საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა სიღნაღში

საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა სიღნაღში

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა 2010 წლის ბოლო შეხვედრა 24-25 დეკემბერს სიღნაღში გამართა. საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

მამუკა კაციტაძე, რევაზ სოხაძე – ახალი მემარჯვენეები, ნანა ციკოლია – დემოკრატიული პარტია, აკაკი მინაშვილი, პავლე კუბლაშვილი –ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,ბაჩუკი ქარდავა, გიორგი გოგნიაშვილი – ეროვნულ - დემოკრატიული პარტია, ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ აბაშიძე – თავისუფალი დემოკრატები, მალხაზ გორგასლიძე – თავისუფლება, ბიძინა გუჯაბიძე, ნინო გოგუაძე – კონსერვატული პარტია, ზურაბ ტყემალაძე, გიორგი ჯავახიშვილი – მრეწველები, დავით უსუფაშვილი, ვახტანგ ხმალაძე – რესპუბლიკური პარტია, კახა სეთურიძე – საქართველოს გზა, ნანა ქარდავა, გიორგი ბაშარული – ქართული დასი, ლევან ვეფხვაძე, გრიგოლ ჯოჯუა – ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა, მაგდა კოტრიკაძე, მამუკა ხიმშიაშვილი – ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია, ლევან გაბრიჩიძე, ვალერი ჭელიძე – ჩვენ თვითონ, კახაბერ ფირუაშვილი, ალექსანდრე შალამბერიძე –ხალხის პარტია, ირაკლი მელაშვილი – მოწვეული ექპერტი

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, UNDP, USAID,  NIMD რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.

შეხვედრა გაიმართა სამ სესიად. დადგენილი წესის თანახმად, პირველ სესიას თავმჯდომარეობდა პარტია თავისუფლების წარმომადგენელი მალხაზ გორგასლიძე, მეორეს - კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ნინო გოგუაძე, ხოლო მესამეს  - მრეწველთა პარტიის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე.

პრეზენტაციების წარმოდგენამდე, ბატონმა აკაკი მინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აცნობა ვენეციის კომისიის სურვილის შესახებ კოდექსზე მომუშავე ჯგუფში ჩართულობასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა თანხმობა გამოთქვეს შემოთავაზებულ წინადადებაზე. ბატონმა აკაკიმ მონაწილეებს, მათი შეკითხვებიდან გამომდინარე, მოახსენა, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლების პირველი ვიზიტი იგეგმება გაზაფხულზე, ხოლო შემდეგი ვიზიტი - ცოტა მოგვიანებით და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ შეხვედრები გამართონ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ვენეციის კომისიას წინასწარ გადაუგზავნონ მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების სრული ვერსიები, რათა გააცნონ პოლიტიკური პარტიების ხედვები საარჩევნო კოდექსის თაობაზე.

ზემოხსენებულ საკითხზე  მსჯელობის შემდეგ პრეზენტაცია წარმოადგინა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსმა ბატონმა გიორგი ვაშაძემ ელექტრონული პირადობის მოწმობების თემაზე, სადაც დეტალურად გააცნო მონაწილეებს, თუ რას წარმოადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობა და რა ფუნქციები გააჩნია მას. მან აღნიშნა, რომ ბარათის ჩიპში განთავსებული იქნება ბიომეტრიული ფოტო, პირადი ხელმოწერა, ელექტრონული ხელმოწერა, პირადი ნომერი და ასევე  საცხოვრებელი მისამართი უნდა ჩაიწეროს ჩიპზე და არა ბარათის ზედაპირზე, რათა საცხოვრებელი მისამართის შეცვლა არ საჭიროებდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის  გამოცვლას.

ბატონმა გიორგიმ ხაზი გაუსვა დამისამართების პროექტის  დაფინანსების პრობლემას დონორი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID და ევროკავშირი. მან გამოთქვა მზადყოფნა მოსაზრებების მოსასმენად და არჩევნებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე სამუშაოდ. პრეზენტაციასთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა მონაწილეებს შორის და მათ დაუსვეს კითხვები ბატონ ვაშაძეს ელექტრონული მოწმობების ღირებულებასთან და მათი გაცემის ვადებთან დაკავშირებით და აგრეთვე ტექნიკური აღჭურვილობის არსებობის თაობაზე, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის დაფინანსებაზე. ასევე გათვალისწინებულია თუ არა ელექტრონულ პირადობის მოწმობებში ისეთი ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა თითის ანაბეჭდი.

გიორგი ვაშაძემ მონაწილეებს უპასუხა, რომ თითო მოწმობის სავარაუდო ღირებულება  იქნება 30 ლარი, თითის ანაბეჭდის  განთავსება ჩიპზე გათვალისწინებული არ არის, თუმცაღა ტექნიკურად შესაძლებელია. ვადების საკითხი ბუნდოვანია დაფინანსების პრობლემიდან გამომდინარე, მაგრამ, სავარაუდოდ, 2011 წლის ზაფხულში იგეგმება ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა და სამი წელი იქნება სავარაუდო ვადა მთლიანი პროექტის განსახორციელებლად; სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ საწყის დაფინანსებაში.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე მუშაობის მნიშვნელობას არჩევნებისთვის. მათ ასევე იმსჯელეს დამისამართების პრობლემის არსებობაზე და უკმაყოფილება გამოთქვეს მოწმობის ღირებულებასთან და  გაცემის ვადებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, ბატონმა დავით უსუფაშვილმა მონაწილეებს შესთავაზა რამოდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფის მუშაობა სამოქალაქო რეესტრის სამსახურთან ერთად, რაც სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმაც გაიზიარეს.

ბატონმა ლევან ცუცქირიძემ NIMD-ის სახელით მონაწილეებს შესთავაზა ლათინური ამერიკის ექსპერტთა გამოცდილებას გაზიარება. ასევე ქალბატონმა ქეთი მაისურაძემ IFES-ის სახელით მიმართა სამუშაო ჯგუფის წევრებს და ინფორმაცია მიაწოდა ბიომეტრიული მონაცემების საკითხში ექსპერტის ვიზიტის თაობაზე 2011 წლის 24 იანვრიდან. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ექსპერტების დახმარების მნიშვნელობას აღნიშნულ საკითხში და მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის.

პრეზენტაცია კენჭისყრის თემაზე წარმოადგინა ირაკლი მელაშვილმა რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის სახელით, სადაც მან ისაუბრა კენჭისყრასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ სხვის ნაცვლად ხმის მიცემა და სხვადასხვა უბანზე ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობა. მან აგრეთვე ისაუბრა კენჭისყრის დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩართვასა და გააქტიურებაზე, კენჭისყრამდე განსახორციელებელ პროცედურებზე და კენჭისყრის პროცედურებზე, გადასატანი ყუთით ხმის მიცემაზე, ხმების დათვლაზე, შემაჯამებელ ოქმებსა და მონაცემების დაცვის გარანტიებზე.

მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტექნიკური საშუალებებით ხდება დაკავშირება საარჩევნო უბნიდან ცენტრალურ სერვერთან, ვიდეო თვალით იდენტიფიცირების სანდოობის შესახებ, ასევე საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ახალი ელექტრონული მოწმობების არსებობის შემთხვევაში. ბატონმა გიორგი ვაშაძემ დასვა შეკითხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და მან გამოთქვა მოსაზრება help desk-ის აუცილებლობაზე თითო საარჩევნო უბანში და ხაზი გაუსვა დაფინანსების მნიშვნელობას აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, და ასევე იმ საკითხს, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა სხვა ქვეყნებში.

ბატონმა ირაკლიმ უპასუხა შეკითხვებს, რომ ყველა აპარატი უნდა შემოწმდეს საარჩევნო უბანში განთავსებამდე და იმავდროულად სათადარიგო აპარატები იქნება საოლქო კომისიაში. საარჩევნო უბნიდან ცენტრალურ სერვერთან დაკავშირება მოხდება ინტერნეტის ან GPRS სისტემის საშუალებით. ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემთხვევაში, ყველა ამომრჩეველს მოუწევს ფიზიკურად მისვლა საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად.

ბატონი პავლე კუბლაშვილის შეკითხვაზე მისამართების საკითხთან დაკავშირებით, ბატონმა ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახური ცესკოს აწვდის მონაცემებს და შემდგომ  ცესკო დაყოფს შესაბამის მისამართებს საარჩევნო უბნებად. რაც შეეხება მონაცემების დაცულობას, მათი შენახვა ხდება მონაცემთა ბაზაში და ჩიპზეც. ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია ერთი დამატებითი ველის შექმნა მონაცემთა ბაზაში ძველი და ახალი მისამართების შესატანად. აღნიშნული საკითხის მსჯელობის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა თამარ ჟვანიამ გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მონაწილეებს შესთავაზა საერთაშორისო ექსპერტის ჯერალდ მითჩელის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ბიომეტრიული მონაცემების და ამომრჩეველთა რეგისტრაციის თემაზე.

მომდევნო პრეზენტაცია  საინფორმაციო ველის და საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემაზე წარმოადგინა გიორგი ბაშარულმა ქართული დასის სახელით. ბატონმა გიორგიმ ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს საინფორმაციო ველის გათანაბრების პრინციპს, ამ მიზნით ქართული დასის პროექტით წესდება წინასაარჩევნო კამპანიის სარეკლამო კლიპებზე წუთობრივი ლიმიტი და მოცემული ლიმიტის 50%-ის ფარგლებში, ყველა კვალიფიციური სუბიექტისათვის თანაბრად გამოიყოფა უფასო საეთერო დრო. ამასთან ერთად, იკრძალება ყველა დონის საჯარო მოხელის (გარდა პარლამენტის, საკრებულოს და სხვა არჩევითი თანამდებობებისა), რაიმე ფორმით მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ.  

პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ მონაწილეებმა კითხვები დასვეს იმასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია თუ არა თანაბრობის პრინციპი არაკვალიფიციურ პარტიებთან მიმართებით, საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების დასწრების თაობაზე, რაზედაც ბატონმა ბაშარულმა უპასუხა, რომ თანაბრობის პრინციპი დაცულია არაკვალიფიციური პარტიებისათვისაც, ხოლო საჯარო მოხელეთა დასწრება სააგიტაციო ღონისძიებებზე შეზღუდული არ არის.

შემდეგი პრეზენტაცია მედიის გარემოს განვითარების თემაზე რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის სახელით წარმოადგინა ბატონმა ლევან ვეფხვაძემ. მან ისაუბრა საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემებზე, მედიის მონოპოლიზაციის, ფინანსური გამჭვირვალობის, ლიცენზიის უფლების, საერთაშორისო რეგულაციების შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ბატონმა აკაკი მინაშვილმა ჩამოთვალა რამოდენიმე საკითხი, როგორიცაა ადმინისტრაციული ორგანოსთვის და საჯარო მოხელეებისთვის ლიცენზიის მიცემის აკრძალვა, საკუთრების კონცენტრაცია, სოციალური რეკლამა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხები უკვე განსაზღვრულია  მოქმედი კანონმდებლობით.

ამასთან დაკავშირებით ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული საკითხები სათანადოდ არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით. მან მაგალითად მოიყვანა, რომ დაფინანსების გამჭვირვალობის პუნქტში მითითებული უნდა იყოს, როგორც დაფინანსების წყარო, ასევე დაფინანსების წარმომავლობა.

ბატონმა ბიძინა გუჯაბიძემ რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის სახელით პრეზენტაცია წარმოადგინა წინასაარჩევნო კამპანიის წესების თემაზე. მან ისაუბრა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებზე, შეზღუდვებზე, რომლებიც უნდა დაწესდეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა  კითხვები დასვეს საჯარო მოხელეების საარჩევნო და მათი წარმომადგენლების აგიტაციაში მონაწილეობასთან და მედია რეგულაციებთან დაკავშირებით, თუ რატომ და როდის ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა.

პრეზენტატორმა მხარემ აღნიშნა, რომ მათი მოდელის მიხედვით საარჩევნო აგიტაცია ეკრძალებათ არაარჩევითი თანამდებობის პირებს, კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხოლო დანარჩენი საჯარო მოხელეებისთვის უნდა დაწესდეს საათობრივი შეზღუდვები. მედია რეგულაციებთან დაკავშირებით, მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა, რომ ამ საკითხზე უფრო დეტალურად იმსჯელონ მეორე მოსმენისას და აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მონაწილეებს შესთავაზეს, რომ არასაინფორმაციო დრო დაექვემდებაროს მონიტორინგს. ბატონმა ლევან ვეფხვაძემ მონაწილეებს შესთავაზა მეორე მოსმენის დროს ამ საკითხთან დაკავშირებით  იხელმძღვანელონ  მაუწყებელთა ქცევის კოდექსით.

მომდევნო პრეზენტაცია  საპარლამენტო სისტემების თემაზე რვა პარტიის ერთობის სახელით წარმოადგინა ბატონმა მამუკა კაციტაძემ. მან ისაუბრა პროპორციული სისტემით (75) და რეგიონულ-პროპორციული სისტემით (75) არჩეულ პარლამენტზე, რეგიონულ-პროპორციული სისტემით 2, 3 და 4-მანდატიანი ოლქების შექმნის თაობაზე, იმ პრინციპის დაცვით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მანდატების თანაბარი „წონა“, ამომრჩეველთა რაოდენობის დასაშვები 10%-იანი ცდომილების ფარგლებში.

ბატონმა მამუკამ ამ მოდელში ხაზი გაუსვა არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილებისას უდიდესი ნაშთის უპირატესობის პრინციპს. პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უდიდესი ნაშთისა და პროპორციების დაცვის საკითხზე, ასევე ცდომილებებზე. ბატონმა მამუკამ განმარტა უდიდესი ნაშთის უპირატესობა.

შემდეგი პრეზენტაცია იმავე თემაზე წარმოადგინა ბატონმა გიორგი გოგნიაშვილმა  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით. მან ხაზი გაუსვა მანდატების თანაბარი  „წონის“ პრინციპს და იმ მიდგომას, რომ ამის უზრუნველსაყოფად 1 ადმინისტრაციული ოლქი არ უნდა შეესაბამებოდეს 1 მანდატს. ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ ამ ასპექტში ეთანხმებიან რვა პარტიის ერთობის მიერ წარმოდგენილ მოდელს და დასძინა, რომ პროპორციული სისტემის წილის გაზრდის შემთხვევაში მიემხრობიან ბარიერის გაუქმებას პროპორციულ სისტემაში.

