. დამატებით 217 000 მონაცემი შედგა. ბენეფიციართა 80 პროცენტს კი, რეგისტრირებული ფართობები არ გააჩნია. აღმოსავლეთის პრობლემატური სიები დაკორექტივდა და დასავლეთიდან უნდა მივიღოთ. შეიძლება ითქვას, რომ ბენეციალთა 95-96 პროცენტი ბარათით დაკმაყოფილებულია. ხოლო, ვისაც ბარათი არ მიუღია, ალბათ, ამასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ხუცაიძემ.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს - სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს „მექანიზატორის“ დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე და აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 54 მლნ ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას. ამ პროექტისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან 50 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო- სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა შპს „მექანიზარტორს“ დაევალა და შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად კონტროლის კომისიები შეიქმნა, რომელშიც შედიოდნენ როგორც შპს „მექანიზატორის“, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობოს პირები.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკის მქონე ტექნიკაში უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით 10 000 ევრო. იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორების და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დახმარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 500 000 ლარი. მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის.