ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი უნდა დარწმუნდეს, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის მზადყოფნასთან დაკავშირებით. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, მიმდინარე კვირაში ნატო რუსეთს წერილობით წინადადებას გაუგზავნის, რათა შეეცადოს წინსვლის გზა გამონახოს.
„ძლიერი შეკავება საუკეთესო გზაა ნატოს ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობა, რისკის შემცირების მექანიზმები და სხვა საკითხები, რომელიც აქტუალურია ევროპის უსაფრთხოებისთვის და ასევე მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებებს“, - განაცხადა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. გარდა ამისა, ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. მოსკოვი კი ირწმუნება, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.
თავის მხრივ, უკრაინის უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, სხვა ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადებისა და მოდელის განსაზღვრას. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს სპეციალური განცხადებით მიმართეს.
უკრაინა გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრას ითხოვს, რომ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიიგან. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლეკსი დანილოვი რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე, უკრაინის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო შეჭრა ამ მომენტში ფიზიკურად შეუძლებელია.
„მივმართავ მოსახლეობას - სიმშვიდე, სიმშვიდე და ისევ სიმშვიდე. საჭიროების შემთხვევაში გვაქვს ეროვნული განგაშის სისტემა. ჩვენ არაფერს დავმალავთ. ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გასაკვირია, რომ მათ აქ მობილიზებული რუსი ჯარისკაცები დაინახეს. ეს ყველაფერი 30 ოქტომბრიდან დაიწყო, როცა „ვაშინგტონ პოსტმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა.
ძალიან მოხარულები ვართ, რადგან მსოფლიომ საბოლოოდ შეამჩნია, რომ ჩვენ ამ აგრესიის წინაშე აღმოვჩნდით. ნატოს წევრი სახელმწიფოები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, დაგვეხმარონ, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ“, - განაცხადა ოლეკსი დანილოვმა.
ოფიციალური კიევი, ბრიუსელისგან ნატო-ში მიღების კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვს, თუმცა ომის საფრთხის წინაშე მყოფი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, ან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მაპის მიცემას გამორიცხავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი
მამუკა ნებიერიძე, რომლის განცხადებით, ნატოს არსებობის ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, როდესაც ომის საშიშროების წინაში მყოფი ქვეყანა გამხდარიყო სამხედრო ალიანსის წევრი. აქედან გამომდინარე, ნებიერიძე თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ნატოში გაწევრიანება.
„ომის მსვლელობის პროცესშიც კი, პრაქტიკულად, გამორიცხულია გაწევრიანება. ახლა, ამ ვათრებაში, როცა არის ომის საშიშროება, უკრაინის საზღვართან დგას რუსეთი ჯარი,
საერთოდ წარმოუდგენელია უკრაინის გაწევრიანებაზე მსჯელობაც კი, არა თუ გაწევრიანება. უკრაინის რადა მოითხოვს და ეს ბუნებრივია, კრიტიკული ვითარება აქვთ, გასაგებია, რომ გაწევრიანება უკრაინული მხარის სურვილია, მაგრამ ამ ეტაპზე გამორიცხულია უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება“, - აცხადებს მამუკა ნებიერიძე.
მისივე შეფასებით, უკრაინა-რუსეთ შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება გამორიცხულია, თუმცა ლოკალურ დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რასაც არაიანი კავშირი არ ექნება ოკუპაციასთან.
„თუ ლაპარაკია სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით, შეიძლება ლოკალური ომი მოხდეს. შეტევა განახორციელონ იგივე დონბასიდან, ბელარუსიდან, მაგრამ სრული ოკუპაციის შესაძლებლობა რუსეთს არ გააჩნია, ეს გამორიცხულია. ვერ შეძლებენ, უკრაინის არმია დღეს უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია, ვიდრე 2014 წელს იყო. მართალია, რუსეთსაც მოდერნიზებული არმია ყავს, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია უკრაინის სრული ოკუპაცია. ლაპარაკი იქნება მაქსიმუმ, აღმოსავლეთ პროვინციის დაკავებაზე და ეს შესაძლებელია, მაგრამ სრული ოკუპაცია გამორიცხული.
საერთაშორისო გამოხმაურება ისეთია, რომ შეუძლებელია ამ ზეწოლას გაუძლოს რუსეთმა. საერთოდ, ძალიან არალოგიკური ნაბიჯი აქვს კრემლს და რა ამოძრავებს, რთული სათქმელია. რუსეთს უფრო სერიოზული პრობლემა აქვს, რაც არ ჩანს, ან რაღაცა ისეთი კოზირი აქვთ, რაც არ ვიცით. ძალიან არალოგიკურია, რომ ომი დაიწყოს. თუმცა, რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შეიძლება დაიწყონ, მაგრამ ფართომასშტაბიანი გამორიცხულია, ლოკალური შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ომს არაიანი კავშირი არ ექნება ოკუპაციასთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.
სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსეთმა სამხედრო მუქარის პირობები შექმნა იმის გათვალისწინებით, რომ არ დაუშვას უკრაინის ნატოში შესვლა, რაც რუსეთისთვის იქნება წითელი ხაზი. იმ შემთხვევაში, თუ ნატოში მიღებული იქნება გადაწყვეტილება უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაისაია ვარაუდობს, რომ რუსეთი ასეთ შემთხვევაში მიიღებს უკრაინაში შეჭრის გადაწვეტილებას.
„რუსეთი არ დაუშვებს ასეთი ტენდენციის განხორციელებას, ანუ გაწევრიანებას. მეორე დილემური საკითხია უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანების უფლების არმიცემა, იგივე - ოფიციალურად და ფორმალურად მისი უარყოფა, ეს ნიშნავს კაპიტულაციას. ამაშია მთელი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების დილემა დაფიქსირებული. ორივე მხარისთვის ეს არის წითელი ხაზი. თუ დასავლეთმა და აშშ-მა უკრაინა შეზღუდა და კარებს დაუხურავენ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ დასავლეთი პუტინის თამაშს თამაშობს, რაც კაპიტულაციას ნიშნავს.
მეორეა კარის გაღება და თუნდაც მაპიც რომ მისცენ, როცა ასეთ ვითარებამდეა მისული საქმე, ეს იქნება მძიმე გადაწყვეტილება. დღევანდელი პარამეტრებით უკრაინის მიღება გამორიცხულია, ნატოც ამას აფიქსირებს და იგივე თქვა ბაიდენმა. თუ მადრიდის სამიტამედე მივიდა პროცესი და არ დაიწყო კონფლიქტი, მაშინ ამ სამიტზე ნატომ უნდა შეცვალოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - ანუ, მსურველ სახელმწიფოებს ახალი მიდგომები უნდა შესთავაზონ დღეს არსებული გეპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვავევაში, ნატო საკუთარ თავს აგდებს დილემის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.