25 დეკემბერს შეხვედრას თავმჯდომარეობდა ბატონი ზურაბ ტყემალაძე. პრეზენტაცია საარჩევნო დავების განხილვის სისტემის თემაზე რვა პარტიის ერთობის სახელით წარმოადგინა ბატონმა დავით უსუფაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო რვა პარტიის წინადადებები გასაჩივრების საკითხებზე. მან ისაუბრა სააპელაციო სასამართლოში კოლეგიის (რომელიც შედგება ერთი მოსამართლისა და 4 საარჩევნო მსაჯულისგან) მიერ დავების განხილვის შესახებ. ბატონმა პავლე კუბლაშვილმა კითხვები დასვა იმის თაობაზე, თუ რომელ პარტიას აქვს მსაჯულების შერჩევის უფლება; ყველა დავაზე არის თუ არა აღნიშნული ტიპის განხილვა; მოსამართლეთა შერჩევის მეთოდის და აცილების საკითხის შესახებ.

ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ მსაჯულების შერჩევის უფლება აქვს ყველა კვალიფიციურ სუბიექტს, ვინც არჩევნებში მონაწილეობს ან შესაძლოა, რომ მსაჯულობის კანდიდატები პარტიამ საერთოდ არ დაასახელოს და დაასახელონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. დავებთან დაკავშირებით ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ ძნელი განსასაზღვრია, თუ რომელი დავა მოითხოვს განხილვას მსაჯულთა მონაწილეობით და ხაზი გაუსვა ამ პრობლემის განხილვის აუცილებლობას მეორე მოსამენის დროს. აცილების პრინციპთან დაკავშირებით კი მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ სისტემას უნდა შეეხოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული აცილების პრინციპი, თუმცა, შესაძლოა რაიმე დაემატოს საარჩევნო კოდექსის დონეზე.

მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, ბატონმა დავითმა დააფიქსირა რვა პარტიის მიდგომა, რომ თუ დავების განხილვას დასჭირდება, ვთქვათ, 15 მოსამართლე, იუსტიციის საბჭომ დაასახელოს 20, რათა საარჩევნო სუბიექტებს მიეცეთ აცილების შესაძლებლობა.

მომდევნო პრეზენტაცია საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის სანქციების თემაზე  წარმოადგინა ქალბატონმა ნინო გოგუაძემ რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის სახელით. პავლე კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და განხილვა და ასევე სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაცნობა. მან კოლეგებს  სანქციების თემაზე მსჯელობა შესთავაზა მეორე მოსმენისას, რაც, მისი აზრით, მოგვცემს ეფექტიანი სისტემის შექმნის შესაძლებლობას. ბატონი დავით უსუფაშვილი და სხვა მონაწილეები დაეთანხმნენ ბატონი პავლეს მოსაზრებას და გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ. 

 შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს IFES-ს და ხაზი გაუსვეს ქალაქგარეთ გამართული შეხვედრების მნიშვნელობას. მათ შეაჯამეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრების პირველი ეტაპი. მამუკა კაციტაძემ დააფიქსირა თავისი შეხედულება მასზედ, რომ მმართველი პარტია არ ჩაერთო პრეზენტაციების ნაწილში, და შეხვედრების მომდევნო ეტაპში პირველი სიტყვა მათ უნდა ეკუთვნოდეთ, რაც მონაწილეთა უმრავლესობამ გაიზიარა. ბატონმა პავლე კუბლაშვილმა გამოხატა თავისი პოზიცია, რომ დისკუსიების ნაწილში, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრთა შეთანხმების მიხედვით 2011 წლის 20 იანვარის შემდეგ იწყება, მათ ექნებათ უფრო ჩამოყალიბებული  შეხედულებები.

ბატონმა პავლემ აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ შეხვედრების ეფექტიანობა და, მისი აზრით, თებერვალში საბოლოოდ უნდა მოხდეს ამ საკითხების შეჯამება. მან აგრეთვე შესთავაზა კოლეგებს, რომ შეხვედრების მომდევნო ეტაპის პირველი შეხვედრა დაუთმონ  ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საკითხს, რაც მას სასწრაფოდ მოსაგვარებელ საკითხად მიაჩნია, რასაც ყველა მონაწილე დაეთანხმა. სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრამდე პოლიტიკურმა პარტიებმა გამართონ არაფორმალური ტექნიკური ხასიათის შეხვედრები სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ტექნიკურ პერსონალთან ბიომეტრიული ბარათების საკითხებთან დაკავშირებით.