რა დრო დასჭირდება საქართველოში იაფი მედიკამენტების შემოტანას და აფთიაქებში განთავსებას? პრემიერი ბიზნესს მობილურობისკენ მოუწოდებს და არც ფარმაცევტული კომპანიები არიან უარზე წამლები დაბალ ფასად შემოიტანონ, თუმცა როგორც ირკვევა, ეს 2-3 კვირის საქმე არ არის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა გაზაფხულიდან მომხმარებელმა შეღავათი უნდა იგრძნოს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმპორტიორებს დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა“, - ასე მიმართა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორებს, როდესაც მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში წამლის ფასს მალე გააიაფებს.
„დაპირებისამებრ ჩვენ თურქეთის ბაზარი გავხსენით. იმპორტიორებისგან ველოდებით ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების დროულად შემოტანას. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩართულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით მედიკამენტებს ძალიან მალე გააიაფებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში 17 იანვრიდან თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებული გახდა. პრემიერმა გასულ კვირას მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის თანახმად, ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.
დაიწყეს თუ არა საქართველოში მოქმედმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე მუშაობა, რა პერიოდი დასჭირდება თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს მედიკამენტები მოქალაქეებისთვის?
კომპანია „ავერსის“ მომარაგების დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის თქმით, მათ თურქ დისტრიბუტორებს, მედიკამენტების, როგორც პარალელური იმპორტის განსახორციელებლად რეგისტრირებულ შეფუთვაზე თურქული შეფუთვის დასამატებლად, ასევე აღიარებითი რეჟიმით დასარეგისტრირებლად რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუგზავნეს.
„ველოდებით დისტრიბუტორებიდან რეგისტრაციისათვის დოკუმენტებს. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გამოგზავნის მიხედვით ვიმსჯელებთ რეგისტრაციის და შემდგომი იმპორტის სავარაუდო დროზე. სავარაუდოდ 1-2 თვე დასჭირდება, რაც დამოკიდებულია მათ გამოგზავნილ სარეგისტრაციო დოკუმენტების სისწორეზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო სამსახური განიხილავს“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ რამდენიმე ასეული დასახელების მედიკამენტის ფასი ბევრად დაბალი იქნება, თუმცა რამდენით არ აკონკრეტებენ.
„მოხდება როგორც თურქეთში წარმოებული პრეპარატების შემოტანა, ასევე თურქეთში იმპორტირებულის, ასევე, პრეპარატების, რომლებიც თურქეთში ევროპელი მწარმოებლების დაკვეთით იწარმოება“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ გაჩეჩილაძემ.
„პე-ეს-პეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ხაბეიშვილის აზრით, ეს პროცესი მარტივი არ არის და მომხმარებელი წამლებზე ფასის სწრაფ კლებას არ უნდა ელოდოს.
„ჩვენ ამ საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მედიკამენტების ის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ამ მიმართულებით მოიაზრება. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და რამდენიმე დიდ ეტაპს მოიცავს. ამდენად, დღეს საუბარი რამე კონკრეტულზე, ცოტათი არარეალურია.
ერთადერთი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ და შემდეგ უკვე გამოიკვეთება, რომელ მწარმოებელთან რა მედიკამენტზე, რა პირობით უნდა ვისაუბროთ, თუმცა ეს შეთანხმება უკვე მიღწეულიც რომ იყოს, შემდეგ მას დასჭირდება გარკვეული პროცესი, რომელიც მოიცავს საკმაო დროს და ვადებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში აქამდე არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა.