პროტესტის უნარი არ გვაქვს ან აღარ გვინდა, რომ თავი შევიწუხოთ

პროტესტის უნარი არ გვაქვს ან აღარ გვინდა, რომ თავი შევიწუხოთ

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი კულტურის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა. ამ ძეგლების უმრავლესობა ძველი თბილისის ტერიტორიაზე მდებარეობს.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვა მთელი საქართველოს მასშტაბით მათი სამინისტროს კომპეტენციაა. ამდენად, გაუმართლებელი იყო თბილისის ძეგლების ამ კომპეტენციიდან გამოყოფა. მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით, ნარიყალას ქვემოთ დღესაც ჩანს დანგრეული, ბულდოზერით გათელილი სახლები და მშენებარე ბეტონის ნაგებობები, რომლებიც შემდეგ აგურის ნატეხით მოპირკეთდება. ამის დანახვაზე კი ადამიანს შეიძლება გული გაუსკდეს.

თავის მხრივ, ქალაქის მერს გიგი უგულავას ეეჭვება, რომ  იმ „შრომისუნარიანობით“, რითაც კულტურის სამინისტრო გამოირჩევა, რაიმე გამოვიდეს. მისი თქმით, მერია ყოველთვის ცდილობდა კედლებსა და ადამიანებს შორის ისეთი ბალანსი მოეძებნა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს არ გახდიდა. თუმცა ქალაქის მერს არაფერი უთქვამს, რომ მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ მაინცდამაინც ისტორიულ ძეგლებზე უკანონო დაშენების არაერთი ბრძანება გაცემულა, ყოველგვარი არქიტექტურული მდგრადობის შემოწმების გარეშე, რის გამოც ეს ძეგლები ახლა სავალალო მდგომარეობაშია. 

რას შეცვლის კულტურის სამინისტროსთვის ძეგლების დაბრუნება, ამის შესახებ For.ge სპეციალისტებს ესაუბრა. ისინი ერთ რამეში თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე არავინ იცის, რას გააკეთებს კულტურის სამინისტრო, რადგან გასარკვევია, მისი ხელმძღვანელობა მართლაც ისურვებს თუ არა ძეგლების დაცვას, თუ ძეგლის ჩამოქცევის და უკანონო დაშენებების მიმართ შემწყნარებლური იქნება?!

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ მერია თბილისში ნაკვეთების, მიწების მფლობელია და ის გასცემს მშენებლობის ნებართვას. ამდენად, ცხადია, ის  მანიპულირებითაა დაინტერესებული, რათა რაც შეიძლება, მეტი მოგება ნახოს. თუმცა თუ ძეგლს არ ჰყავს ნამდვილი დამცველი - საზოგადოების სახით, მერიის ხელში ძეგლის  დატოვება გაუმართელებელია, რადგან მათ ძველ თბილისში სახლების ნახევარი ისე მიანგრიეს, როგორც უნდოდათ. ამიტომ როგორც ადრე იყო, ძეგლები კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს. თუმცა ერთიცაა, ძეგლებს ქალაქის  მუნიციპალიტეტმა უნდა მოუაროს, ოღონდ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.

„მნიშვნელოვანია, კულტურის სამინისტროს რომელი დაწესებულება იქნება ამ ძეგლებზე უშუალო პასუხისმგებელი და რამდენად ღირსეულად შეასრულებს ფუნქციას. კულტურის სამინისტროში, გარკვეულწილად, კადრი შეიცვალა, თორემ ადრე ვინც იყო, მათ ისე თამამად მოუხსნეს ძეგლებს სტატუსი, თითქოს არანაირი ღირებულება არ გააჩნდათ. ამიტომ ყველაფერი მაინც  ამ სფეროს „მთავარსარდლების“ პატიოსნებაზეა დამოკიდებული. თბილისში სამი ტიპის ძეგლი არსებობს_ისტორიული ქალაქი, მთლიანად ქალაქგეგმარებითი ქუჩების ქსელი, რომელიც ფორმირებულია რიგი ძეგლებით და ფონური ნაგებობებით (რომელთა მნიშვნელობაც ძეგლზე არანაკლებია), და კიდევ არის დამოუკიდებელი ძეგლები, როგორიცაა ტაძრები, ეკლესიები, ფორტიფიკაციური ნაგებობები - ნარიყალა და სხვა. ასევე, არსებობს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის შესაბიშნავი ობიექტები, რომლებიც ძეგლებად ითვლება_ფუნიკულიორის ზედა სადგური, იმელის შენობა, რომელიც რატომ გამოფუღრეს, არავინ იცის. ამას წინათ ჩავიარე და ვნახე, ცალი მხარიც კი ჩამოაჭრეს ამ ძეგლს და იქ მაღლივ შენობას უშენებენ, რაც ისტორიული ქალაქის პირობების დარღვევაა“, - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

არქეოლოგი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური აცხადებს, რომ არ შეიძლება, საქართველო ადგილ-მამულის მიხედვით დავყოთ. ამიტომ საინტერესოა, რატომ ებარა დედაქალაქის მერიას ძეგლები, მაშინ, როცა ქუთაისის მერიას ქუთაისის ძეგლები არ ებარა, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ შედიოდა ახალციხის ძეგლები და სხვა. თბილისის მერია კი არასოდეს კომპეტენტურ აზრს არ იზიარებდა და ძეგლებზეც უკანონო დაშენებები ჩნდებოდა. მთაწმინდის უბნის ზოგიერთი რაიონი, ზემო ბეთლემი აბსოლუტურად გამოვიდა სპეციალისტების კონტროლიდან და ძველი თბილისი შაგრენის ტყავივით შემცირდა. ამ დროს კი გამოდიოდა უგულავა და სხვები, მერიაში მომუშავე სანტექნიკოსი ან აგრომრეწველობის სპეციალისტი და გვიხსნიდნენ, რომ თურმე ძეგლების შესახებ სპეციალისტებს არაფერი სცოდნიათ და სცოდნია უგულავას.

„არ მეშინია, ხმამაღლა ვიტყვი -  ეს იყო დიდი კორუფციის წყარო, რადგან მოგეხსენებათ, ძველ თბილისში რა ღირს მიწის კვადრატული მეტრი განაშენიანების გარეშე და რა ღირს ძველი სახლები. გაიხსენეთ მერიის რამდენიმე წლის წინანდელი ინიციატივა, თუ ამას ინიციატივა ჰქვია, რომ  მაცხოვრებლებმა თვითონ უნდა დააფინანსონ ძეგლის რეაბილიტაციის გარკვეული პროცენტი, გოკა გაბაშვილმაც აიტაცა ეს იდეა, რასაც ხმაური მოჰყვა.  გესმით, ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე რამხელა ფულზე იყო საუბარი და ეს იყო ზრუნვა ძველ თბილისზე?! მაშინ  ბულგარეთის და სხვა ყურით მოთრეული მაგალითები მოიტანეს და, მადლობა ღმერთს, ეს გეგმა შეწყდა. კულტურულ მემკვიდრეობას აქვს თავისი არამატერიალური ღირებულება და არ შეიძლება, ის ფულზე დავიყვანოთ. სპეციალისტებს რომ არავინ ეკითხებოდა, ასეთი ბაგრატი მივიღეთ შედეგად. შეადარეთ გელათი და ბაგრატი, ერთია სოფლის ხუხულა, თავისი მწვანე უბედურება სახურავით, მეორეა - ძეგლი. ასევეა თბილისშიც. სპეციალისტები გულისტკივილით ამბობენ, რომ თბილისი თვალსა და ხელს შუა იღუპება“, - აცხადებს თემურ ბიბილური.

მისი თქმით, პუშკინის ქუჩა ისე წარმოაჩინეს, თითქოს პირველად აღმოაჩინეს ძველი თბილისის გალავანი, არადა, ეს ყველაფერი აღმოჩენილი იყო 70-იან წლებში, როცა თბილისის ძველი უბანი გაიხსნა. უბრალოდ, მაშინ საჭიროდ არ ჩათვალეს ისედაც გადატვირთულ ქალაქში ამის ღიად დატოვება. ახლა კი პუშკინის სკვერის პირდაპირ ლითონოს ჩონჩხი, კონსტრუქცია დატოვეს, თითქოს თბილისი კი არა, სტალინგრადი იყოს და დაბომბვა მომხდარიყოს. იმელის შენობის მიმართ დამოკიდებულება კი არა მარტო სისხლის სამართლის, არამედ მორალური დანაშაულია, სადაც უდიდესი ხელოვანის თამარ აბაკელიას ბარელიეფი მოანგრიეს. 

თემურ ბიბილური აცხადებს, რომ ქართულ სინამდვილეში თალიბანი განხორციელდა, რადგან თალიბებმაც ბუდას ქანდაკებები ააფეთქეს. მეტიც, თბილისში არაერთ სახლს წაართვეს ძეგლის სტატუსი, უამრავი თბილისური ეზო მოსპეს და რამდენი სახლი მიიყვანეს ავარიულ მდგომარეობდე; ყოფილი ენგელსის, დღევანდელი ასათიანის ქუჩა, ჭონქაძის, სერგი მესხის ქუჩა, სადაც ასეთი დანაშაულები განხორციელდა. პირველი კლასიკური გიმნაზიის უკან კი შენობა-კენტავრი წამოჭიმეს, რომელიც შეურაცხყოფს მთელ მთაწმინდას, თორემ სხვა ადგილას ის იდეალური იქნებოდა.

„ყველაფერში ნუ დავადანაშაულებთ უგულავას და მავანთ, ჩვენ სად ვიყავით?! მახსენდება აკაკი ბაქრაძე, დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ საინგილოს შესახებ, სახელწოდებით „ზღვარი“, ძველ კინოსტუდიაში მიმდინარეობდა ამ ფილმის განხილვა. იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ფილმის დასრულებისას ხალხი გაშრა, ამ დროს კაკო ბაქრაძე ადგა და თქვა, ხალხო, ჩვენ ცვედანი ერი ვართო; ახლაც ასეა. ხმა არ ამოგვიღია, როცა თბილისის მერიამ ხელის მოთბობის მიზნით თბილისის სიმბოლო - ლაღიძის წყლები გააუქმა, და ახლა იქ ნაგავია, თბილისელებმა ეს ჩაყლაპეს. ამ დროს თბილისის ცენტრში, ოპერასთან თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ძეგლზე ვიღაცამ მანსარდის დაშენება გაბედა და სახლი დააზიანა, აბა, გაებედა ვინმეს და თბილისის შორეულ გარეუბანში ერთი მეტრი  დაემატებინა, ციმბირს იქით მოატოვებინებდნენ. თაბუკაშვილზე კი უკანონო დაშენება ხელის მოთბობის მიზნით დაუშვეს. ეს პროტესტის უნარი ჩვენ არ გვაქვს ან აღარ გვინდა, რომ თავი შევიწუხოთ“, - აცხადებს თემურ ბიბილური.    

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს ჩარევა  აუცილებელია, რადგან თავის დროზე ძეგლები მერიას გადასცეს და მოიშორეს, როგორც შარიანი საქმე. მისი  თქმით, ძეგლების მდგომარეობის გაკონტროლების პროცესი ახლა მაინც გამჭვირვალე უნდა იყოს. თუმცა რამდენად შეძლებს ამას კულტურის სამინისტრო, უცნობია.

„კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, წმინდა გიორგის მონუმენტს  რომ უწდებენ და სინამდვილეში, „ოქროს ჩაინიკი“ დგას, ეს არ მოხდებოდა. ეს არ არის არც პრეზიდენტის, არც პრემიერის საქმე, ეს სპეციალისტების საქმეა. სამწუხაროდ, შეიძლება კრიტიკა გამომდის, მაგრამ დღესაც მაინცდამაინც ბევრს არ ვენდობი, ბევრი კარგი სპეციალისტი არ მეგულება, ისე შემოიჭრა ჩვენში პროვინციალიზმი და წალეკა ყველაფერი. მაინც აჯობებს, ეს კულტურის სამინისტროში ფართო სპეციალისტების მსჯელობის საგანი გახდეს. ასეთ შემთხვევაში, სრულიად დაზღვეულნი თუ არა, მეტად მაინც ვიქნებით დაცულნი  იმ უხეში შეცდომებისგან, რაც ნაციონალების დროს ხდებოდა“,_აცხადებს გოგი ხოშტარია და განმარტავს, რომ მერიის დაქვემდებარებაში  ძეგლების ყოფნამ არ გაამართლა. მეტიც, ერეკლეს მოედანს, ძველ თბილისს „დედა უტირეს“, რადგან დახურულ ფორმატში წყვეტდნენ ამ საკითხებს.

არქიტექტორი კოკა ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს უშუალო მოვალეობაა ძეგლთა დაცვა. თბილისის ისტორიულ ნაწილში შესაძლოა, მთლიანობაში, 14 ათასი შენობა იყოს, აქედან კი დაახლოებით 1200 ან 1500 ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია და ბევრ ძეგლს მოუხსნეს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი. არქიტექტორის აზრით, აშკარაა, რომ იმელის, „ზარია ვოსტოკას“ და სხვა შენობებს იმიტომ მოუხსნეს ძეგლის სტატუსი, რომ ვიღაცის კომერციული ინტერესი იყო ჩადებული.

რაც შეეხება ძეგლებზე უკანონო დაშენებებს, კოკა ამირეჯიბის აზრით, ყველა ასეთი შემთხვევა ცალკე უნდა იყოს შესწავლილი და გაირკვას, თავის დროზე მოხდა თუ არა სათანადო კონსტრუქციული გაანგარიშება და, თუ სახლი ამის გამო ავარიულ მდგომარეობაშია, ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა აგოს.   

„ძეგლების დაცვა უნდა ხდებოდეს ძეგლთა დაცვის უწყებაში და მერიამ უნდა მართოს ქალაქი. მთელი ეს პროცესი გამოსაკვლევია, თუ რას აკეთებდა ამ ცხრა წლის განმავლობაში მერია და რა თანხები იხარჯებოდა, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება“, - აცხადებს კოკა ამირეჯიბი.

ჩვენ შევეცადეთ კულტურის მინისტრის მოადგილეს მარინე მიზანდარს დავკავშირებოდით, მაგრამ მის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თათბირობდა და ცოტა ხანში თვითონვე დაგვიკავშირდებოდნენ. მარინე მიზანდართან დაკავშირებით ეს პირველი შემთხვევა არ არის.  სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ნიკა ვაჩეიშვილთან და დავით ცხადაძესთან დაკავშირების პრობლემა არ გვქონია და არც მათი ნომრები იყო ჩვენთვის დაფარული.